შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი „უგუნურ კონსპირაციას“ უწოდებს „ქართული ოცნებიდან“ წასული პარლამენტარების, „ხალხის ძალის“ ბრალდებას სასამართლო სისტემაში „ჩარევის“ შესახებ და აცხადებს, რომ არ იცის, ეს ჯგუფი „ვის ან რას წარმოადგენს“.
„ცხადია, აშშ წლების განმავლობაში ეხმარებოდა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, რაც მოიცავს მრავალპარტიულ პარლამენტს, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობას. მაგრამ მე არ ვიცი, ეს ჯგუფი რას წარმოადგენს, არ ვიცი, ვის წარმოადგენს; არ ვიცი, როგორ განსხვავდებიან მმართველი გუნდისგან, რომელიც, როგორც თვითონ ამბობენ, დატოვეს“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა ჟურნალისტების კითხვების პასუხად.
მისი თქმით, მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ „ბრალდებები, რაც მათ შეერთებულ შტატებს წაუყენეს, არის უგუნური შეთქმულების თეორიები, რასაც არანაირი საფუძველი არ აქვს“.
მან ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მუშაობს ყველა პარტიასთან, ხვდება მოქალაქეებს, რომელიც პოლიტიკურ სპექტრში სხვადასხვა ძალას წარმოადგენენ, და ეხმარება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა, ეკონომიკის განვითარებაში. „ამას ვაკეთებთ 30 წელზე მეტია და გავაგრძელებთ მომავალ წლებში“, – განაცხადა ელჩმა.
„ნებისმიერი ბრალდება, თითქოს ჩვენ ვართ დამნაშავე პოლარიზაციაში, არის პასუხისმგებლობის არიდების მცდელობა და პასუხისმგებლობის გადატანა მათ მიერ, ვინც იცის, რომ პასუხისმგებელია, დასავლელ პარტნიორებზე, რომელთაც 30 წელზე მეტია, საქართველოს დემოკრატიულ გზაზე დახმარების მეტი არაფერი გაუკეთებიათ“, – უთხრა ელჩმა ჟურნალისტებს 17 აგვისტოს.
„მნიშვნელოვანია, ქართველებმა 3-4 წლით უკან გაიხედონ და გაიხსენონ, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია, – გავრილოვის ღამე, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები… აი, აქედან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია მოდის და არა დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს მის დამარცხებაში.
პარლამენტი და სხვა ინსტიტუტები უნდა ფოკუსირდნენ იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია ქართველებისთვის, სამუშაო ადგილები, კარგი განათლება, მაღალი ფასები, უკეთესი ჯანდაცვა. აი, რაზე უნდა ფოკუსირდეს პარლამენტი და ის 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირმა გასცა, ყველა მოიცავს იმ დაპირებებს, რაც საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა მანამდეც თქვეს, რომ გააკეთებდნენ, ახლა არის სწორედ დრო, რომ გვერდით გადაიდოს აზრთა სხვადასხვაობა და ერთად იმუშავოთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა დეგნანმა.