LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩამოწვა კლდე! მოაყენეს ტექნიკა და დაიწყეს კლდის გამონგრევა, მეშინია, რომ აქ რაღაც უბედურება დატრიალდება“ – რას ჰყვება ლიკა ევგენიძე მარაბდის ქუჩაზე არსებულ ვითარებაზე და რას აცხადებენ მერიაში

298
Untitled design (1)

ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე სოციალურ ქსელში მარაბდის ქუჩაზე გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ ადგილზე კლდე ჩამოწვა.

დეტალების გასარკვევად „ფორტუნა“ ლიკა ევგენიძეს დაუკავშირდა.

როგორც მან „ფორტუნასთან“ საუბარში აღნიშნა, მიმდებარე ტერიტორია ერთი კვირის წინ შემოღობეს, ადგილზე ტექნიკა მიიყვანეს და კლდის გამონგრევა დაიწყეს.

ლიკა ევგენიძე მომუშავე ხელოსნებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ადგილზე 4-სართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს:

„ბავშვობიდან რაც მახსოვს, შატბერაშვილის ქუჩაზე, სადაც ვცხოვრობ, სულ კერძო სახლები იყო. რაც ჟვანიას უქნეს, ალბათ, ნანახი გაქვთ – ჩვეულებრივი კორპუსის ჯუნგლებია.  ჟვანია ხევი იყო, თავის დროზე წყალი ჩადიოდა და მიიჩნევა, რომ შენება მანდაც არ შეიძლება, რადგან ეს არ არის ის მიწა, სადაც ამსიმაღლე სახლის აშენება შეიძლება.ყველაფერს ხომ თავისი სტანდარტი აქვს.

ახლა შატბერაშვილს მოადგნენ – ერთი დიდი კორპუსი დააშენეს წინ, რომელიც ჟვანიაზე გადადის. მართლა სერიოზულად მეშინია, რომ აქ რაღაც უბედურება დატრიალდება.

ახლა, რასაც პირადად ვუყურებ – ბოლო ერთი კვირაა, რაც ხდება. შატბერაშვილის 41 ნომერთან არის შემოსახვევი, სადაც შემოდის უპატარავესი ჩიხი და კიდევ ერთი ჩიხი შედის მარცხნივ, სადაც ჩემი სახლია.

სადაც ჩიხი შემოდის, მანდ პატარა გამწვანებული ადგილი იყო, საიდანაც მარაბდის ქუჩაზე ადიოდა პატარა ბილიკი. მარაბდა პატარა ქუჩაა და შემდეგ ბილიკი კუს ტბაზე ადის.

გადაწყვიტეს, რომ იმ პატარა გამწვანებულ ადგილას უნდა ჩატენონ კორპუსი. რა თქმა უნდა, ეს ადგილი არ ეყოფოდათ კორპუსისთვის, ამიტომ მოაყენეს ტექნიკა და დაიწყეს კლდის გამონგრევა, რომ ეს ადგილი გააფართოონ.

 

 

შემოღობეს და ტექნიკა შემოიყვანეს, ბანერი ჯერ არ დაუდგამთ, იქ მომუშავე ხელოსნებმა მითხრეს, რომ 4-სართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს. ზემოთაც სახლებია, გვერდზეც სახლებია და უბრალოდ, სახლებს საძირკველი გამოუღეს, რაღაც ადგილზე ჭიშკარი ჰაერშია დატოვებული.

ანგრევდნენ. რაღაც მომენტში, არ ვიცი, რა მოხდა, შეჩერდა და ხელოსნები წავიდნენ. უკვე სამი დღეა, აღარ არიან, არავის ხელი აღარ უხლია, თუმცა თვითონ დაიწყო ჩამოშლა. მე მგონია, რომ ერთ დღესაც, მარაბდის ქუჩა შატბერაშვილზე ჩამოსული დამხვდება.

ჩვენთან არაფერია წესიერად დაცული, არც არავინ ფუთავს წესიერად ამ მშენებლობებს, დანარჩენი არაფერი ვიცით.. ამ ადგილას რანაირად შეიძლება კორპუსის აშენების უფლება გასცე, არ მესმის. გუშინ უკვე ვნახე, რომ კლდის დიდი, მასიური ქვებია ჩამოწოლილი, ეს ვიდეო დღეს არის გადაღებულია.

 

 

თბილისის მერია / Tbilisi City Hall ჩამოწვა კლდე! იქნებ მიიღოთ ზომები, სანამ მთელი მარაბდის ქუჩა ჩამოშლილა?

Posted by Lika Evgenidze on კვირა, 18 სექტემბერი, 2022

 

მერია დავთაგე, ვიდეო სამჯერ დავდე, ველოდები, თუ რამე რეაქცია იქნება. ჩემი შვილები, ამ ქუჩის ბავშვები, აქ თამაშობდნენ.

ჩვენი, საზოგადოების ბრალიცაა, რადგან ამ ყველაფერს ვითმენთ და ხმას არ ვიღებთ – დასახიჩრდა, რას დაემსგავსა ჩვენი ქალაქი, ერთი გამწვანებული ადგილი რომ არის ბავშვისთვის, იმასაც აღარ გვიტოვებენ“, – ამბობს ლიკა ევგენიძე „ფორტუნასთან“.

რა ვითარებაა ადგილზე და რამ გამოიწვია მიწის ჩამოშლა – დეტალების გასარკვევად „ფორტუნა“ თბილისის მერიას დაუკავშირდა.

როგორც მერიაში აცხადებენ, ფერდი ჩამოშლილი არ არის, სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს და ვითარებას მუნიციპალური ინსპექცია შეისწავლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები