LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არა, ეს არ იკურნება! ასეთ დროს ჩემი პროფესია მეზიზღება – პედიატრი თამარ ობგაიძე პატარა პაციენტზე ემოციურ ამბავს ყვება

548
page

,,ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელი, პედიატრი თამარ ობგაიძე სოციალურ ქსელში ემოციურ ისტორიას ყვება. პედიატრი ოზურგეთელი გოგონას ისტორიას იხსენებს, რომელისთვისაც დიაგნოზის თქმა ძალიან გაუძნელდა.

„დღეს ვიზიტზე მხიარული ოზურგეთელი გოგო მეწვია 3 თვის ჩვილით. დედაც ახლდა. შემოვიდა თუ არა, მაშინვე გურული კილოთი მომაყარა, თქვენთან მომასწავლესო,აუცილებლად გიშველითო, იცით, რა იმედით ჩამოვედი თქვენთანო. პატარა გავსინჯე, ჩატარებული კვლევის შედეგებიც ვნახე. თავის ტვინის თანდაყოლილი ანომალია აღმოჩნდა.

შორიდან დავიწყე. თავის ტვინის ანატომია სურათებზე ავუხსენი, მერე საკუთარი ჩვილის ანომოალიაც ვაჩვენე და ნორმალურ თავის ტვინს შევუდარე. ყურადღებით მისმენდა გოგო.

-მაგრამ ეს განკურნებადია, არა, ექიმო?-მისი ასაკისთვის დამახასიათებელი გულწრფელი ტონით მკითხა და იმედიანი თვალებით ჩამხედა სულში.

პასუხი დავაგვიანე. აი, ასეთ დროს ჩემი პროფესია მეზიზღება.

-არა, ეს განკურნებადი არაა -შევეცადე ღიმილით მეთქვა, მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვის განვითარებას, რათა მკვეთრი უნარშეზღუდულობა თავიდან ავიცილოთ –

მუყაითი მოსწავლესავით დამაჯერებელი, თუმცა აღელვებული ტონით ვუთხარი.

-ყველაფერს ვიზამ, რასაც მეტყვით!- სიძნელეს არ შეეპუა ჩემი გურული გოგო.

კონსულტაცია რომ დასრულდა, მხიარულად დამემშვიდობა, შვილი მზრუნველად ჩაიხუტა გულში და ოთახიდან გავიდა.

ბებია უკან შემობრუნდა, კარი დახურა და ჩემთან ახლოს მოსწია სკამი.

– ეს არ იკურნება. – ეს შეკითხვა არ იყო. მკაცრი ხმით ნათქვამი ეს წინადადება განაჩენი იყო, რომელზეც მე ასევე გარკვევით უნდა მეპასუხა -დიახ ან არა.

-ეს არ იკურნება. – გავიმეორე მისი სიტყვები. ბებია ატირდა. ტიროდა ცხელი ცრემლებით, გახეთქილი გულით. ტიროდა მხიარული გურული გოგოს მაგივრადაც. და მე გული მომეწურა. გამახსენდა და ძალიან მომინდა, გამელანძღა ერთი ჩემი ნაცნობი, რომელმაც ერთხელ მითხრა: “თქვენ, ექიმები ყველაფერს ეჩვევით, სხვის ტკივილსაც, ავადმყოფობასაც, მძიმე განაჩენსაც და სიკვდილსაც. და ყველაფრის მიუხედავად, ჩვილი ბავშვივით უდრტვინველად გძინავთ ღამით”.

არ ეჩვევიან ამას, მეგობრებო, ექიმები. ისინი, უბრალოდ, უძლებენ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები