LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევანი შიმშილსა და დაბინძურებულ ჰაერს შორის – რას და რატომ ვსუნთქავთ?

10-დან 9 ადამიანი მსოფლიოში დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს – ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკაა, 2018 წლის მაისის მონაცემები, რომელიც დედამიწისთვის საგანგაშოა.

ჰაერის დაბინძურება ყველა ქვეყანაში თვალსაჩინო არაა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში დამღუპველია.

ჩვენს ქვეყანაში, ეს ორი სიკეთე ერთდროულად გვაქვს – დაბინძურებულ ჰაერს ვსუნთქავთ და ვხედავთ კიდეც. ასევე, ყოველდღიურად ვხედავთ დამაბინძურებელ ფაქტორებს, გვაქვს პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქალაქი გვკლავს.

უამრავი კვლევით, იმ ქვეყნების სიაში, სადაც ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული რისკების გამო ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება, საქართველო პირველ ადგილზეა.

“ჰარის დაბიძნურება, ჰესომანიასთან ერთად, არის საქართველოს გარემოს მთავარი პრობლემა. ყოველი მეხუთე ადამიანი ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებებით იტანჯება. კატასტროფულ მდგომარეობას ადასტურებს არა ერთი საერთაშორისო დონის დასკვნა,” – აცხადებს “ფორტუნასთან” ლაშა ჩხარტიშვილი.

ყველაზე რთული ვითარება კი დედაქალაქშია.

თბილისი

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურების მონაცემებით, თბილისში დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები წერეთლის გამზირზე ფიქსირდება. თუმცა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურები 4 წერტილშია განთავსებული: წერეთლის გამზირი, ყაზბეგის გამზირი, ვარკეთილი და ვაშლიჯვარი. ჩამოთვლილთაგან ვაშლიჯვარში ყველაზე კარგი მდგომარეობაა.

სააგენტოს აქვს კიდევ ერთი, მობილური სადგური, რომელიც პერიოდულად სხვადასხვა ზონაში აფასებს ჰაერის მდგომარეობას. მიმდინარე თვეში, მობილური სადგურით ჰაერი შემოწმდა თამარ მეფის გამზირზე, სადაც აზოტის დიოქსიდი 1.3-ჯერ აღემატება ნორმას, რისი მიზეზიც ძირითადად ტრანსპორტია.

თუმცა, ძირითადი დამაბინძურებელი ფაქტორი, არა საზოგადოებრივი (სადაც ასევე კატასტროფული მდგომარეობაა), არამედ კერძო ავტომობილებია.

 

დედაქალაქის მთავრობის გეგმა

დედაქალაქში ყოველდღიურად 500 000 კერძო ავტომობილი გადაადგილდება. მათი უმეტესობა მოძველებული და გარემოს დამაზიანებელია.

პრობლემაზე საუბრობენ უკვე დიდი ხანია, თუმცა წელს დაიწყო პრობლემის მოგვარების ყველაზე მასშტაბური რეფორმა – პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. ტექდათვალიერების სრულად ამოქმედებას 2 წელი სჭირდება და წინა პერიოდში უკვე ბევრი ხარვეზიც იკვეთება, თუმცა არის მოლოდინი, რომ მოსალოდნელ კატასტროფულ შედეგებს, აღნიშნული შეზღუდვები შეამცირებს.

გარემოს დამცველები ამბობენ, რომ დედაქალაქში ავტოპარკის განახლება რეალურად უნდა მოხდეს და ეს ხარჯი მთლიანად მოსახლეობას არ უნდა დააწვეს.

“შემოწმების ხარისხი ძალიან დაბალია. მართალია, რაღაც კუთხით შეიძლება ჩანდეს, რომ ჩვენ გვაქვს არჩევანი შიმშილით სიკვდილსა და ჰაერით დაბინძურებით სიკვდილს შორის, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს, გადაჯდეს დაბალფასიან მანქანებზე, ნაკლებად მიიღონ დანამატები და სახსრები გამოიყოს დაბალი ფენის გადასარჩენად. ვგულისხმობ იმას, რომ ტექნიკური დათვალიერების სტანდარტების დაწევა კი არ უნდა მომხდარიყო, არამედ უნდა გამოიყოს სახსრები საიმისოდ, რომ ადამიანებს, რომლისთვისაც ტრანსპორტი არის გადარჩენის ერთადერთი საშუალება, ჰქონდეს მათი განახლების შესაძლებლობა.

საბიუჯეტო სახსრები უნდა დაიხარჯოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში, რომელიც დაეხმარება მოქალაქეებს ავტოპარკის განახლებაში, მათ რეალურ სტანდარტებამდე მოყვანაში. ამაში იგულისხმება დაბალპროცენტიან განვადებაში ბიუჯეტის სახსრების გამოყენება, წახალისება ეკოტრანსპორტისთვის, რომელიც არსებობს, თუმცა არასაკმარისია. ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო ხარჯავს ფულს, იმისთვის, რომ ავტოპარკის განახლება მთლიანად მოქალაქეებს არ დააწვეს კისერზე,” – განაცხადა ჩხარტიშვილმა და ერთ-ერთი მაგალითიც მოიყვანა კატალიზატორების შიდაწარმოებასთან დაკავშირებით.

“კატალიზატორების შიდაწარმოება, როგორც დასაქმებაზე, ისე ფასზე ძალიან კარგად აისახება, რის გამოც ის უფრო ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეებისთვის.

ამასთან, საჭიროა ჰიბრიდებზე და ელექტროტრანსპორტის შემოყვანაზე, გადასახადები სრულიად მოიხსნას, რამდენიმე წლით მაინც,” – განაცხადა ჩხარტიშვილმა.

დედაქალაქის მთავრობა აცხადებს, რომ მზადაა რადიკალური ნაბიჯები გადაიდგას.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ქვეყანაში ძველი ავტომობილების შემოყვანა უნდა აიკრაძალოს. გარდა ამისა, კალაძის თქმით, თბილისის მერია ქალაქში ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.

მისი თქმით, ქალაქში ჰაერის დაბინძურებას, ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემის ერთიანობა განაპირობებს. კალაძე ამ თემაზე საუბრისას ყოველთვის აღნიშნავს, რომ ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორია ეკოლოგიურ მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს.

„გაუბედურებული, ძველი ავტომობილები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მშენებლობები, ყველაფერი ერთობლიობაში წარმოქმნის პრობლემას, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს. ჩვენ ვგეგმავთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ამასთან დაკავშირებით და უახლოეს დღეებში წარმოგიდგენთ ჩვენს ხედვას. ჩვენ ვიწყებთ სატრანსპორტო პოლიტიკით, რას ვაპირებთ, რა უნდა გავაკეთოთ და ეტაპები იქნება გაწერილი ყველა მიმართულებით. იგეგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის განახლება, ყველა დაპირებას შევასრულებთ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

განსხვავებული მიდგომების მიუხედავად, წინა წლებში და ახალი მთავრობის პირობებში შედეგი ერთი და იგივენაირია.

“მოქმედი ხელისუფლება ცდილობს თავი მზრუნველ პოზაში მოგვაჩვენოს. ისინი სიმბოლურ ღონისძიებებს ატარებენ ძალიან ნელი ტემპით, სიმბოლურად, ასე რომ ჩვენთვის შეღავათი არაა და ჩვენი შვილების სიცოცხლე კვლავ საფრთხეშია,” – განაცხადა ჩხარტიშვილმა.

5 ივნისი. თბილისი, ჯიქიას ქუჩა

ოლიგარქების ბიზნესის განვითარება ხალხის სიცოცხლის ხარჯზე

მართალია, რეგიონებში ავტოტრანსპორტის პრობლემა მწვავედ არ დგას, თუმცა ჰაერის დაბინძურება აქტუალური თემაა.

“უნდა ვიფიქროთ თანამოქალაქეებზეც, რომლებიც ცხოვრობენ ტყიბულში, ჭიათურაში და ა.შ. აქ მოსახლეობა ეწირება იმ ოლიგარქიული ბიზნესების საქმიანობას, რომლის უკანაც ძირითადად, ხელისუფლების წევრები დგანან. რეგიონებში განთავსებულ ასეთ ობიექტებში ძირითადად, მოძველებული ტექნიკა გამოიყენება, რომელიც წლიდან წლამდე იწირავს ადამიანებს ჰაერისა და წყლის მოწამვლის მეშვეობით,” – განაცხადა ჩხარტიშვილმა და განაცხადა, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით პრობლემურია კაზრეთი, რომელიც არაოფიციალურად, ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება.

ხალხი, ვისკენაც ეკოლოგი იშვერს ხელს, თავადაც იმ ქვეყანაში ცხოვრობენ, რომლის ჰაერიც ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაშია. რატომ არ ზრუნავენ ისინი თავად გარემოზე?

ჩხარტიშვილი ამბობს, რომ მათ ჩვენთან შედარებით, გარკვეული უპირატესობა აქვთ.

“ცხოვრობენ ქალაქგარეთ, იყენებენ სხვადასხვა ტექნიკურ საშუალებებს ჰაერისა და წყლის ფილტრაციისთვის. თუმცა, ასეთ პირობებშიც კი სრული გარანტია არ აქვთ, რომ ჰაერის დაბინძურების მკვლელ შედეგებს გადაურჩნენ. ამიტომ მათ ვურჩევდი, რომ თუნდაც საკუთარი ოჯახის და შვილების ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არ დააყენონ,” – განაცხადა ჩხარტიშვილმა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში საზოგადოების უფრო დიდმა ნაწილმა გააცნობიერა გარემოს დაბინძურების პრობლემის აქტუალობა და ეს პოლიტიკოსების საუბრისა და დაპირებებიდანაც კარგად ჩანს.

შემდეგი ნაბიჯი დაპირებების სწრაფი ტემპით რეალობად ქცევაა.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები