LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალიევის მთავარი გზავნილები: „ვგეგმავთ ელექტროენერგიის მსოფლიო ბაზარზე გატანას, მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოზე“

109
BeFunky-collage (5)

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და დაგეგმილ პროექტებზე ვრცლად ისაუბრა.

პრემიერი ილჰამ ალიევს შეხვდა – რაზე ისაუბრეს

ღარიბაშვილი: ყველა ვთანხმდებით, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, მოლაპარაკების გზით უნდა დარეგულირდეს

როგორც ილჰამ ალიევმა განაცხადა, აზერბაიჯანი აპირებს, ელექტროენერგია ექსპორტზე საერთაშორისო ბაზრებზე გაიტანოს და ეს მარშრუტი, მისი თქმით, აუცილებლად გაივლის საქართველოს:

„ახალი პროექტები ასევე ითვალისწინებს ელექტროენერგიის მიმართულებით პროექტების განხორციელებას და ინიციატივებს. აზერბაიჯანი აპირებს, ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს.

განახლებადი ენერგიის კუთხით, ჩვენი შესაძლებლობები 10 გეგავატია და კასპიის ზღვის გავლით გვაქვს საშუალება, 157 გეგავატი გავიტანოთ ექსპორტზე. ეს არის საერთაშორისო დათვლებით და პროგნოზებით დადგენილი მაჩვენებელი.

მიგვაჩნია, რომ იქნება ახალი სამიზნე ორიენტირი, რათა ელექტროენერგია გავიტანოთ ექსპორტზე და როგორც სხვა მიმართულებებით, მიგვაჩნია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ამ მიმართულებითაც წარმატებით ითანამშრომლებენ და, საერთო ჯამში, ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი, კეთილდღეობა და  ენერგოდერეფნების პოტენციალი გაიზრდება“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება. მისივე თქმით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი ექსპორტს კიდევ უფრო გაზრდის:

„გვიხარია, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება და ბოლო ცხრა თვის განმავლობაში გადავცდით ერთი მილიარდი დოლარის ბრუნვას.

აზერბაიჯანს ინვესტირებული აქვს საქართველოში მნიშვნელოვანი თანხები და ინვესტიციები ავითარებს თანამშრომლობას. სამი მილიარდი დოლარი აქვს ინვესტირებული აზერბაიჯანს საქართველოში და მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ორმხრივი სარგებლის მომტანი ინვესტიციები…

ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, როგორც პრემიერმა ბრძანა, გავცვალეთ მოსაზრებები იმ პროექტებზე, რომლებიც განხორციელებული გვაქვს. საოპერაციო კუთხით ეს პროექტები ძალიან წარმატებულია და მოუთმენლად ველოდებით ახალი პროექტების დაწყებას, რათა საერთაშორისო ბაზრებზე ბუნებრივი აირის გაიზარდოს.

ჩვენ ვაპირებთ 22 მილიონი კუბური მეტრის ექსპორტს და უფრო გავზარდოთ მომდევნო წლებში. წელს ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანსა და ევროპას შორის და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი აპირებს, გააორმაგოს ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპის მიმართულებით.

ჩვენ გვაქვს საშუალება და ვაპირებთ, 2027 წლისთვის ევროპაში ექსპორტზე გავიტანოთ თითქმის 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. ბუნებრივია, ეს განვიხილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. იქნება ახალი საკითხები განსახილველი. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს, ამ მილსადენით გაიზრდება ექსპორტი და კიდევ უფრო დაიტვირთება. გვინდა, გამოვიყენოთ ბაქო-სუფსას ტერმინალიც, ვიცი, რომ არ არის ახლა ქმედითი, მაგრამ გვინდა, დავტვირთოთ ეს არხიც“, – თქვა ალიევმა.

მისივე განცხადებით, ყველა ქვეყნის ინტერესშია, ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება გაიზარდოს და საქართველოს პორტები გამოიყენონ, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს:

„რკინიგზის ტრანსპორტი – ბაქო-თბილისი-ყარსი, შეიძლება, გამოყენებული იქნეს იმისათვის, რომ ხუთი მილიონი ტონით დაიტვირთოს. ამ მიმართულებით  მომდევნო წელს უფრო მეტ კაპიტალ-დაბანდებას მოვახდენთ ამ დერეფანში და უფრო მეტი ფინანსური რესურსი გამოიყოფა. ჩვენ ვაპირებთ ამ მარშრუტის გამოყენებას იმისთვის, რომ კასპიის საშუალებით, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით, ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ასევე, დავამუშაოთ ახალი მარშრუტები.

იცით, რომ ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი ყარსის მიმართულება, მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება იმისთვის, რომ ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს და პირიქით.

მიგვაჩნია, რომ ამ პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობა გვაქვს. ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. უნდა ვთქვა, რომ ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო-საზღვაო პორტი და მისი პოტენციალი გაიზრდება და უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდება. ამ კუთხით, სატრანსპორტო მიმართულებით მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, რადგან ეს უნდა იყოს შეხმატკბილებული, ერთობლივი ძალისხმევა.

სატრანსპორტო შესაძლებლობის განვითარებისთვის მეზობლებთან უნდა განვავითაროთ ურთიერთობა, რადგან სხვა შემთხვევაში ვერ ვიქნებით სანდო სატრანზიტო ქვეყანა.

საქართველოს სახით ჩვენ გვყავს მეგობარი მეზობელი და პარტნიორი ქვეყანა. საერთო ჯამში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მზარდია მოთხოვნა ენერგომატარებლებზე, საქართველო და აზერბაიჯანი წარმოდგენილი არიან ერთ ფრონტზე და ერთად ვიმუშავებთ, რათა ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი მოძმე ერის ინტერესები ისეთ ურთიერთობებზე იყოს აწყობილი, ქმნიდეს ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს, რომ მსოფლიოსაც მოუტანოს სარგებელი. ჩვენი მეგობრობა არის ამის საფუძველი, ჩვენი ერების, ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ქვეყნების ლიდერების ხელშეწყობით. მე ვხედავ ამ შესაძლებლობას და მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ მშვენიერ ადგილას ჩემი მოწვევისთვის. მინდა, მეგობარ და მოძმე ერს სამუდამო კეთილდღეობა ვუსურვო“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

სიტყვით მიმართვის დროს ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის კონსულტაციებზეც გაამახვილა ყურადღება:

„ყარაბაღის ომის შემდეგ ახალი მდგომარეობა ჩამოყალიბდა. მე ვაცნობე საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება საჭიროებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის შეთანხმების ხელმოწერას.

ჩვენ ხუთი ძირითადი პრინციპი უკვე გავუზიარეთ სომხეთს და იმედი გვაქვს, სომხეთი პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, დაიწყებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ხელს მოაწერს სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანთან. ასე თუ მოხდება, მაშინ სამხრეთ კავკასიაში დაისადგურებს მშვიდობა და ახალი შესაძლებლობები იარსებებს თანამშრომლობისთვის.

დღეს გვაქვს ასევე საშუალება, რომ კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიაჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის, თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვიქნებით, ეს ფორმატი დღესვე დავიწყოთ“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოში სამუშაო ვიზიტი დღეს დაიწყო. 

ილჰამ ალიევის დახვედრის ცერემონია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. მოგვიანებით კი ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს „შატო მუხრანში“ შეხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g