LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 კულტურული მოვლენა, რომელმაც წლის განმავლობაში საზოგადოების სხვადასხვა წრეების ყურადღება მიიქცია

267
კულტურული კოლაჟი

2021 წელი კულტურული მოვლენებით დახუნძლული ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პანდემია უკანასკნელი 2 წელიწადია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ალბათ გასაკვირი არაა, რომ ამ სფეროსთვის განსაკუთრებული ყურადღება არავის დაუთმია. სიახლეები გვქონდა თავად უწყების რეორგანიზების კუთხით – განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კულტურის სამინისტროს გამოეყო და მიმდინარე წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შეიქმნა. შეიცვალა თავად უწყების მინისტრიც – ახალ სამინისტროს ამა წლის მარტიდან იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. რა თქმა უნდა, კულტურა ამოუწურავი მიმართულებაა, თუმცა ამჯერად გთავაზობთ 5 მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენას, რომელმაც წლის განმავლობაში საზოგადოების სხვადასხვა წრეების ყურადღება მიიქცია. 

 

 

დავით მეოთხე აღმაშენებლის პერიოდის ისტორიული მონეტა

 

ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენის შეფასებისას არ შეიძლება არ აღინიშნოს, დავით მეოთხე აღმაშენებლის პერიოდის ისტორიული მონეტა, რომელიც წლის მიწურულს აღმოაჩინეს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, ისტორიული არტეფაქტი – საქართველოს მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის პერიოდის მონეტა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოიღეს.

მონეტის ავთენტურობის დასადგენად ჩატარდა საექსპერტო კვლევა, რომელშიც ჩართულები იყვნენ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტები და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერები.

ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად დადგინდა, რომ სპილენძისგან დამზადებული მონეტა მოჭრილია დავით მეოთხე აღმაშენებლის მიერ და არის ორიგინალი. 

 

 

მონეტა არის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ღირებულების და მიეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მონეტის საბაზრო ღირებულება – შეუფასებელია. დღემდე,  მსოფლიო ისტორია იცნობდა საქართველოს მეფე დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილ  ერთადერთ უნიკალურ მონეტას, რომელიც დიდი ბრიტანეთის მუზეუმში, კერძოდ ლონდონშია დაცული.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება და მონეტა წარმოადგენს ნივთმტკიცებას, როგორც განსაკუთრებული ისტორიული ფასეულობის კულტურული მემკვიდრეობა, სათანადო პირობებში შესანახად და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, არტეფაქტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა, რათა მსოფლიოს მიეცეს შესაძლებლობა იხილოს საქართველოში პირველად აღმოჩენილი მე-12 საუკუნის საქართველოს ისტორიის ამსახველი არტეფაქტი.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, ასევე ამოღებულია, ისტორიული, კულტურული და მეცნიერული ღირებულების მქონე სხვადასხვა არტეფაქტი, რომელთა საბაზრო ღირებულების  დადგენა შეუძლებელია.

 

ამოღებულ არტეფაქტებს შორის არის – 12  ერთეული ბეჭედი, ბრინჯაოს გულსაკიდი ზანზალაკი, 6 ერთეული ორიგინალი ღილი, სხვადასხვა პერიოდის მონეტა, აღნიშნული მონეტებიდან 3 ნივთი წარმოადგენს საბჭოთა პერიოდს (XX ს), 3 მონეტა თარიღდება XIII  საუკუნით. ასევე აღსანიშნავია XIII საუკუნით დათარიღებული მონეტები, კერძოდ მონღოლური წარმოშობის ვერცხლის მონეტა, ზედწერილით – „დიდი მონღოლი ულუს ბეგი“,  ასევე სპილენძის მონეტა რუმის სელჩუკი, რომლის ერთ მხარეს შემორჩენილია არაბული ზედწერილის ფრაგმენტი.

აღნიშნული არტეფაქტები, ასევე,  გადაეცემა ეროვნულ მუზეუმს.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულზე შეფასება ჰერალდიკის საბჭომაც გააკეთა. მათი შეფასებით, ახლად აღმოჩენილ სპილენძის მონეტას, რომელიც  საქართველოს მეფის დავით აღმაშენებლის დროსაა მოჭრილი, საქართველოს სახელმწიფო დროშის ისტორიისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

კერძოდ, საქართველოს დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია ამ დრომდე დაფიქსირებული იყო მხოლოდ ევროპულ საზღვაო რუკებზე (XIV-XVI სს.), თბილისისა და სევასტოპოლის (დღევანდელი სოხუმის) ადგილას, ხოლო ნუმიზმატიკურად მოგვეპოვებოდა თამარ-დავითის მონეტაზე (XIII ს.).

 

 

 

 

„აღმოჩენამ შესაძლებელი გახადა საქართველოს სახელმწიფო დროშის უტყუარად დაკავშირება მეფე დავით აღმაშენებელთან (XII ს.), რადგან მონეტის უკანა პირზე (რევერსზე) დატანილია დაქარაგმებული ხუთჯვრიანი კომპოზიცია. ასეთი კომპოზიცია არ გააჩნია მსოფლიოსთვის დღემდე ცნობილ დავით აღმაშენებლის ორიდან არცერთ მონეტას, რომელიც დაცულია საქართველოს სახელმწიფო და ბრიტანეთის მუზეუმებში,“ – განაცხადეს ჰერალდიკის საბჭოში.

ჰერალდიკის საბჭოს შეფასებით, ახლად აღმოჩენილი ისტორიული არტეფაქტი კულტურული მემკვიდრეობის ფასდაუდებელი ძეგლია და უდიდესი მნიშვნელობისაა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოს – საქართველოს სახელმწიფო დროშის ისტორიული დასაბუთებისათვის.

 

 

აღმოჩენა საოკუპაციო ხაზთან – ნიქოზის სამარხები

 

წელს ასევე ძალზედ ნაყოფიერი გამოდგა სოფელ ქვემო ნიქოზში ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები, რომელიც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს“ ფარგლებში ჩატარდა.

ქვემო ნიქოზის მკვიდრის, ბადრი დევიძის საკარმიდამო ნაკვეთში აღმოჩენილია ბრინჯაოს ბრტყელი ცული, ბრინჯაოს და რკინის წინდები და ლითონსადნობი ქურის ნიშნები. ასევე, გამოვლინდა პრეისტორიული პერიოდის ნიმუშები, კერძოდ მტკვარ-არაქსის მასალები (დაახლოებით ჩვ. წ. აღ-მდე მესამე ათასწლეულის) და რაც ყველაზე საყურადღებოა, აღმოჩნდა სამარხი მიცვალებულის ნაშთებით.

არქეოლოგიურ კვლევა-ძიებაში ჩართული იყვნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, არქეოლოგი გოგი მინდიაშვილი, ასევე დოქტორანტი ირაკლი სოზიაშვილი და ისტორიკოსი სოსო ალიმბარაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„მოცემული ტერიტორია აღსანიშნავია იმითაც, რომ იგი ერთადერთი ძეგლია, რომელიც საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარედ საქართველოს კონტროლირებად მხარეს მდებარეობს, რადგან გასულ საუკუნეებში წარმოებული კვლევა-ძიების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები მოქცეულია მავთულხლართს მიღმა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კულტურის სამინისტროს ცნობით, აღმოჩენილი ნივთები შემდგომი მოკვლევის, შესწავლისა და საჭიროების შემთხვევაში, რესტავრაციის მიზნით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრში იქნება გადატანილი.

 

ბაგრატის ტაძარი

 

2021 წლის კულტურულ მოვლენებზე საუბრისას, ხაზი უნდა გავუსვათ ბაგრატის ტაძარსაც, რომლის ირგვლივაც კვლავ დიდი უთანხმოება თუ დავა იყო. გასულები წლების მსგავსად, დავის საგანი ისევ ტაძრის რესტავრაციის საკითხი იყო – მიუხედავად ამ თემის ირგვლივ შექმნილი ხაგრძლივი ვნებათაღელვისა, წელს ეს საკითხი ახალი მინისტრის პირობებშიც აქტუალური იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია 2009 წელს დაიწყო და  2012 წელს დასრულდა.

ძეგლზე ჩატარებული არასწორი, სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო კი, 2017 წელს ტაძარი იუნესკომ (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღო. ეს გადაწყვეტილება იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიაზე მიიღეს, რომელიც კრაკოვში გაიმართა.

„არც ერთ ძეგლზე არ ვაპირებთ მომავალში ხარვეზიანი პროექტებით მუშაობას და ძეგლებისთვის საფრთხის შექმნას“, – ეს განცხადება რამდენიმე დღის წინ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა და თქვა, რომ ამ თემის ირგვლივ პოლიტიკურ სპეკულაციებს აქვს ადგილი.

 

 

თეა წულუკიანის თქმით, ტაძარში პრობლემებს რამდენიმე ფაქტორი ქმნის, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ჩატარებულ სამუშაოებს უკავშირდება. „მე ივლისში გახლდით ბაგრატის მოსანახულებლად და მართლაც ვნახე, რომ ის ე.წ. ლიფტი, რომელიც მიშენდა ბაგრატის ტაძრის ე.წ. რესტავრაციისას წინა ხელისუფლების დროს, არ არის ისეთი კონსტრუქცია, რომელიც გამორიცხავდა წყლის ჩასვლასა და კედლებზე ჟონვას.

„ეს პრობლემა ამ ძეგლს, სწორედ სწრაფი და ამგვარი გაუაზრებელი ვითომ რესტავრაციის შედეგად, დღესაც აქვს და როგორც ამბობენ, ყოველ წელს სწრაფად გაკეთებული რესტავრაცია სხვადასხვა პრობლემას აჩენს. ასევე, არის გუმბათის გარშემო წყლის ჩადინების პრობლემა სწორედ სწრაფი რესტავრაციისა თუ რეაბილიტაციის დროს დაშვებული ხარვეზების შედეგად.

არის მესამე პრობლემაც, რომელიც მე თავად ვნახე ივლისში – სააკაშვილის დროს როდესაც ბაგრატი გადაიხურა სპილენძის თუნუქით, როგორც ჩანს, ეს თუნუქი მაშინდელი პრეზიდენტისთვის მოსაწონ ფერად რომ ყოფილიყო შეფერილი, მისი ჟანგვის პროცესი იქნა ხელოვნურად დაჩქარებული, იმდენად, რომ დღეს წვიმის წყალთან ერთად, ეს ქიმიური ნივთიერება ჟონავს, იღვრება გარე ფასადის ქვაზე და რა თქმა უნდა, ქვა საჭიროებს გაწმენდას.

ეს პრობლემები სავალალო ნამდვილად არ არის, მაგრამ პრობლემებია იმ სავალალო და გაუაზრებელი ე.წ. რესტავრაციის შედეგად, რომელმაც გამოიწვია თავის დროზე, ყველას კარგად გვახსოვს, ბაგრატის იუნესკო-ს ნუსხიდან ამოღება. სწორედ ის ხალხი, რომლებიც არაფერს ამბობდნენ სააკაშვილის დროს ბაგრატის ტაძრის სწრაფად რესტავრაციაზე და ბაგრატის ტაძრის იუნესკო-ს მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღებაზე, დღეს საუბრობს ამ ცუდი რესტავრაციის შედეგებზე, რაც, რა თქმა უნდა, აღმოსაფხვრელია, მაგრამ პოლიტიკური სპეკულაციის საფუძველი ნამდვილად არ არის“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ ტაძრის პროექტირებაზე ახალი ტენდერი გამოცხადდება.

 

ხელოვნების მუზეუმი

 

კიდევ ერთი თემა, რამაც სამოქალაქო სექტორსა და ხელოვნების დარგის წარმომადგენლებში დიდი შფოთვა გამოიწვია, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი იყო, რომლის გამაგრებისა და რესტავრაციის პროექტზე ბევრი კითხვა გაჩნდა. ამასთან, დადგა მუზეუმიდან ექსპონატების შესაძლო გატანის საკითხი, რაც ასევე პროტესტის მიზეზი გახდა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა რამდენიმე აქცია/პერფომანსიც გამართეს, სადაც აცხადებდნენ, რომ „ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა – შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი და მასში დაცული კოლექცია, ქართული კულტურის საგანძურია და მისი ფუნქციის შეცვლა დაუშვებელია.“ ამასთან, ითხოვდნენ, გასაჯაროებულიყო სამუზეუმო ფონდებისა და ექსპონატების ევაკუაციის დეტალური გეგმა, პასუხისმგებელი პირების მითითებით, ექსპონატების დროებითი განთავსების ზუსტი ადგილი და პროცესს ჩამოშორებოდნენ არასათანადო კვალიფიკაციის საჯარო მოხელეები.

როგორც ხელონებათმცოდნეთა ნაწილი აცხადებდა, მნიშვნელოვანია კულტურის სამინისტრომ უზრუნველყოს ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში საზოგადოების ჩართულობა და პროცესის სრული გამჭვირვალობა. თავად კულტურის სამინისტრომ კი, თბილისში პუშკინის ქუჩაზე მდებარე ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის „მზიდი კონსტრუქციების გამოკვლევა“ გამოაქვეყნა, სადაც ყურადღება შენობის ნაწილის გამაგრების „არარენტაბელურობაზეც“ გამახვილდა.

ამ კვლევის შემდეგ, დარგის სპეციალისტებმა ისიც თქვეს, რომ უწყების მიერ ამ დოკუმენტის გამოქვეყნება, შესაძლოა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დემონტაჟისთვის ნიადაგის შემზადების მცდელობა იყოს. თავად კულტურის სამინისტრო სიცრუეს უწოდებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უწყებას შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის დანგრევა სურდა. მინისტრმა, თეა წულუკიანმა კი, შენობის მძიმე მდგომარეობაზე შეფასებისას, კვლავ წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობა ახსენა და შესაბამისად, პრობლემაც მათ დაუკავშირა.

 

 

 

 

„სამინისტრო მუზეუმს კი არ ანგრევს, მუზეუმი ინგრევა სიცრუის ავტორების უმოქმედობისა და მათ მიერ პუშკინის ქუჩის მხრიდან ესტაკადის ისე მოწყობის შედეგად, რომ მუზეუმის შენობის ერთი ნაწილი გადაიქცა. ასევე, მუზეუმის შენობა, სამწუხაროდ, ვეღარ აკმაყოფილებს ელემენტარულ სეისმური მედეგობის სტანდარტებს“, – განაცხადეს კულტურის სამინისტროში.

თავად თეა წულუკიანმა კი პირობა დადო, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი აღდგენილი იქნება და ყველა გატანილი ყველა გატანილი ექსპონატი მუზეუმს უკან უნდა დაუბრუნდეს. წულუკიანმა ამ თემაზე  ვრცლად ისაუბარა, პარლამენტში, სადაც სამუზეუმო რეფორმაზე და ფონდებისა და ექსპონატების მდგომარეობაზე ყურადღება გაამახვილა.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ამოუწურავი თემაა, მე ღიად ვაცხადებ, რომ როგორც საბჭოთა კავშირმა არ გაამართლა, ასევე არ გაამართლა ეროვნული მუზეუმის მიერ ყველა სხვა მუზეუმის შესრუტვის პოლიტიკამ, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. ჩვენ მუზეუმებს უნდა მივანიჭოთ იმ ხარისხის ავტონომია, როგორიც არის მაგალითად, სპორტის მუზეუმი, როგორიც არის ყველაზე დიდი, ანუ მნიშვნელოვანი მუზეუმი საქართველოში – შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და სხვა მუზეუმები. უნდა მივანიჭოთ ის ავტონომია და თუ საჭიროა, დამოუკიდებლობაც, რომელსაც ეს მუზეუმები განვითარებისთვის საჭიროებენ,“ – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა მაშინ აღნიშნა, რომ ფოტომასალაც აქვს პარლამენტში წამოღებული იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ იმართებოდა ბოლო 15 წლის მანძილზე ერთი და იმავე ხელმძღვანელების მიერ ეროვნული მუზეუმის გაერთიანება, რომელიც რეალურად ზოგ შემთხვევაში არის უბრალოდ ლამაზი ფასადი.

„ამას არც ევროპულ სტანდარტთან არ აქვს არავითარი კავშირი და არც სხვა რაიმე ტიპის სამუზეუმო სტანდარტთან. ჩვენ დღე-დღეზე ველოდებით სახელმწიფო აუდიტის დასკვნას. აუდიტის შემოწმება ეროვნულ მუზეუმში რამდენიმე ხნის წინ დასრულდა და, რა თქმა უნდა, ვიხელმძღვანელებთ იმ რეკომენდაციებით, რომლებიც იქნება მოცემული იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ეროვნული მუზეუმის მმართველობა და დავნერგოთ კარგი მმართველობის თანამედროვე პრინციპები,“ – განაცხადა მინისტრმა.

სიტყვით გამოსვლისას, თეა წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა ფონდების და ექსპონატების მდგომარეობაზე.

„ფონდები მოსაწესრიგებელია და ამჟამად ხელოვნების მუზეუმში მიმდინარეობს ინვენტარიზაცია. მაგალითისთვის, ჩვენ უკვე ვიცით, რომ 2012 წლამდე საელჩოებისათვის გადაცემული 117 ექსპონატიდან (ძირითადად, ძვირადღირებული ფერწერული ტილოები), 53 სავარაუდოდ დაკარგულია. შესაბამისად, როგორც კი ინვენტარიზაციის პროცესი დასრულდება,  გამოძიება იქნება დასაწყები,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სავარაუდოდ იქნება სხვა დანაკლისებიც, რის შესახებაც გარკვეული ინფორმაციები არსებობს, ხოლო ინვენტარიზაციის საბოლოო შედეგები მომავალი წლის გაზაფხულზე დაიდება.

წულუკიანი ხელოვნების მუზეუმზე: მე რომ რუპორით ვყვიროდი ცუდ დღეშია-თქო, მაშინ ისხდნენ კაბინეტებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ჭამდნენ ბატიბუტს

„ლიტერას“ გაუქმება და ახალი პრემია „წლის საუკეთესო“

 

2021 წელს მშვიდად არც ლიტერატურულ წრეებში ჩაუვლია. წელს მინისტრი წულუკიანი კრიტიკის ობიექტი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გაუქმების გამოც გახდა, რომლის სანაცვლოდაც კულტურის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია – „წლის საუკეთესო“ დააფუძნა.  მნიშვნელოვანია ითქვას, რომ პრემია  „ლიტერა“ 2015 წელს  მწერალთა სახლის ინიცირებითა და კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა და 6 ნომინაციაში გაიცემოდა.

კონკურსის მონაწილეებმა პროტესტის მიზეზად კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება დაასახელეს და აღნიშნეს, რომ „წელს პირველად ჟიურის ერთ-ერთი წევრი სამინისტრომ დანიშნა“ და ამის გამო ბოიკოტი სწორედ მინისტრ თეა წულუკიანს გამოუცხადეს.

საქართველოს პენცენტრმა კი, რომელიც 70-ზე მეტ ქართველ მწერალს აერთიანებს, პრემია „ლიტერასთან“ დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ 2021 წელს პრემია პირველად დადგა ცენზურისა და გამჭვირვალების შეზღუდვის საფრთხის წინაშე, რის გამოც, პროტესტის ნიშნად მწერლებმა თავიანთი წიგნები კონკურსიდან ჩახსნეს.

„წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის N00007864 (03.06.2021) ბრძანებით, შეიცვალა ჟიურის დაკომპლექტების წესი: სამინისტროს მიერ დაფინანსებული ნებისმიერი კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ერთი წევრი სამინისტროს წარმომადგენელი უნდა იყოს. შესაბამისად, „ლიტერას“ ჟიურიში, რომლის ხუთივე წევრსაც აქამდე მწერალთა სახლი ირჩევდა და სამინისტროს წარუდგენდა შესათანხმებლად, წელს პირველად ერთი წევრი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეარჩია.

მწერალთა სახლი ბრძანების გაცნობისთანავე ეცადა სამინისტროსთან დიალოგსა და კომუნიკაციას განხორციელებული ცვლილების გადახედვის თაობაზე, რასაც სამინისტროს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მწერალთა სახლმა, პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ჟიურის შემადგენლობა გაასაჯაროვა.

ჟიურის დაკომპლექტების წესის ცვლილებას ლიტერატორთა პროტესტი მოჰყვა. საზოგადოებამ სამინისტროს გადაწყვეტილება შემოქმედებით საქმიანობაში ჩარევად შეაფასა. შესაბამისად, მწერლებისა და გამომცემლების დიდმა ნაწილმა უარი თქვა კონკურსში მონაწილეობაზე და უკან გაითხოვა საკონკურსოდ წარმოდგენილი განაცხადები. მუშაობაზე უარი თქვა მწერალთა სახლის მიერ შერჩეულმა ჟიურის ოთხმა წევრმაც. საკონკურსოდ წარმოდგენილი 110 წიგნიდან, გამომცემლობებისა და ავტორების პირადი განცხადებების საფუძველზე, კონკურსიდან დღეისთვის მოხსნილია 92 წიგნი“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ბრიფინგზე კი, სადაც მინისტრმა ახალი პრემიის დაფუძნების შესახებ ისაუბრა, აღინიშნა, რომ კონკურსის მიზანია ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა; ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა; ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება; ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა.

კონკურს „ლიტერასთან“ დაკავშირებით კი მინისტრმა პარლამენტში თქვა, რომ აპირებდა სასამართლო დავის წამოწყებას, თუმცა საკანონმდებლო დონეზე შესაბამისი აქტების არარსებობის გამო, ეს ვერ შეძლო. წულუკიანმა განაცხადა, რომ „ლიტერა“ „კეზერაშვილის პრემია“ გახდა და სამინისტრო მას არ დაიბრუნებს.

„ჩვენ გვქონდა ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. მე ღიად გეუბნებით, რომ ამ პრემიას, რომელიც გახდა „კეზერაშვილის პრემია“, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს. ჩვენ დავაფუძნებთ ახალ ლიტერატურულ პრემიას. მე ვაპირებდი სასამართლო დავის წამოწყებას, თუმცა ეს ვერ გავაკეთეთ, რადგან აღმოჩნდა, რომ, როდესაც ეს კონკურსი და პრემია დაფუძნდა – „ლიტერა“, სახელმწიფო დონეზე არ იყო გამოცემული არცერთი საკანონმდებლო აქტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს იყო ნამდვილად სახელმწიფო კონკურსი და პრემია. შესაბამისად, როდესაც ეს კონკურსი და პრემია მიითვისა კერძო სტრუქტურამ, ჩვენ ვერ შევძელით სასამართლო დავის წამოწყება, ამიტომაც, ჩემი გადაწყვეტილებით, „კეზერაშვილის პრემია“ დარჩება კეზერაშვილს“, – განაცხადა წულუკიანმა.

ფოტო: დადიანების სასახლეში საშობაო მეჯლისის ტრადიცია აღდგა

 

 

პოპულალურები