მორიგი მძიმე ღამე უკრაინაში – უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას ოკუპანტების მიერ მარიუპოლისკენ მიმავალი მოსახლეობის ევაკუაციისთვის განკუთვნილი 11 ავტობუსი ხელში ჩაგდების შესახებ. ქვეყნის ვიცე-პრემიერმა თქვა, რომ ავტობუსები რუსულ საგუშაგოზე მანგუშის მახლობლად, მარიუპოლიდან 15 კილომეტრში დააკავეს.
მარიუპოლში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკის თქმით, ოკუპანტები ერთ ჰუმანიტარულ კოლონას თავს დაესხნენ და უკრაინის მთავრობის თანამშრომლები და ავტობუსის მძღოლი ტყვედ აიყვანეს.
მისივე განცხადებით, მიუხედავად ყველა სირთულისა, მარიუპოლის 7 026 მცხოვრები გამოიყვანეს 22 მარტს ქალაქიდან.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, დაახლოებით 100 000 ადამიანი რჩება მარიუპოლში ოკუპანტების ინტენსიური დაბომბვის პარალელურად.
“დღევანდელი მდგომარეობით ქალაქში 100 000-მდე ადამიანია. არაადამიანურ პირობებში. სრულ ბლოკადაში. არც საკვები, არც წყალი, არც წამალი. მუდმივი დაბომბვის ქვეშ”, — განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში