ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობით დაზარალებულების პროტესტი გრძელდება. დღეს, მოქალაქეების ნაწილმა შიმშილობა გამოაცხადა, 3-მა მოქალაქემ კი, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და პირი ამოიკერა. მოქალაქეებმა დახმარებისთვის სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართეს.
როგორც პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობით მათი სახლები დაიბზარა, კომპანია კი, კომპენსაციის გადახდას არ აპირებს. საუბარია სოფელ შუქუთზე, სადაც მოქალაქეების თქმით, ნახევარზე მეტი საცხოვრებელი სახლები საფრთხის ქვეშაა, რადგან კომპანია მანგანეზს მიწის ქვემოთ მოიპოვებს და შესაბამისად, სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ სამუშაოები მათ საფრთხეს უქმნის.
„ჯორჯიან მანგანეზში” კი აცხადებენ, რომ კომპენსაციების გაცემა გარკვეულ ჯგუფებზე უკვე დაწყებულია.
ცნობისთვის, ჭიათურაში, პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქალაქეებმა ადგილობრივი მერიის შენობასთან კარვების გაშლა მოითხოვეს, თუმცა, ამის საშუალება მერიამ არ მისცა. მოქალაქეების თქმით, უწყვეტი პროტესტი 85-ე დღეა გრძელდება.
ჭიათურის მერის, გივი მოდებაძის განცხადებით, აქციის მონაწილეები მასთან კარვის გაშლის მოთხოვნით დაახლოებით 4-5 დღის წინ მივიდნენ.
“ჩემი ინფორმაციით, ამ ადამიანებისთვის არის კონკრეტული შეთავაზება, ფინანსურად ზუსტად არ ვიცი თანხა, მაგრამ ეს ადამიანები ამბობენ, რომ უფრო მეტი ეკუთვნით. თავიდანვე შევთავაზე ორი ვარიანტი-სასამართლოში წასვლა და დავა, ან მეორე – ალტერნატიული ექსპერტიზა. ამ დრომდე არაფერი არ აქვთ გაკეთებული“, – განაცხადა ჭიათურის მერმა.