LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომი – რჩევები ბორჯომში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

ბორჯომი – ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტი, რომელიც ზღვის დონიდან 800-850 მეტრზე მდებარეობს.

რატომ ცდილობს ყველა აქ მოხვედრას? რბილი კლიმატი, მთები, ტყე, სუფთა ჰაერი, ნაცნობი სახელწოდება და… მინერალური წყალი.

ბორჯომი მტკვრის ხეობაში მდებარეობს, რომელსაც მდინარე ორ ნაწილად ყოფს. სახელწოდება წარმოიშვა სიტყვებისგან ბო(უ)რჯ (საციხო კედელი) და „ომი“.

ძველი ლეგენდის თანახმად, ბორჯომი დაარსდა ბუნებრივ ციხესიმაგრედ, რომლის კედლებად კავკასიის მთები გამოდიოდა. ხეობის ბორცვებზე ააგეს საგუშაგო კოშკები, რომლის ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი.

 

 

ბორჯომის სასტუმროები

ბორჯომი ტურისტული ქალაქია და საცხოვრებელი აქ საკმარისადაა. რადგან ბორჯომი პირველ რიგში ბალნეოლოგიური კურორტია, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სპა-სასტუმროები და სანატორიუმები. ერთ-ერთი მდიდრულია Crowne Plaza Borjomi 5*, რომელიც პირდაპირ პარკის გვერდითაა. აქ არის აუზი, საუნა, გოგირდის აბანოები, სპა-პროცედურების არჩევანი და ა.შ.

ცენტრიდან დაახლოებით 1.5 კმ-ს მოშორებითაა კიდევ ერთი მდიდრული სასტუმრო – Rixos Borjomi Spa & Health Centre 5*. აქაც არის სპა-ცენტრი აუზით, სხვადასხვა საუნები და მომსახურება. ამ სასტუმროების ნომრებში განთავსება 200 დოლარიდან იწყება.

ბორჯომის სანატორიუმები თანამედროვეა და ტექნიკურად აღჭურვილია, გარემონტებულია და საბჭოთა წარსულიდან არაფერი შემორჩა. ფასები 30 დოლარიდანაა ორნომრიან ოთახში ერთ პერსონაზე, რომელშიც კვებაც შედის და ექიმის მომსახურებაც. როგორც წესი, გოგირდის აბანოებით სარგებლობა უფასოა, სხვა სამედიცინო პროცედურებისთვის კი ცალკეა გადასახდელი.

ეკონომიური ტურისტებისთვის არის სასტუმრო სახლები. ბევრი მათგანი პარკის სიახლოვესაა, დაჯავშნა კი წინასწარ ჯობს, რადგან ეს რაიონი დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ოთახის ქირაობა 10 დოლარიდან იწყება.

 

„ბორჯომი აისი“ – სამვარსკვლავიანი სასტუმრო, მთების ხედით ბორჯომში მდებარეობს. უფასო Wi-Fi-სა და პარკინგის გარდა, დილით „შვედური მაგიდა“ იშლება.

Borjomi Palace – სპა-ოტელი ქალაქის ცენტრშია, პარკიდან 800 მეტრში. სასტუმროში სპა-ცენტრი და სატრენაჟორო დარბაზია.

Golden Tulip Borjomi – სასტუმრო ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია. უფასო Wi-Fi, რესტორანი, ტერასა, სპა-ცენტრი, ბანკომატი, ტელევიზორი, 24-საათიანი რეგისტრაცია. დილაობით მოქმედებს „შვედური მაგიდა“.

Hotel Victoria-Panorama – რკინიგზის სადგურიდან 1 კმ-შია. 24-საათიანი რეგისტრაცია, უფასო Wi-Fi, ხედი კავკასიის მთებზე. შედის საუზმე.

თორი – სტუმრების მომსახურებაშია სეზონურად გახსნილი ღია აუზი, უფასო Wi-Fi, ტელევიზორი, საკუთარი აბაზანა. ასევე საწერი მაგიდა და მაცივარი. ტერიტორიაზეა საბავშვო მოედანი. მოქმედებს „შვედური მაგიდა“.

 

კაფე და რესტორნები

ბორჯომში ასობით კაფე და რესტორანია და მუდმივად ემატება ახალგახსნილები. ძვირადღირებული რესტორნებიდან დაწყებული პატარა სახინკლეებით დამთავრებული უცხოელი სტუმრები ქართული კერძებით ძირითადად მაინც კმაყოფილები რჩებიან. განსხვავება ინტერიერსა და მომსახურებაშია და რა თქმა უნდა ცოტაც ფასებში.

საუკეთესოებად მიიჩნევა Inka Cafe, Borjomi Cafe და Taverna Nia.

 

გართობა და ღირსშესანიშნაობები

ბორჯომი არა მარტო ბუნებრივი, არამედ არქიტექტურული ღირსშესანიშნაობებითაც იზიდავს. აქ ქრისტიანული კულტურის ძველი ძეგლები მდებარეობს. მსურველებს შეუძლიათ ნახონ მე-10 საუკუნის წმინდა გიორგისა და წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის მონასტრები.

პატარა სოფელ დაბაში მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის ცნობილი ეკლესია. ის პირდაპირ კლდეშია გამოკვეთილი და 1333 წლის ქართული ორნამენტებითაა მოხატული. ტურისტებში ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ბორჯომში.

ყველაზე ცნობილი ტურისტული ქუჩაა 9 აპრილის ქუჩა, რომელიც მდინარეს მიუყვება. აქ ჩვეულებრივ ხმაური და მხიარულებაა, მუშაობს კაფე, ყიდიან სუვენირებს და ა.შ.

უფრო მეტის გასაგებად უნდა ეწვიოთ მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, რომელიც თავს იწონებს ასეული წლების განმავლობაში შეგროვებული 40 ათასზე მეტი ექსპონატით. ტურისტებს ემსახურებიან ექსკურსიამძღოლები.

ქალაქის ცენტრალურ პარკში მუდმივად არიან ბავშვები. აქ სამკურნალო წყაროების გარდა საბავშვო ატრაქციონები, აუზი და კინოთეატრიცაა. შესასვლელთან მდებარეობს საბაგირო გზა, რომლითაც ზემოთ ასვლა 4 ლარად შეიძლება.
პარკშია ჩანჩქერი, რომელიც შორიდანაც მოჩანს. მის სიახლოვეს დგას პრომეთეს ძეგლი. შესასვლელიდან ჩანჩქერამდე დაახლოებით 500 მეტრია.

 

ადმინისტრაციულ ცენტრში მუშაობს საინფორმაციო ცენტრი, სადაც პოპულარული ტურისტული მარშრუტების, ტურების და სხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ.

აქტიური ტურისტებისთვის არის რაფტინგი. ჯომარდობის ტური დაახლოებით 2 საათს მოიცავს და 60-70 ლარი ღირს.

 

 

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკი ბორჯომსა და ხარაგაულს შორის მდებარეობს. მისი უნიკალურობა გეოგრაფიული და ეკოლოგიური ზონების, ლანდშაფტების, ისტორიული ძეგლების და მდიდარი ფლორა-ფაუნის მრავალფეროვნებაშია. აქ შეგიძლიათ გაისეირნოთ ალპურ მდელოებზე, შეხვდეთ ირემს, კურდღელს, მელას, ასევე აქ ბინადრობენ დათვი და მგელი, თუმცა ისინი ადამიანებთან იშვიათად გამოდიან.

პარკში შესვლა უფასოა. ტერიტორიაზე ბილიკებია მოწყობილი, არის ადგილები კემპინგისთვის, 60 ლარად ცხენიც დაქირავებაც შეიძლება.

ეროვნული პარკის ფართობი საქართველოს ტერიტორიის 7.6%-ს შეადგენს.

 

https://www.youtube.com/watch?v=eQgWwONII88

 

თბილისიდან ბორჯომამდე 160 კმ-ია

 

 

ესენიც არ გამოგრჩეთ

 

მირზა რიზა ხანის სახლი

ბორჯომის ცენტრში შესანიშნავი სახლი, რომელიც თავისი მოხდენილობით და არაჩვეულებრივი იერით ყველას ხიბლავს.
ფირუზის სახლი სპარსეთის კონსულმა თავისი სატრფოსთვის ააშენა.

 

ლიკანის სასახლე

ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი. მავრიტანულ სტილში აგებული სასახლე (პროექტის ავტორი არქიტექტორი ლეონტი ბენუა) მწვანეშია ჩაფლული და მთების ფონზეა აღმართული.
მე-19 საუკუნის მიწურულს აგებულ დიდებულ სასახლესთან ბორჯომიდან სარეისო ავტობუსით ან ტაქსით მიხვალთ.
ამჟამად არ ფუნქციონირებს, იგეგმება სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარება.

 

მწვანე მონასტერი

სახელწოდებაც მიუთითებს, რომ ულამაზეს ადგილზე სრულ სიმშვიდეში აღმოჩნდებით. ყველაზე ძველი ნაგებობა მე-9-10 საუკუნეებით თარიღდება და იმ დროისთვის ტიპიურ ბაზილიკას წარმოადგენს.
ბორჯომიდან ყველაზე მარტივია ავტომანქანით (ტაქსით) მისვლა, თუმცა მიკროავტობუსებიც დადიან.

 

აწყურის ციხე

ერთ დროს აწყურის მძლავრი საციხო კედლები დანგრეულია. ციხესიმაგრიდან მშვენიერი ხედი იშლება. მზიან ამინდში ბორჯომის ეროვნული პარკის ხეობა კარგად ჩანს.
აწყურის ციხე ბორჯომი-ახალციხის გზაზეა და მარტივი მისაგნებია. თუ საკუთარი ავტომობილით არ ხართ, ბორჯომიდან ტრანსპორტს გაყვებით, ოღონდ მძღოლს უნდა თხოვოთ, რომ აწყურის გადასახვევთან გაგიჩეროთ.

 

პეტრეს ციხესიმაგრე

ჩვენს დროშიც შემორჩენილია ადგილები, რომლებსაც ახსოვს ომები და პოლიტიკოსები, პოეტები და ისტორიკოსები. ერთ-ერთი ასეთია პეტრეს უძველესი ციხესიმაგრე. ამჟამად ეს ნანგრევები უნიკალური ღირსშესანიშნაობაა.
ბორჯომიდან მტკვრის მარჯვენა ნაპირზე უნდა ჩახვიდეთ და რკინიგზას გაუყვეთ, მალევე მარცხნივ გადასახვევია და შემდეგ ზემოთ მიმავალი ბილიკი მიგიყვანთ კიდეც ციხემდე.
ალბათ უფრო მარტივია ლიკანის რომანოვების სასახლიდან წასვლა, რომელიც პირდაპირ ციხესიმაგრის მოპირდაპირედაა.

 

ტიმოთესუბანი

ტაძარი ერთ დროს მსხვილი მონასტრის ნანგრევებზეა აგებული. ტაძარი მართლაც ძველია, ისტორიული დოკუმენტების თანახმად მისი მშენებლობა 1195 წელს დაიწყო.
გარდა ასაკისა და შესანიშნავი არქიტექტურისა, ტაძრის მთავარი საგანძურია მისი უნიკალური ფრესკები. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეკლესიის მოხატულობა მისი მშენებლობის დროიდან შემორჩა.

ტიმოთესუბანი წაღვერთან ახლოსაა, ამიტომ ბორჯომიდან ამ მიმართულების სამარშრუტო ტაქსებს უნდა გაყვეთ.

 

 

კუკუშკა

ბორჯომი წარმოუდგენელია ცნობილი „კუკუშკის“ გარეშე.
ბორჯომი-ბაკურიანის ხაზი საქართველოს რკინიგზის ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი მონაკვეთია, რომელიც 1902 წელს გაიხსნა. ხაზზე დიდი ხნის მანძილზე მოძრაობდა მცირე ორთქლმავალი, რის გამოც დღემდე მეტსახელი „კუკუშკა“ (რუსული მეტსახელი ორთქლმავლისა) შემორჩა.
სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და რთული კლიმატური პირობების გამო, ოთხი წელი გაგრძელდა. 1902 წლის იანვრიდან ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ხაზით ბორჯომი-ბაკურიანი, პირველმა „კუკუშკა“ მატარებელმა გაიარა.
მაღალმთიან რაიონებში კურსირებისათვის სპეციალურად ინგლისიდან ჩამოიტანეს „პორტერის“ ტიპის ორთქლმავალი. მატარებელს ებმოდა ღია ტიპის ვაგონები, რომლებიც მხოლოდ მოაჯირებით იყო შემორაგული. 1967 წელს დამთავრდა სარკინიგზო ხაზის ელექტროფიკაცია და პატარა ორთქლმავალი ელმავალმა ჩაანაცვლა.

ხიდი, რომელიც წაღვერს ცემთან ბორჯომი-ბაკურიანის რკინიგზით აკავშირებს, რომანოვმა სპეციალურად შეუკვეთა საფრანგეთში. ფრანგი ხიდმშენის ალექსანდრ გუსტავ ეიფელის მიერ კონსტრუირებული ხიდი საქართველოში 1902 წელს ჩამოიტანეს და მდინარე ცემისწყალზე ააგეს. მას სწორედ ეიფელის ხიდს ეძახიან.

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

 

 

საინტერესო ფაქტები ბორჯომის შესახებ

 

ბორჯომის მინერალური წყაროები აღმოჩენილი ყოფილა ჯერ კიდევ ახალი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისში. ამაზე მეტყველებს XX საუკუნეში აღმოჩენილი 7 ქვის აბაზანა.

მინერალური წყლის „ბორჯომის“ ისტორია თითქმის 2000 წელიწადს ითვლის.

 

„ბორჯომისთვის“ დამახასიათებელი მოცისფრო-მომწვანო ფერის ბოთლი დაპატენტებულია და მას სახელად ეწოდება „ქართული მწვანე“ (Georgian Green).

 

1816 წ. ბორჯომის ველის მახლობლად, ქალაქ გორში ხერსონის გრენადერთა პოლკი განლაგდა. სწორედ ამ პოლკის ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს „ბორჯომის“ წყარო.

 

1841 წ. მეფის ნაცვალმა კავკასიაში, ევგენი გოლოვინმა, ბორჯომში სამკურნალოდ თავისი ქალიშვილი ეკატერინე ჩამოიყვანა. მისი განკურნების შემდეგ კი წყაროებს ევგენისა და ეკატერინეს წყაროები უწოდეს.

 

1842 წ. ექიმმა ამიროვმა გოლოვინს თხოვნით მიმართა, ბორჯომში კურორტი მოეწყოთ. იწყება ბორჯომის ინფრასტრუქტურის განვითარების პერიოდი.

 

„ბორჯომის“ ჩამოსხმის პირველი მცდელობა 1850 წელს განხორციელდა. ბორჯომის სამხედრო პოლკის აფთიაქარმა ზახაროვმა ის 1300 ბოთლში ჩამოასხა და ქალაქში ჩაიტანა გასაყიდად.

 

1900 წელს „ბორჯომის“ მინერალური წყლის წარმოებამ პირველად გადააჭარბა წელიწადში ერთ მილიონ ბოთლს.

 

დღეს „ბორჯომს“ იმავე წყაროდან მოიპოვებენ, რომელიდანაც 1890 წელს. მინერალური წყალი მიწის სიღრმიდან ამოსვლის დროს საშუალოდ 2000 კილომეტრს გადის.

 

 

უინსტონ ჩერჩილის საბჭოთა კავშირში ვიზიტის დროს მაგიდაზე „ბორჯომის“ ბოთლები ედო. ეს ოფიციალური პროტოკოლის განუყოფელი ნაწილი იყო.

იური გაგარინმა კოსმოსიდან დაშვების შემდეგ, პირველი ბორჯომი მოითხოვა.

 

ცნობილი საბჭოთა თეატრალური რეჟისორი გიორგი ტოვსტონოგოვი რეპეტიციისა ყოველთვის პარტერის მეთორმეტე რიგში იჯდა, სადაც მისთვის წინასწარ გამზადებული იყო „ბორჯომის“ ბოთლი.

 

ფილმ „სოლარისის“ გადაღებისას, კონფერენციის სცენაში მაგიდაზე იდგა „ბორჯომი“. გადამღები ჯგუფის წევრები ამბობდნენ, რომ სცენა თამაშდება შორეულ მომავალში და ბოთლის ეტიკეტი ან უნდა შებრუნდეს საპირისპირო მხარეს, ან მას უნდა გადაეკრას რაიმე სხვა, გამოგონილი ეტიკეტი. თუმცა ფილმის რეჟისორმა ანდრეი ტარკოვსკიმ თავისი გაიტანა, ბოთლი უნდა მდგარიყო ისე, რომ მისი ნამდვილი ეტიკეტი გამოჩენილიყო კამერაში. იგი დარწმუნებული იყო, რომ შორეულ მომავალშიც „ბორჯომი“ უეჭველად იქნებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები