ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.
ცესკო-ს ცნობით, ამჯერად, შეხვედრა ლანჩხუთში გაიმართა და მასში მონაწილეობა 70-მდე ახალგაზრდამ მიიღო.
„შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ გახსნა, მან ახალგაზრდებთან საქართველოს არჩევნების ისტორიაზე, ამომრჩევლის როლზე და საარჩევნო უფლებებზე ისაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებზე, ამასთან, გიორგი შარაბიძემ ხაზი გაუსვა საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის და ამ პროცესის შესახებ ინფორმირების მნიშვნელობას.
დეზინფორმაციის გავლენაზე საარჩევნო პროცესზე და მის შედეგებზე, ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიდგომებზე შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს პრეს-სპიკერი ესაუბრა. ნათია იოსელიანმა დეტალურად განმარტა, თუ რა საშუალებებს იყენებს საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებისთვის სანდო ინფორმაციის მისაწოდებლად საარჩევნო პროცესში.
შეხვედრის ფარგლებში ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ბისიეშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური მოწყობის, არჩევნების ორგანიზებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ.
ახალგაზრდებთან შეხვედრა 7 მაისს ლანჩხუთის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა.
შეხვედრა ცესკოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. მემორანდუმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში იმართება“, – აღნიშნულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
