პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ ბიჭვინთის საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას გეგმას სთავაზობს.
პარტიის ლიდერის ანა დოლიძის თქმით, მათ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ურთიერთობასთან დაკავშირებით, 4- პუნქტიანი გეგმა აქვთ.
„როგორც ცნობილია, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის.
აფხაზეთის საზოგადოების ნაწილი, ოპოზიციურად განწყობილი და ნაკლებად პოლიტიზებული მოსახლეობაც კი აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგია.
აქედან გამომდინარე, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის თქმით, პარტიას აქვს 4 პუნქტიანი გეგმა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ურთიერთობასთან დაკავშირებით:
1) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი – წარმოადგინოს გეგმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობისთვის ფედერალური სტატუსის შეთავაზების შესახებ.
2) ეროვნული უსაფრთხოების საბჭო – დაუყოვნებლივ მოწვეულ იქნეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც განიხილავს აღნიშნულ საკითხს.
3) სახალხო პოლიტიკის დანერგვა – ხელისუფლებამ წარმოადგინოს ახალი სამშვიდობო – სახალხო პოლიტიკა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის მოსახლეობასთან მიმართებით, რომელიც გულისხმობს წინადადებების შემუშავებას სოციალური თუ ეკონომიკური მიმართულებით.
4) საერთაშორისო ზეწოლა – საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთოს განცხადება, რომელიც დაგმობს რუსეთის მხრიდან ტერიტორიის მითვისებას საერთაშორისო სამართლებრივი არგუმენტებით.
ამასთანავე, შეასრულოს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და გაატაროს მთელი რიგი ღონისძიებები. კერძოდ, აქტიურად ითანამშრომლოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, გამართოს მაღალი რანგის შეხვედრები სტრატეგიულ პარტნიორებთან“, – აღნიშნულია პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა გეგმავს, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკები და მიმდებარე ტერიტორია რუსეთს გადასცეს.
როგორც მედიაში რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ რუსი ინვესტორები ბიჭვინთაში აფხაზეთში ყველაზე მასშტაბურ საკურორტო-სანატორიუმის ობიექტს ააშენებენ, ინვესტიციის მოცულობა კი, 10 მილიარდი რუსული რუბლი იქნება.
ამავე თემაზე:
სერგეი შამბა: “თუ ბიჭვინთაში რუსები იქნებიან, აგრესორი თავდასხმას ვერ გაბედავს”
ასლან ბჟანია რუსეთთან ურთიერთობების გაციებას არ გამორიცხავს