LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაერთვება თუ არა ბაჩალიაშვილის საქმეში FBI: პროგრამისტის გარდაცვალება რუსულ სპეცსამსახურს უკავშირდება?

260
მიხეილ რამიშვილი

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში, ოჯახის მოთხოვნით,  შესაძლოა, FBI (გამოძიების ფედერალური ბიურო) ჩაერთოს. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა დაუდასტურა.

 

როდის ჩაერთვება FBI თამარ ბაჩალიაშვილის გამოძიების საქმეში?

გამოძიებაში ოჯახის მოთხოვნით ვერავინ ჩაერთვება. ამას მთელი პროცედურები აქვს. მე უნდა მივმართო აშშ-ის საელჩოს და შესაბამისად უნდა მივიღო მათგან თანხმობა. გადაჭრით ვერ ვიტყვი ჩაერთვება თუ არა FBI თამარ ბაჩალიაშვილის გამოძიებაში.

რატომ გაუჩნდა ოჯახს სურვილი, რომ დახმარებისთვის FBI-სთვის მიემართა?

ოჯახმა FBI-ის ჩართვის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ კომპიუტერი ამ დრომდე ვერ იხსნება და არის გარკვეული საფრთხე. ოჯახის უნდობლობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ასე მოვქცეულიყავით, რათა კითხვის ნიშნები არ დარჩეს გამოძიების მიმართ. ეს ჩვეულებრივი მომენტია. ასეთი დამოკიდებულება აქვს ოჯახს, მე ვერაფერს შევცვლი.

ერთ-ერთი ვერსიით, თამარის გარდაცვალება შესაძლოა უკავშირდებოდეს რუსეთს, რადგან ბოლოს რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ პროგრამაზე მუშაობდა. თქვენ ამ ვერსიას გამორიცხავთ?

ჯერ გამოძიება სრულად არ არის ჩამოყალიბებული ვერსიებზე. საქმეში ბევრი კითხვის ნიშანია. არც ერთ ვერსიას არ გამოვრიცხავ. გადაჭრით ნამდვილად ვერ გეტყვით, გარდაცვალების გზა სად მიდის, ეს გზა რასთან მიდის, ჯერ ყველაფერი გასარკვევია. ასე დილეტანტურად ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. ყველაფერი შესაძლებელია. დაუშვებელი არაფერია.

 

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 22 ივლისს მისი ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ ავტომობილში.

გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები