LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასათანადო მოპყრობა აღქმული უნდა იქნას, როგორც წამების აქტი: რა წერია ევროპული სასამართლოს განაჩენში, რომელსაც 12 წელი ველოდით

114
აგვისტოს ომი

სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ:

„სასამართლომ დაადგინა, რომ ქართველი ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობა, კონვენციის მესამე მუხლის განმარტების შესაბამისად, აღქმულ უნდა იქნას როგორც წამების აქტი“.

ჩვენ გავიმარჯვეთ! საქართველომ რუსეთს დავა მოუგო! - თეა წულუკიანი

საქართველო ევროპული სასამართლოს განაჩენს 12 წელი ელოდა.

პრესრელიზში აღნიშნულია, სამხრეთ ოსური ძალების მხრიდან ქართველ ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე პასუხისმგებლობა რუსულ ძალებსაც ეკისრებათ.

„სასამართლომ ჩათვალა, რომ მას ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, დაედგინა, რომ ომის ქართველი ტყვეები სამხრეთ ოსური ძალების მხრიდან ისეთი ტიპის მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მესამე მუხლს. იმის მიუხედავად, რომ რუსული ძალების უშუალო მონაწილეობა ყველა შემთხვევაში აშკარად დემონსტრირებული არ ყოფილა, ის ფაქტი, რომ სამხედრო ტყვეები რუსეთის იურისდიქციაში შედიოდნენ გულისხმობდა, რომ ეს უკანასკნელი ასევე იყო პასუხისმგებელი სამხრეთ ოსეთის მოქმედებებზე. იმის მიუხედავად, რომ რუსული ძალები ადგილზე იყვნენ, მათ აღნიშნული ტიპის მოპყრობის წინააღმდეგ ზომები არ მიუღიათ.

სასამართლომ დაადგინა, რომ ქართველი ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობა, კონვენციის მესამე მუხლის განმარტების შესაბამისად, აღქმულ უნდა იქნას როგორც წამების აქტი. ასეთ ქმედებებს განსაკუთრებულ სერიოზულობას სძენს ის, რომ ისინი მიმართული იყო სამხედრო ტყვეების მიმართ, რომლებიც, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, განსაკუთრებული დაცვის სტატუსით სარგებლობდნენ“, – ვკითხულობთ ევროპული სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ეს საერთო გამარჯვებაა! დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა! – გახარია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა:

· 11 ხმით 6-ის წინააღმდეგ, რომ საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს (2008 წლის 8-12 აგვისტო) მომხდარი მოვლენები რუსეთის იურისდიქციას არ ექვემდებარება კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად (ადამიანის უფლებების პატივისცემის ვალდებულება);

· 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ (2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ) მომხდარი მოვლენები რუსეთის იურისდიქციას ექვემდებარება;

· 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და მე-8 მუხლებს (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), ასევე კონვენციის დამატებითი ოქმის პირველ მუხლს (საკუთრების დაცვა).

· ერთხმად, რომ ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ 2008 წლის 10-27 აგვისტოს საქართველოს მოქალაქეების დაკავება ექვემდებარება რუსეთის იურისდიქციას კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად (ადამიანის უფლებების პატივისცემის ვალდებულება);

· ერთხმად, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-3  მუხლს (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) საქართველოს 160 მშვიდობიანი მოქალაქის დაკავების პირობებთან და დამამცირებელ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც უნდა იქნას განხილული როგორც არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა;

· ერთხმად, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-5 მუხლს (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მოქალაქეების თვითნებურ დაკავებასთან დაკავშირებით;

· ერთხმად, რომ 2008 წლის 8-17 აგვისტოს ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ ქართველი სამხედრო ტყვეების დაკავება ექვემდებარება რუსეთის იურისდიქციას კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად;

· 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-3 მუხლს (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) ქართველი სამხედრო ტყვეების წამებასთან დაკავშირებით;

· 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ რუსეთის იურისდიქციას ექვემდებარებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სამხრეთ ოსეთში, ან აფხაზეთში დაბრუნების შესაძლებლობა არ მისცეს;

· 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლს (მიმოსვლის თავისუფლება) საქართველოს მოქალაქეების საკუთარ სახლებში დაბრუნების შეუძლებლობასთან დაკავშირებით;

· ერთხმად, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის დარღვევას (განათლების უფლება);

· ერთხმად, რომ რუსეთის ფედერაციას ჰქონდა პროცედურული ვალდებულება კონვენციის მეორე მუხლის შესაბამისად, ჩაატაროს არა მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ მომხდარი მოვლენების, არამედ ასევე საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს მომხდარი მოვლენების ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიება;

· 16 ხმით ერთის წინააღმდეგ რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურულ დარღვევას;

· ერთხმად, რომ განმცხადებელი მთავრობის საჩივრის მე-13 მუხლის სხვა მუხლებთან შესაბამისობის ცალკე განხილვის საჭიროება არ არის;

· 16 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ მოპასუხე სახელმწიფომ არ შეასრულა 38-ე მუხლით გათვალისწინებული  ვალდებულებები;

· ერთხმად, რომ კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით საკითხი არ არის მზად გადაწყვეტილებისთვის და შესაბამისად სრულად უნდა გადაიდოს.

შეგახსენებთ, საქმეს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლო 2008 წლიდან იძიებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები