თურმე მეცენატობა ნიშნავს ოლიგარქიას, ეს მორიგი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მსჯელობაა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინული მოდელით, ბიძინა ივანიშვილი, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ვერ იქნება მიჩნეული ოლიგარქად.
„ადამიანი, რომელიც ქველმოქმედებით და მეცენატობით არის დაკავებული, რაც არ უნდა ცალკეულ პირებს ინტერესი ჰქონდეთ მისი ოლიგარქად მიჩნევის, უკრაინული მოდელი იმ კრიტერიუმებზე დაფუძნებით, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა, არ ითვალისწინებს ასეთი პირის ოლიგარქად მიჩნევას. ამიტომ, უკრაინული მოდელით ბიძინა ივანიშვილი ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ვერ იქნება მიჩნეული ოლიგარქად“, – განაცხადა ოხანაშვილმა კანონპროექტის წარდგენისას.