LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობუსები და გაჩერებები შუა გზაზე: რა პრობლემებს შექმნის ჭავჭავაძის ქუჩის მოდელი და როგორია საერთაშორისო გამოცდილება

3267
BUSLANEiii

მთელს მსოფლიოში ეძებენ გზებს, თუ როგორ გახადონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა კომფორტული. ეს პირდაპირ კავშირშია კერძო მანქანების შემცირებასთან, შესაბამისად გზების განტვირთვასთან. ეს უკანასკნელი კი თავისთავად, როგორც მგზავრობის დროზე, ასევე ეკოლოგიაზე დადებითად აისახება.

საქართველო ბოლო წლებია განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს ამ საკითხს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. დაიგეგმა და გეგმაზე ოდნავ ჩამორჩენით ხდება ახალი ავტობუსების შესყიდვა. ერთ წელიწადში ძველი საზოგადოებრივი ტრასნპორტი სრულად უნდა ჩანაცვლდეს. ახლა საკმარისი ავტობუსები ქალაქში არ დადის. არც ყველა ქუჩაა სატრანსპორტო სისტემით დაქსელილი. 

ჭავჭავაძეზე ავტობუსის ზოლები გზის შუაში მოეწყობა - კალაძე სიახლეებზე [ვიდეო]

კალაძემ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მოძრაობას ხელს არ შეუშლის და უსაფრთხო იქნება.

თუმცა ტრანსპორტის სამსახური და მთლიანად მერია, მასშტაბურ რეფორმებს გვპირდება – უკვე დაიწყო ქუჩების ახლებურად შემუშავება. გეგმის ნაწილია, რომ დედაქალაქის გზებზე ავტობუსებისთვის ყველგან სპეციალური ხაზები გამოიყოს, სადაც მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ექნება გადაადგილების უფლება.

ახლახან თბილისის მერმა კახა კალაძემ, კიდევ ერთი გამზირი დაასახელა, სადაც ავტობუსის ზოლი მოეწყობა. ეს ჭავჭავაძის გამზირია, რომლის რეაბილიტაციაც უკვე მიმდინარეობს. თუმცა ვაკეში ეს ზოლები განსხვავებულად მოეწყობა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ავტობუსებისთვის მონაკვეთები გზის შუაში გამოიყოფა. აქვე მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა: გაჩერებები, ბარიერები, გადასასვლელი ზოლები და ა.შ.

თბილისისთვის ეს ახალი პრაქტიკაა, თუმცა როგორც ჩანს, სწორედ ამ პრაქტიკის დანერგვას აპირებენ ქალაქში, რადგან „ფორტუნასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ტრანსპორტოს საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა, რომ ასეთი მოდელით დაგეგმარდება გელოვანის გამზირიც.  

დიღმიდან გაგარინამდე "სწრაფი ავტობუსი" იმოძრავებს - ბას ლეინი და გაჩერებები გზის შუაში

გზის შუა ნაწილში მოეწყობა გაჩერებებიც, საიდანაც გადასვლა შუქნიშნების მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

საქართველოში გზის შუაში ავტობუსის ზოლები არა, თუმცა ფუნქციონირებდა ტრამვაის ზოლები. მაშინ გაჩერებაზე ტრამვაიდან ტროტუარზე მოხვედრა საკმაოდ სახიფათო იყო, რადგან არ იყო მოწყობილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

მსოფლიოში კი ავტობუსის ზოლების გზის შუა ნაწილში განთავსების ფართო პრაქტიკაა.

ასეთი ზოლები შეგხვდებათ მილანში, ამსტერდამში, მადრიდში და სხვა ევროპულ ქალაქებში.

 

ავტომობილებს კრძალავენ?!

იმის მიუხედავად, რომ რეკომენდაციებს ასეთი ზოლების მოწყობაზე, საკმაოდ ცნობილი ფრანგული კომპანია „სისტრა“ აძლევს, საზოგადოება მაინც წუხს, რომ ეს ზოლები უსაფრთხო და კომფორტული არ იქნება.

ქვეითების ნაწილის აზრით, ევროპაში ეს მოდელი თავისუფლად მოქმედებს იმიტომ, რომ გზებზე უპირატესობა სწორედ ქვეითებს აქვთ. საქართველოში კი ეს კულტურა არ არსებობს, რაც როგორც ზებრაზე გადასვლისას, ისე სხვა მონაკვეთებში ნათლად ჩანს.

გარდა უსაფრთხოებისა, კრიტიკული აზრები ისმის გზის სიგანის არასწორად გამოყენების მხრივაც. ამბობენ, რომ ჭავჭავაძის გამზირის ფართობი იმისთვის საკმარისი არ არის, რომ თან ორი ზოლი ბასლეინი მოეწყოს თავისი გაჩერებებით და კერძო ავტომობილებისთვისაც დარჩეს ადგილი…

ავტომობილის მძღოლები მიიჩნევენ, რომ ეს ავტომობილების შეზღუდვა კი არა – აკრძალვაა, თუმცა, იმედოვნებენ, რომ მერია ქვეითებთან ერთად მათ ინტერესებსაც გაითვალისწინებენ.

“ამ ეტაპზე, სანამ მოეწყობა, რთულია დაზუსტებით თქვა რა შედეგს გამოიღებს, თუმცა კითხვები უკვე ჩნდება. ზოგადად, ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მთავარ კითხვას და ალბათ პრობლემას ავტობუსის შუა გზაზე გაჩერება ქმნის. ადრე, ვისაც გახსოვთ, ანალოგიურად იყო მოწყობილი ტრამვაის გაჩერებები, საიდანაც მგზავრები შუა გზაზე ჩამოდიოდნენ და მერე გადადიოდნენ ტროტუარზე. წარმოიდგინეთ, დღეს როგორი მოძრაობაა და ამხელა ავტობუსიდან ხალხი სანამ ჩამოვა, მერე ახალი ნაკადი ავა, ამასობაში კი მოვა მეორე ავტობუსი, მერე მარშუტკები და აღარ დამთავრდება. ამასთან, მოგეხსენებათ, საცობი რა მალე დგება, ერთ შუქნიშანზე უკვე ასობით მანქანა გროვდება. მოკლედ, დაველოდოთ და იმის იმედი ვიქონიოთ, რომ საკითხი კარგად შეისწავლეს და გამოუვათ“, – განაცხადა ვახომ.

 

თუ სწორად გაკეთდება…

საკითხის კარგად შესწავლაზე ამახვილებს ყურადღებას ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილიც და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია გასაჯაროვდეს “სისტრას” კვლევები, თუ რის საფუძველზე გასცა მან “ბასლეინების” გზის შუა ნაწილში მოწყობის რეკომენდაცია.

როგორც “ფორტუნასთან” მესხიშვილი ამბობს, თბილისში, სადაც ზებრა გადასასვლელების და “ბასლეინების” უმეტესობა არასწორადაა მოწყობილი, რთულია წინასწარ რამის შეფასება. მას უამრავი კითხვა აქვს: დათვლილია თუ არა მგზავრთნაკადი, განსაზღვრულია თუ არა, რამდენ ხანში ერთხელ უნდა შეჩერდეს მოძრაობა, ქვეითებისთვის შუქნიშნები მოეწყობა თუ მხოლოდ ზებრა გადასასვლელები?

“ჩვენს დედაქალაქში “ბასლეინები” ძირითადად, არასწორადაა დახაზული, იმიტომ რომ კერძო ავტომობილები მაინც ხვდებიან ასეთ გზებზე, მაგალითად მერიის მიმდებარედ, ბარათაშვილის აღმართზე… ეს ასე არ კეთდება. მძღოლს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ წინასწარ იცოდეს, რომ უახლოვდება “ბასლეინს”. დამრღვევ მძღოლებზე უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, მაგრამ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ახლა მძღოლები ძირითადად უნებლიედ არღვევენ, ისეა მოწყობილი ავტობუსის ზოლები. სიურპრიზივით არის და ასეთი მძღოლების დაჯარიმება მიუღებელია. 

როდესაც ავტობუსის ზოლები კეთდება შუაში, ქვეითად მოსიარულეების რისკი იზრდება და ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს გადასასვლელს. შეიძლება მივიღოთ სწრაფი ავტობუსის ზოლი, მაგრამ საფრთხე არ უნდა შეექმნას ქვეითებს.

ჩვენ ბევრი ადგილი ვიცით თბილისში, სადაც ავტობუსის გაჩერების წინ არის ზებრა გადასასვლელი. ეს სკოლის მასალაშიც კი ისწავლება, რომ არ შეიძლება. დღევანდელი პრაქტიკით კი ვხედავთ, რომ ქვეითების გადასასვლელის 90% არასწორადაა გაკეთებული, იმის მაგივრად, რომ უსაფრთხო იყოს, პირიქით საფრთხეს შეიცავს. თუ ისე გაუკეთებ მძღოლს და ქვეითს გადასასვლელს, როგორცაა მოწყობილი თავისუფლების მოედანზე, ლეონიძის ასახვევამდე, იქ ცნობიერების ამაღლებაზე, ქვეითების უსაფრთხოებაზე და მძღოლის მიერ წესების დაცვაზეც ზედმეტია ლაპარაკი,” – განაცხადა მესხიშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ პროექტთან ერთად კვლევაც გამოქვეყნდება.

 

ქვეითი უპირატესია – ევროპისკენ ევროპულად

ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი რაზეც კრიტიკული მოსაზრებები ისმის, სინამდვილეში დადებითი მხარეა. ეკა ლალიაშვილი აცხადებს, რომ პროექტი, რომელიც მერიამ “სისტრას” რეკომენდაციით შემოგვთავაზა, თანამედროვე ქალაქის დაგეგმარების სტანდარტებში სრულად ჯდება.

“როგორც წესი, შუაში კეთდება ავტობუსის ზოლები, იმისთვის, რომ შეუფერხებლად ხდებოდეს მოძრაობა. შუა ზოლის უპირატესობაა ის, რომ შეფერხება ტრანსპორტს ფაქტობრივად არ აქვს. როცა ავტობუსის ზოლი გზის კიდეშია, იქ შესახვევებში ყოველთვისაა შეფერხება. ამ შემთხვევაში, რადგან გრძელი ქუჩაა, ვფიქრობ, გამართლებულია შუაში ავტობუსის ზოლი, გვერდებში კი ველობილიკები ეწყობა, რაც ასევე მისასალმებელია. მცირდება ადგილი ავტომობილებისთვის და მეტი სივრცეა ჯანსაღი და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვითხოვდით. დიახ, ეს არის მიზანი, რომ კერძო ტრანსპორტი შემცირდეს და შემცირდეს მათი გადაადგილების სიჩქარეც, რადგან სწორედ ეს კლავს უამრავ ადამიანს.

კულტურაში უნდა ჩავაჯინოთ, რომ მძღოლებმა გზა დაუთმონ ფეხით მოსიარულეს. ეს არის შემდეგი საკითხი, რომ ამაზე იმუშავოს საპატრულო პოლიციამ. გადასასვლელები ისეთი კომფორტული უნდა იყოს ქვეითისთვის, რომ ავტომობილები იძულებული გახდნენ, გაუჩერონ, თუ არა და უნდა დაჯარიმდნენ“, – ამბობს ლალიაშვილი.

 

თბილისის მერს კახა კალაძეს, “სისტრას” მიერ მომზადებული ჭავჭავაძის მოდელირებული პროექტის გრაფიკული ვიდეო ნანახი აქვს, ამბობს, რომ უსაფრთხოება იქ მაქსიმალურად დაცულია, თუმცა ჯერჯერობით პროექტი და კვლევები საჯარო არ არის, შესაბამისად მის გასაჯაროვებამდე, ქვეითებსაც, მძღოლებსაც და ექსპერტებსაც უამრავი კითხვა აწუხებთ.