გერმანიის გადაწყვეტილების შემდეგ, ახლა უკვე დიდი ბრიტანეთიც, ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების გამო, რუსეთს სანქციებს უწესებს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, სანქციები დაუწესდა 5 რუსულ ბანკს და და ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ 3 ბიზნესმენს.
როგორც თემთა პალატის სხდომაზე ჯონსონმა აღნიშნა, სანქციები შეეხება გენადი ტიმჩენკოსა და ძმებ როტენბერგებს.
ჯონსონის განმარტებითვე, პირებს, რომლებსაც ქვეყანა სანქციებს უწესებს, დიდ ბრიტანეთში შესვლა აეკრძალებათ:
“ეს არის პირველი ტრანში, პირველი ბარიერი, რისი გაკეთებისთვისაც ჩვენ მზად ვართ. ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ისინი ფლობენ დიდ ბრიტანეთში, გაიყინება და ამ პირებს აქ მოგზაურობა აეკრძალებათ”, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.
შეგახსენებთ, დღესვე გერმანიამ რუსულ გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკად 2-ს” ლიცენზია შეუჩერა.
როგორც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, ეს არის რუსეთისგან სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ორი რეგიონის აღიარების საპასუხო გადაწყვეტილება.