თელავის საკრებულოს წევრი, დეპუტატი მიხეილ გრემელაშვილი ოჯახის წერვებზე ძალადობის, მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს.
გუშინ, სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელმა და მიხეილ გრემელაშვილის ნათესავმა, მარიამ კუკუნაშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და დეპუტატი ოჯახის წევრებზე ძალადობაში დაადანაშაულა.
როგორც კუკუნაშვილი წერს, მამის მხრიდან მუდმივი ძალადობის გამო საკრებულო წევრის ქალიშვილმა თვითმკვლელობაც სცადა.
“ხმას არ ვიღებ წლებია დედის ხათრით, გამზრდელი ბიცოლის ხათრით, ბებიის ხათრით, მაგრამ ამაზე გაჩუმება უკვე დანაშაულია! პრინციპში აქამდეც დანაშაული იყო. მინდა ყველა იცნობდეთ ჩემს ბიძაშვილს, Mixeil Gremelashvili -ს. მან 19 წლის შვილები, გოგოები ისე სცემა, რომ დაალურჯა წყლის დაგვიანებით მიწვდის გამო გოგოები.და ეს, ცოლშვილის ცემა, ძალადობა და იარაღით დევნა და სროლა მისი მხრიდან წლებია უკვე გრძელდება. უფროს გოგოს, სუიციდის მცდელობა ჰქონდა, რომლის წინ წერილი დაწერა არ დაამმარხოთ, თეთრ ზეწარში გამახვიეთ და ისე გადამაგდეთ, ისეთ ჯოჯოხეთში ვცხოვრობ მეტს არც ვიმსახურებო.ფსიქოლოგებთან ტარების შემდეგ ძლივს გამოვიდა ბავშვი დეპრესიიდან. ბავშვები ამჟამად, ამ წუთებში პოლიციაში იმყოფებიან დაკითხვაზე და ისეთებს ყვებიან მამაზე, გაგიჟდებით… კახეთის ოცნების საკრებულოს წევრი მოძალადე, ლაჩარი მიხეილ გრემელაშვილი დასაჭერია, ან ვინ მისცა ასეთ ზნედაცემულ კაცს იარაღი? ჩამოართვით მამობის უფლება,გააშუქეთ ჟურნალისტებმაც სანამ შემოაკვდება ეს ულამაზესი ცოლშვილი და ანგელოზივით ბავშვები…მე წავიყვან ბავშვებს!!! ფურთხის ღირსადაც არ მიმაჩნიხარ მიხეილ გრემელაშვილო… სესიაშვილის პროტეჟევ, სესიაშვილსაც უნდა მივწერო საკრებულოში შენნაირებს როგორ აჩერებენ”, – წერს კუკუნაშვილი.
მარიამ კუკუნაშვილის პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, დეპუტატი მალევე საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მ.გ. თავის სახელზე რეგისტრირებული, “ტეტე”-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე. სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.