ცესკო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქცევის კოდექსს აქვეყნებს. ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს პარტიებს შეუერთდნენ შეთანხმებას. დოკუმენტი მოიცავს 4 თავს, თითოეული მათგანი კი 10-მდე კონკრეტულ რეკომენდაციას.
როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტი დაფუძნებულია საყოველთაოდ აღიარებულ საარჩევნო ეთიკის პრინციპებზე და მოიცავს სამართლიანი და ღირსეული კონკურენციის შესახებ ნორმებს, ამომრჩეველთა და მონაწილე პარტიათა უფლებების პატივისცემას, კოდექსის შესრულებაზე მონიტორინგისა და შიდაპარტიული აღსრულების მექანიზმებზე შეთანხმებას.
ქცევის კოდექსის მიხედვით, პარტიები უნდა შეთანხმდნენ, რომ ხელს არ შეუშლიან კონკურენტების წინასაარჩევნო კამპანიას, არ გამოიყენონ სხვადასხვა მეთოდი დისკრიმინაციისთვის, აღიარონ კანონის უზენაესობა, დაიცვან დაიცვან არჩევნებში მონაწილე სუბიექტის და ამომრჩევლების უფლებები, უარი თქვან ცილისწამებაზე, დისკრმინაციულ და ქსენოფობიურ მიდგომებზე.
„ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ვაქვეყნებთ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და ვიწვევთ ყველა რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას შემოუერთდეს აღნიშნულ ქცევის კოდექსს და აიღოს პასუხისმგებლობა მის შესრულებაზე“, – განაცხადა ჟვანიამ.
პარტიებს შეუძლიათ ქცევის კოდექსს შეუერთდნენ შემდეგნაირად:
ქცევის კოდექსის ხელმოსაწერი (დაბეჭდილი ან ელექტრონული ვერსია) მიეწოდება არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას და სურვილის შემთხვევაში, მასზე შეერთება პარტიებს შეუძლიათ დაადასტურონ თავმჯდომარის/ხელმძღვანელი პირის ხელმოწერით. ქცევის კოდექსის ტექსტი საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. ასევე, საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია ყველა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ, ვინც შეუერთდება დოკუმენტს.
https://www.facebook.com/CentralElectionCommissionOfGeorgia/videos/317499396144499