LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამას აკეთებს ყველა გურული: ხელმომჭირნეც და შეძლებულიც“ – ცნობილი გურული ნაზი ბებო ნამდვილი საშობაო ღვეზელის რეცეპტს გვიზიარებს 

1234
ნაზი ბებო

ძველით ახალი წელი და შობა გურულებისთვის რომ განსაკუთრებული დღესასწაულია, ეს საზოგადოებას კარგად მოეხსენება, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს კალანდას თითოეული გურულისთვის, როგორ ემზადებიან ამ თარიღის აღსანიშნავად და რაც მთავარია: როგორ უნდა მოვამზადოთ ნამდვილი და თანაც შობის ტრადიციისთვის აუცილებელი გემრიელი გურული ღვეზელი, ამაზე თავად ჩვენი გურული რესპონდენტი – ნაზი ბებო გვესაუბრა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 74 წლის ნაზი ჯაველიძე გურიის, კერძოდ კი, ოზურგეთის რაიონის, სოფელ დვაბზუს მკვიდრია და გარდა საოჯახო საქმეებისა, საკუთარ სახლში სამეწარმეო და ბიზნეს საქმიანობასაც დამოუკიდებლად ეწევა. „ფორტუნას“ მკითხველი ნაზი ბებოს და მის საქმიანობას უკვე კარგად იცნობს, თუმცა ამჯერად მას კალანდასა და გურული ღვეზელის ისტორიაზე ვთხოვეთ საკუთარი გამოცდილების გაზიარება:

  • გურული ღვეზელის რეცეპტი

ნაზი ჯაველიძე: ცომი მზადდება შემდეგნაირად – ფქვილს რომ დაყრით, ცოტა მარილი და დროჟი მოაყარეთ, შემდეგ ცოტა შაქარი. მაგალითად, 2 კგ ფქვილზე ერთი ჩაის კოვზი მარილი, ამდენივე შაქარი და დროჟი. ცომის მოზელის პროცესში კი გირჩევთ 1 ღვინის ჭიქა მზესუმზირის ზეთის დამატებას, ეს იმისთვის, რომ ცომმა ელასტიკურობა შეინარჩუნოს და დარბილდეს. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ მარგარინი ან კარაქი, რადგან ასეთ შემთხვევაში ცომი გაგიმაგრდებათ და ფუმფულა აღარ იქნება.

მოზელვის შემდეგ, აუცილებელია ცომმა მაცივარში ცოტა ხნით მაინც დაისვენოს, რაც ასევე ხელს შეუწყობს ამოსული ცომი კიდევ უფრო ფაფუკი გახდეს. დასვენების შემდეგ, ამავე ცომიდან 300 გრამი უნდა აიღოთ და სიგრძისებრად გააბრტყელოთ, ისე, რომ ცომმა მიიღოს მთვარისებრი ფორმა, შემდეგ 200 გრამი ყველი და დაიმახსოვრეთ, რომ კარგად „შეფუნჩხული,“ ჩვილი ყველი უნდა იყოს. (კარგად დაჭყლეტილი და ახლად ამოყვანილი ყველი).

ამის შემდეგ უნდა წინასწარ მოხარშული კვერცხი, რამდენი ცალი იქნება, ეს უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული – გნებავთ 1 ცალს გაჭრით შუაზე და ისე გადაანაწილებთ, გნებავთ მეტს. ზოგს არ უყვარს კვერცხი, მაგრამ გურული ღვეზელი კვერცხის გარეშე, წარმოუდგენელია. კვერცხის განაწილების შემდეგ, ცომი კარგად უნდა „გადუუპურჭკნოთ“ (მჭიდროდ გადაახვიოთ), ზემოდან ასევე ათქვეფილი კვერცხის გული მოუსვათ და ისე გამოაცხოთ“, – გვითხრა ნაზი ბებომ.

  • კალანდა გურიაში

რაც შეეხება კალანდას და საშობაო ღვეზელის ისტორიას, როგორც ნაზი ბებომ „ფორტუნას“ უთხრა, კალანდას გურიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს დღესასწაული ბევრ ტრადიციასა და დღესასწაულის აღნიშვნის განსაკუთრებულ ხასიათს ინახავს:

„ახლა რაც შეეხება გურული ღვეზელის მნიშვნელობას და ზოგადად, გურიაში ახალი წლის, კალანდას აღნიშნვნის ისტორიას: კარგად მახსოვს, დედაჩემი ღვეზელს რომ აცხობდა, დაგვიძახებდა „ბაღნებს“ (ბავშვებს), ყველას ერთად მოგვიყრიდა თავს და მინდა გითხრათ, რომ ყველას ჩვენი სახელობის ღვეზელს გვიცხობდა, ზოგს სახელიც კი ეწერა ცომით. შემდეგ ამ ჩვენი სახელობის ღვეზელებს მუცელზე წრიულად შემოგვატარებდა და ღმერთს ლოცვას შეავედრებდა: ყველა ჯანმრთელად მიმყოფეო.

„73 წლის ასაკში შევძელი იმდენი, რომ დღეს ჩემთან მოსვლა ყველას უხარია - ესაა ჩემი ძალაც და უნარიც“ - როგორ შექმნა ნაზი ბებომ ბიზნესი გურიაში

„წლებმა და პრაქტიკამ ბევრი რამ მომცა - ახლა ვცდილობ, ყოველი ახალი საქმე გაცილებით უფრო დაკვირვებით ვაკეთო და ბევრი ვისწავლო,“- გვითხრა ნაზი ჯაველიძემ.

კალანდა გურიაში 13 იანვრის ღამეს, ანუ 14 იანვარს დგება. 14 რიცხვში უკვე გვყავს „ფეხადი“ (მეკვლე), რომელიც ხონჩით ან ლანგარზე დალაგებული ნაირ-ნაირი ტკბილეულით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ღორის თავით შემოდის.

უწინაც ასე იცოდნენ, ჰოდა, ახლაც ასეა. ფეხადის შემოსვლის შემდეგ იწყება ნამდვილი გურული კალანდა, ნაირფერი გურული კერძებით და გემრიელი ტკბილეულით, მოკლედ „ჩიტის რძეც“ რომ არ აკლია, ისეთ სუფრას ვშლით. ამას აკეთებს ყველა გურული – ხელმომჭირნეც და შეძლებულიც, რადგან გურიაში მიიჩნევა, რომ ძველი წელი უნდა გავაცილოთ, ყველა ცუდი გავატანოთ და ახალ წელს ხვავრიელად, ახალი იმედებით შევხვდეთ.

მოკლედ, საბოლოოდ, გურიაში კალანდას ყველა აღნიშნავს და ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო ტრადიციაა, რომელიც ძველი დათქმით შემოგვრჩა, ამიტომ გლეხი გურულის სახლში ყოველთვისაა კალანდას სუფრა.

აქვე მინდა, მოგილოცოთ ახალი წელი და მთელ საქართველოს ჯანმრთელობა, ბედნიერება ვუსურვო.“ – უთხრა „ფორტუნას“ ნაზი ბებომ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g