LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციხეებში ვიზიტები ჩვენთვის არამარტო გართულდა, არამედ საფრთხის შემცველი გახდა: სახალხო დამცველის საგანგებო განცხადება

70
FORTUNA.GE- (4)

“უკანასკნელი თვეების განმავლობაში, დაწესებულებების ადმინისტრაციის და ე.წ. “ციხის მაყურებლების” მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას.” – სახალხო დამცველმა დღეს ბრიფინგი გამართა და პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის, პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტებისა და მონიტორინგის განხორციელება არამარტო გართულდა, არამედ საფრთხის შემცველი გახდა.

მან 2020 წელს გამოქვეყნებული ანგარიში ახსენა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებების მართვის მოდელი დაფუძნებულია პატიმართა არაფორმალურ იერარქიაზე, სადაც ე.წ. „ციხის მაყურებლები“ ციხეებში უზრუნველყოფენ მოჩვენებით წესრიგს, რაც მიზნად ისახავს პატიმართა გაჩუმებასა და მათთვის პრობლემებზე საუბრის აკრძალვას.

ლომჯარიას განცხადებით, აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა სახალხო დამცველზე საჯარო თავდასხმები და უკანონო ქმედებები იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციური სამსახურის მხრიდან.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი უკანონო ქმედებების მიზანია, პატიმრებთან კომუნიკაციისა და ციხის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელების ხელშეშლა.

ლომჯარია მაგალითად ასახელებს 2020 წლის 31 ოქტომბერს და შემდგომ, განმეორებით, 2021 წლის 14 იანვარს ქსნის N15 დაწესებულებაში განვითარებულ მოვლენებს:

“პატიმართა კონკრეტულმა ჯგუფმა სახალხო დამცველის თანამშრომლებს არ მისცა ჯერ საარჩევნო უფლების რეალიზების პროცესზე დაკვირვების, შემდგომ კი დაწესებულების ექიმთან გასაუბრების საშუალება. აღნიშნული განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც N15 დაწესებულების ერთ-ერთი პატიმარი რამდენიმე დღის წინ კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაიცვალა და არაერთი პატიმრის ოჯახის წევრმა მოგვმართა პატიმრების მონახულების თხოვნით.” – აცხადებს სახალხო დამცველი.

ის ასევე ამბობს, რომ რეალური საფრთხის გამო, სახალხო დამცველი განიხილავს პრევენციული მონიტორინგის ვიზიტების მხოლოდ დამატებითი უსაფრთხოების ზომების პირობებში განხორციელების შესაძლებლობას. ამავე დროს, აპარატი გააგრძელებს ინდივიდუალურ შეხვედრებს პატიმრებთან.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი რეაგირებისთვის მიმართავს:

➤  საქართველოს მთავრობას – მიიღოს მყისიერი ზომები ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელის შესაცვლელად;

➤  საქართველოს იუსტიციის მინისტრს, დაუყონებლივ დააყენოს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისა და შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებების დირექტორების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი;

➤  საქართველოს პარლამენტს, საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების გამოყენებით, შეისწავლოს ნახევრად ღია დაწესებულებების მართვის უკანონო მოდელი, რათა ყველა პატიმარს ჰქონდეს მათ პრობლემებზე და უფლებადარღვევებზე მიმართვის შესაძლებლობა შესაბამისი დაწესებულებებისთვის ან ორგანიზაციებისთვის;

➤  საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სახალხო დამცველის საქმიანობის ხელშეშლისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც წინადადება უკვე წარდგენილია პროკურატურაში.

სახალხო დამცველი ინფორმაციას მიაწვდის გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტს და ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს, რათა მათ განახორციელონ საქართველოში ვიზიტი პატიმართა უფლებების დაცვის მიზნით.