LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: დადიანების სასახლეში საშობაო მეჯლისის ტრადიცია აღდგა

5443
page
კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, დადიანების სასახლეში საშობაო მეჯლისის ტრადიცია აღდგა.
ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, თითქმის საუკუნოვანი წყვეტის შემდეგ, საშობაო მეჯლისის ტრადიცია გაცოცხლდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში გრანდიოზული მეჯლისი იმართება, რომელშიც მოცეკვავეთა 200-მდე წყვილი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მონაწილეობენ.
მეჯლისის აღდგენის საზეიმო ღონისძიებაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა შვილთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
ცნობილია, რომ დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძის და მისი მემკვიდრეების ინიციატივით, ევროპის დიდი სასახლეების მსგავსად, ზუგდიდშიც მთავრისეულ რეზიდენციაში ტრადიციული საშობაო მეჯლისი ტარდებოდა. ეს მოვლენა იმდროინდელი საქართველოს ულამაზეს სანახაობას წარმოადგენდა. დღესასწაულზე დედოფლისა და მისი შვილების თანხლებით მოსახლეობა ბენგალური ცეცხლისა და ფოიერვერკების შოუსაც ესწრებოდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ტრადიცია მოიშალა. მძიმე მდგომარეობაში იყო უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეც. 2019 წელს ფონდმა “ქართუ” ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა, რის შედეგადაც სასახლეში სრულად აღდგა სამეჯლისო დარბაზი და თითქმის საუკუნოვანი პაუზის შემდეგ უნიკალური დარბაზი მოცეკვავეებს პირველად მასპინძლობს. ასევე, პირველად, რეზიდენციის ეზოში ორასამდე წყვილი იცეკვებს, გაიჟღერებს ვალსის მეფედ წოდებული იოჰან შტრაუსის მიერ ნიკო დადიანისადმი მიძღვნილი ნაწარმოებიც.

ღონისძიების სცენარი საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმმა საარქივო მასალებზე დაყრდნობით მოამზადა. მეჯლისის სატელევიზიო გადაღებას ხელმძღვანელობს პროდიუსერი ნოე სულაბერიძე თავისი გუნდით, ხოლო ორგანიზებას უწევს ანი პირველი. მეჯლისი ტელეკომპანია „იმედი“-ს ეთერში შობის ღამეს გავა. გადაღებების შემდეგ კი საახალწლო განათება და დეკორაციები რეზიდენციაში და მის ტერიტორიაზე საახალწლო ზეიმის დასრულებამდე დარჩება, რათა 29 დეკემბრიდან ნებისმიერ მსურველს მიეცეს საშუალება მოინახულოს საშობაოდ მორთული დადიანების სასახლის ეზო და უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლე სამეჯლისო დარბაზის ჩათვლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g