LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ შეიძლება ანტიბიოტიკების ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენება – ამირან გამყრელიძე

ამირან-გამყრელიძე

საჭიროა მოსახლეობაში რაც შეიძლება მეტი ცოდნა, რომ არ შეიძლება ანტიბიოტიკები ექიმის დანიშნულების გარეშე იქნეს გამოყენებული, – განცხადება ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

კვირეული ფოკუსირებულია ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომაზე და მიზნად ისახავს საზოგადოების, სამედიცინო და ვეტერინარული პერსონალის, გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პირების და პოლიტიკოსების ცოდნის ამაღლებას ანტიბიოტიკების მიმართ რეზიზსტენტობის შესახებ.

ანტიბიოტიკების გამოყენებასთან მიმართებაში თუ სწრაფად მოქმედება არ იქნება, დაბრუნდება ანტიბიოტიკამდელი ერა, როცა ნებისმიერი ინფექცია ან უმნიშვნელო ტრავმა შეიძლება სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო, აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში.

„მოგეხსენებათ, ანტიბიოტიკები გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი ექიმის ხელში. ანტიბიოტიკების შექმნამ და შემოტანამ, რომელიც დაახლოებით 90 წლის წინ მოხდა, უზარმაზარი წვლილი შეიტანა გლობალურ ჯანმრთელობაში, ანუ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. მაგრამ ამასთან ერთად, ბოლო 10-15 წელიწადია, რაც ანტიბიოტიკების რეზისტენტობა იზრდება, ანუ მათი არასწორი გამოყენების გამო იზრდება ე.წ რეზისტენტული მიკრობული ფლორა ანტიბიოტიკების მიმართ. ამიტომ საჭიროა მოსახლეობაში რაც შეიძლება მეტი ცოდნა, რომ არ შეიძლება ანტიბიოტიკები ექიმის დანიშნულების გარეშე იქნეს გამოყენებული. უნდა ვიცოდეთ, რომ ანტიბიოტიკი არ მოქმედებს ვირუსზე, ის მოქმედებს ბაქტერიაზე. შესაბამისად,უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა გაციების დროს არ შეიძლება ანტიბიოტიკის დანიშვნა,”- აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 2018 წლის 12 -18 ნოემბერს აღნიშნავს ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულს. წლევანდელი კვირეულის სლოგანია: “დრო არ ითმენს – ანტიბიოტიკების ერა შეიძლება დასრულდეს” და იგი მიმართულია ანტიბიოტიკების, როგორც ფასეული რესურსის შენარჩუნებისკენ.

პოპულალურები