LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენი: ამ დროისთვის არ არსებობს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის საფუძველი

125
ლევან იოსელიანი, აქცია პარლამენტთან

სახალხო დამცველის აპარატი პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებს და მონაწილეები პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავენ.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ შეუშალოს ხელი შეკრების მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების განხორციელებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს

„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი თვალს ადევნებს შეკრების მიმდინარეობას, რომელიც მშვიდობიან ხასიათს ატარებს და მონაწილეები პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავენ. შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების არსებობის და მისი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, რა დროსაც ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს.

ამ დროისთვის სახალხო დამცველის დაკვირვებით, არ იკვეთება შეკრების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, შესაბამისად არ არსებობს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის საფუძველი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ შეუშალოს ხელი შეკრების მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების განხორციელებაში“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე აქციაზე, რამდენიმე ადამიანი უკვე დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ამ დროისთვის 4 პირია დაკავებული.

პრეზიდენტი: საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ დაუშვებს!

პოპულარულები