ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა სიტუაციას აკონტროლებს, ხოლო ოპოზიცია აფხაზეთში არაერთ ცუდ მოვლენას გეგმავს.
“ეხო კავკაზას” თანახმად, ამის შესახებ ბჟანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა „პარლამენტში“, „სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოების“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების კომენტირებისას.
„ზოგი ფიქრობს, რომ ჩვენ ისე ვართ დაცული, რომ საერთოდ არაფერი გვემუქრება, და ეს იმის მიუხედავად, რომ უკვე ბომბები და ჭურვები ცვივა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის (რუსეთი. რედ.) ტერიტორიაზე. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს, მაგრამ ოპოზიცია აქ (აფხაზეთში. რედ) ცუდი ღონისძიებების სერიას გეგმავს. რაღაცის შეჩერება მოვახერხეთ. მაგრამ რა, აფხაზეთის უსაფრთხოების უწყებები უცხოური მასალაა? იქ მოწვეული მანქურთები მსახურობენ თუ აფხაზეთის მოქალაქეები არიან? გავიდა ჩვენთან კანონი “ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ”? მასშიც ხომ არ არის საუბარი „ჭანჭიკების მოჭერაზე“, ადამიანებისთვის თავისუფლად ფიქრის, თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობის ჩამორთმევაზე. ისიც ხომ რაღაც მიზეზებით ვერ გავიდა“, – განაცხადა ბჟანიამ.