LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი სახალხო მოძრაობა იქმნება, რომლის სათავეში ხალხი იქნება და წარდგენა 24 ივნისს მოხდება – მორიგი ინიციატივა აქციის ორგანიზატორებისგან

199
მოძრაობა

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე – “შინ ევროპისკენ” ახალი სახალხო მოძრაობის შექმნა დაანონსდა. ახალი მოძრაობის წარდგენა 24 ივნისს, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოხდება. მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, ახალი მოძრაობის სათავეში ხალხი იქნება.

„აქ შეკრებილი მოქალაქეები ვაცნობიერებთ, რა, რომ მტრის წინააღმდეგ ძალა ერთობაშია. ვერთიანდებით ევროპული მომავლის იდეით და ვიწყებთ ახალ სახალხო მოძრაობას, რომელიც დააბრუნებს ჩვენს სამშობლოს შინ ევროპაში. თითოეული მოქალაქე, ვინც არ უნდა იყოს ის, ხელოვანი, მეცნიერი, ჯარისკაცი, პედაგოგი, პოლიციელი, ინჟინერი, საჯარო მოხელე, ყველა ვისთვისაც მნიშვნელოვანია თაობათა მიერ დამოუკიდებლობისთვის გაღებული მსხვერპლი, გავერთიანდით ეროვნული მიზნით – საქართველო ევროკავშირში!

2022 წლის 24 ივნისს ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გვამცნობს და ჩვენ ისევ აქ შევიკრიბებით. ეს შეხვედრა იქნება არა მხოლოდ იმისთვის, რომ ევროპული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი სიყვარული, არამედ იმისთვის, რომ ოლიგარქიული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი რისხვა. ამიტომ, 24 ივნისს თქვენს წინაშე წარდგება ახალი მოძრაობა, რომლის სათავეში იქნებით თქვენ, ხალხი. ჩვენი მოწოდებაა, შევქმნათ სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო თანაბარი, ერთხმიანი პარიტეტით, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ხმათა უმრავლესობით, რომელიც ყველას გაგვაერთიანებს, სამოქალაქო მოძრაობებსა და ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე ახალი სამოქალაქო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე. ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმორჩილებლობას, ფეხზე დადგება საქართველოს ყველა რეგიონი და ქალაქი, რათა არაძალადობრივი წინააღმდეგობის ტალღამ წალეკოს ყველა, ვინც შინ ევროპისკენ მიმავალ გზაზე გადაგვეღობა“, – განაცხადა დიღმელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები