LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს სანქცირებული მოქალაქის სახელს და გვარს, ჩვენ ვასრულებთ და პატივს ვცემთ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას“ – ნათია თურნავა

155
Untitled design (4)

„როდესაც სანქცია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ეხება, სანქციის აღსრულების პროცესში ზედმიწევნით იყოს დაცული კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლებები“, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს სანქცირებული მოქალაქის სახელს და გვარს. აქედან გამომდინარე, ის, რომ ეს გადაწყვეტილება რომელიმე კონკრეტული პირის დაცვას და სანქციებიდან თავის არიდებას მიებას, ამ გადაწყვეტილების პოლიტიზების მცდელობაა.

ეს ცვლილება ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს, იმიტომ რომ ინტერპრეტაციები გაჩნდა.

ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული ინსტიტუცია, ვასრულებთ და პატივს ვცემთ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას, მაგრამ ჩვენს ქმედებებში ვხელმძღვანელობთ და ამოვდივართ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით.

შესაბამისად, ჩვენი ვალდებულებაა, როდესაც სანქცია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეხება, ამ სანქციის აღსრულების პროცესში ზედმიწევნით იყოს დაცული კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლებები და ეს აღსრულება მოხდეს კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილების მთავარი არსი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

იქამდე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და „ეროვნული ბანკის საქმიანობაში უხეში ჩარევის აღსაკვეთად“ საზოგადოებას აქციისკენ მოუწოდა.

ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ დღეს 17 საათზე აქციას აანონსებს „ნაციონალური პარტიის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიაც.

აღნიშნული საკითხზე კომენტარი საბანკო სექტორშიც გაკეთდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g