დეპუტატ ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, შესაძლოა, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს. აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს.
პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში არ უნდა დადგეს“. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯაფარიძეს სასამართლომ სასჯელი მიუსაჯა, იქვე აღნიშნა, რომ ეს სასჯელი ძალაში შესული არ არის.
ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა
„მგონია, რომ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება არც უნდა შეუჩერდეს და ამას არც ვისურვებდი, რადგან საუბარია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც სინამდვილეში, თავისი შინაარსით კოლიზიაში მოდის და შეუთავსებელია სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. პატიმარს ციხეში ჯდომა რომ უწევდეს, ის თან ვერ იქნება პარლამენტის წევრი და ამიტომ ეს გადაწყვეტილება დღის წესრიგში შეიძლება დადგეს, მაგრამ სასამართლომ თქვა, რომ მივუსაჯე, მაგრამ ძალაში არ არის, რადგან ხანდაზმული არისო, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ უნდა დადგეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.