LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლაპარაკება ვერ გაიმართება, ანაზღაურების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დიდი სიცრუეა – მაღაროელების პასუხი „ჯორჯიან მანგანეზის“ შეთავაზებაზე

243
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (6)

„ამ საქმესთან დაკავშირებით მოლაპარაკება ვერ გაიმართება. ჩვენ ბიზნესის საქმე არ ვიცით და არც გვაინტერესებს. ეს სახელმწიფოს და კომპანიის საკითხია, შეთანხმება მათ შორის უნდა მოხდეს და პრობლემაც ამის მიხედვით გადაწყდეს, ჩვენ ვართ სამთოელები და შეგვიძლია მაღაროს მუშაობ სწორად წავიყვანოთ,“ – ასე ეხმაურება „ფორტუნასთან“ საუბარში, მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გუშინ, ღამით გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, კომპანია მზადაა, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს.

„კომპანია მზად არის, სრული კონსესუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს” – „ჯორჯიან მანგანეზი” განცხადებას ავრცელებს

„კომპანია ჯერ კიდევ ცდილობს, დაყოფით ისარგებლოს, თბილისში გასაპროტესტებლად არა მხოლოდ მაღაროელები, არამედ ღია სამუშაოების შემსრულებლებიც არიან ჩამოსული. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ნაციონალიზაცია მოხდეს და ჩვენი სიმდიდრე სახელმწიფომ ჩაიბაროს და მან განკარგოს. მათ მხოლოდ გარკვეული ნაწილი უნდათ რომ გადმოსცენ, ეს არარეალურია და ასე ვერ მოხდება“, – ამბობს მაღაროელი.

რაც შეეხება, „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ სახელფასო ანაზღაურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას, ტარიელ მიქაცაძე აღნიშნულს სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ რეალურ რიცხვებს თავად გაასაჯაროებენ:

„დღეს ჭიათურიდან შემოგვიერთდნენ მეგობრები, ახლა გაერთიანებულ პროფკავშირებთან კონსულტაციებს გადიან – მალე პარლამენტთან მოვლენ და მოგვიტანენ იმ სახელფასო ამონაწერებს, რომელსაც ბანკი მოგვცემს და რომელიც რეალურია.

ყველას გაჩვენებთ, რეალურად რა ოდენობის ხელფასს იღებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანი მაღაროში და მიწის ზედაპირზე“, – ამბობს „ფორტუნასთან“ ტარიელ მიქაცაძე.

მისივე თქმით, თბილისში, პარლამენტთან შიმშილობას კვლავ 4 ადამიანი განაგრძობს. ჭიათურის მერიასთან მოშიმშილეებიდან კი ორი ადამიანი ცუდად გახდა და მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელი კლინიკაში გადაიყვანეს

ტარიელ მიქაცაძის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია დღესაც 19:00 საათზე გაიმართება.

ცნობისათვის, ჭიათურაში მაღაროელთა აქცია 6 ივნისიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს ქალაქის მერიის შენობასთან კარავი აქვთ გაშლილი. შიმშილობა დაიწყო 10-მა მაღაროელმა.

მაღაროელმა გიორგი კუპატაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და თვალები ამოიკერა.

14-დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ კი, მაღაროელთა ნაწილი და მათი მხარდამჭერები თბილისში ჩამოვიდნენ და 19 ივნისს პარლამენტთან უწყვეტი აქციები დაიწყეს.

„17 ნაკერი მადევს, ამ ნაშრომით ივსებოდა ბიუჯეტი.. დღეს თვალებაკერილი აღარავის ვჭირდები?!“ – მაღაროელი, რომელმაც თვალები ამოიკერა, პრემიერს მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები