პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს, რის გამოც, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.
როგორც პროკურორის შუამდგომლობიდან ირკვევა, გამოძიებას ავტომანქანის ვიდეოჩანაწერი აქვს მოპოვებული, სადაც პატიმრების გაქცევის ფაქტია ასახული. პროკურორის განმარტებით, უფროსი ოფიცერი იმ ადგილზე არ იმყოფებოდა, სადაც უნდა ყოფილიყო, ის წინა სავარძელზე იჯდა და ტელეფონზე საუბრობდა, განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულზე მსჯავრდებულები კი აბსოლუტურად უმეთვალყურეოდ ჰყავდა დატოვებული.
ადვოკატ ინგა შარაშენიძის განცხადებით კი, ივერი ნატრიაშვილი საგამოძიებო ორგანოში თავად გამოცხადდა და დეტალური ჩვენება მისცა. ადვოკატის თქმით, სახეზე გაუფრთხილებლობითი დანაშაულია და არა განზრახი, ის საჯარო მოხელე 14 წლის განმავლობაში იყო და არც ერთხელ, გადაცდომა არ ჰქონია.
შარაშენიძის განმარტებით, ესკორტის უფროსი ტელეფონზე საუბრობდა, რითაც პატიმრებმა ისარგებლეს და გაიქცნენ, რაც ადვოკატის თქმით, ეს არავითარი შეთანხმება არ იყო და იყო შემთხვევითობა.
სამი პატიმრარი „ავერსის“ კლინიკიდან 1 ნოემბერს გაიქცა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა არ შეასრულა ბადრაგირების დადგენილი წესი, მსჯავრდებულები დატოვა მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე და სათანადოდ არ ჩაკეტა სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარები, რითაც ისარგებლა სამმა მსჯავრდებულმა, რომლებმაც ღია კარებიდან დაუბრკოლებლად დატოვეს სატრანსპორტო საშუალება და მიიმალნენ.
გაქცეული პატიმრები მეორე დღეს, 2 ნოემბერს დააკავეს. ბადრაგს კი ბრალი 3 ნოემბერს წაუყენეს. მას ბრალდების მხარე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხის პირველი ნაწილით ედავება, რაც გულისხმობს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დაუდევარი დამოკიდებულების გამო დარღვევას, რამაც პატიმრის გაქცევა გამოიწვია.
ფოტო: IPN