LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გამოვრიცხავ, რომ თუ „ოცნება“ პოლიტიკურ ხაზს არასწორად წაიყვანს, მთლიანად ჩამოიშალოს – რა შეცვლის გახარია ქართულ პოლიტიკაში

112
BeFunky-collage

გახარიას პარტიის შექმნის პროცესი აქტიურ ფაზაშია. მთავრობის ყოფილი მეთაურის გუნდმა მოახლოებულ თვითმმართველობის და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უკვე დაანონსა, რადიკალურ ოპოზიციასთან თანამშრომლობა კი გამორიცხა.

რას შეცვლის გახარიას გუნდი ქართულ პოლიტიკაში – ამ საკითხზე კონსტიტუციონალისტმა, ანალისტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, საკმაოდ ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რას გამოიწვევს გახარიას ფაქტორი პოლიტიკურ ველზე, ვინაიდან ძაბირაძის თქმით, გუნდი ჯერ ფორმირებული არ არის.

“უბრალოდ, დეპუტატთა მხრიდან გაკეთდა განცხადებები. დეპუტატთა ეს კატეგორია, პოლიტიკური წონის თვალსაზრისით, მთლიან საქართველოს მასშტაბით, ელექტორანტს ბევრს არაფერს ეუბნება, შესაძლოა, სამაჟორიტარო ოლქებში მათ გარკვეული წარმატება ჰქონდათ და მაღალია მათდამი ნდობა, მაგრამ ზოგადად, პოლიტიკური სახე ამ გუნდის გამოკვეთილი არ არის, ამიტომ რთულია გააზრება, რას გულისხმობენ იმ ღირებულებებში, რაზეც ლაპარაკობენ.

აქ მთავარი შესაძლოა, ეს არც იყო. ქვეყანაში ელექტორალური თვალსაზრისით გადანაწილებულია ელექტორანტი, ფაქტობრივად, თანაბრად. ვგულისხმობ „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმ არეალს, რომელიც მესამე ძალის საყრდენი უნდა ყოფილიყო. ამაზე 2016 წლის შემდეგ ვლაპარაკობთ, მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, არ გამოჩდა არც ცალკეული პოლიტიკური ძალა, არც პოლიტიკური ბლოკი ცალკეულ პარტიათა, რომელიც ამ ელექტორატის ამთვისებელი იქნებოდა.

ამ თვალსაზრისით, დღეს ვითარება გაცილებით რთულად არის, ვიდრე ეს იყო არჩევნებამდე. რადგან, ის პარტიები, რომელთაც 1-დან 3%-მდე მიიღეს დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე დიდი უმრავლესობა უბრალოდ. „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე აღმოჩნდა. ანუ ის ამომრჩეველი, რომელსაც არც „ოცნება“ უნდოდა და არც „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტიურად, დაკარგა. მათი პოლიტიკური რეიტინგი, ჩემი შეფასებით, დღეს გაცილებით დაბალია, ვიდრე იყო თუნდაც ოქტომბრის არჩევნებში.

წამყვანის ნინი ხუგაშვილის შეკითხვაზე, გახარიას შემთხვევაში რამდენად არის მოსალოდნელი რომ ის გახდეს ქვეყანაში მესამე ძალა, ძაბირაძე პასუხობს, რომ ამის რესურსი არსებობს, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეძლებს ახალი პოლიტიკური ძალა  ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის სეგმენტის ათვისებას.

“რესურსი დღესაც არსებობს. პოტენციურად ამომრჩეველი არის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს პოტენციური ამომრჩეველი მიიმხრონ. ეს პოტენციური ამომრჩეველი გაცილებით მომთხოვნია, ვიდრე ის ამომრჩეველი, რომელიც გადანაწილებულია „ოცნებასა“ და ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. თითქოს, რესურსი არის, მაგრამ გააჩნია როგორ აითვისებს ის ახალი პოლიტიკური ძალა, რომლის ჩამოყალიბებასაც უკვე ველოდებით”.- აღნიშნა ძაბირაძემ.

რაც შეეხება “ოცნებიდან” გასულ დეპუტატებს და მათი საპარლამენტო ცხოვრების მომავალს, ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ისინი “ერთ დეპუტატს დაიმატებენ და ფრაქციას შექმნიან თუ არა, ეს ელექტორატზე დიდად არ იმოქმედებს”.

“შესაძლოა, რაღაც პრივილეგიები მისცეს საპარლამენტო ცხოვრებისთვის, ერთია რომ ტრიბუნას მისცემ და როგორ გამოიყენებ, ეს ცალკე თემაა.

კიდევ ერთხელ ვამბობ, სადღაც მესამედი, 30% ამომრჩევლის უკვე არსებობს და ამის ათვისებაა მთავარი. რაც შეეხება დანაკარგებს, ოპოზიციიდან ის პარტიებია, რომლებიც აღმოჩნდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგი შეიძლება ჰქონდეს „ქართულ ოცნებასაც“ ელექტორატის თვალსაზრისით. ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე. პირველ ყოვლისა იმაზე, როგორ პოლიტიკას გაატარებს „ქართული ოცნება“.

არ გამოვრიცხავ, რომ თუ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ხაზსს არასწორად წაიყვანს, არა თუ ამომრჩეველს დაკარგავს, არამედ შესაძლოა, მთლიანად ჩამოიშალოს. ძალიან მძიმე ვითარებაა ქვეყანაში.

ჯერ-ჯერობით, „ქართული ოცნება“ ამ პროცესების ნორმალურად მართვას ვერ ახერხებს, თუნდაც, იმ დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, რაც არსებობს ჩვენი პარტნიორების მხრიდან”- განაცხადა ძაბირაძემ.

რაც შეეხება ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობის ყოფილ მეთაურს პოლიტიკურ სარბიელზე დამკვიდრება 20 ივნისის მოვლენების გამო, გაუჭირდება, ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ გახარიას წინააღმდეგ ეს არგუმენტი მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდეს.

“20 ივნისის ამბების შემდეგ, გახარიამ პრემიერის სავარძელი დაიკავა და არა მარტო, იყო პირველი ნომერი და მოიგო არჩევნები”.- თქვა ვახტანგ ძაბირაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები