LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათუნა მგელაძე და ნინო ფუტკარაძე ხელს აწერენ: „დიდი ხანია, მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია…“

1633
mgeladze

მომღერალი დათუნა მგელაძე და ჟურნალისტი ნინო ფუტკარაძე მალე ხელს მოაწერენ, ქორწილს კი მოგვიანებით, გაზაფხულზე გადაიხდიან, თუ შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის შესაძლებლობას მისცემს. დათუნას მეჯვარე ოთხი ახლო მეგობარი იქნება, მათ შორისაა ნიკუშა ხაჩიძე, ხოლო ნინოს მხრიდან მარი ბერიძე, სწორედ ამ ორმა ადამიანმა შეუწყო ხელი წყვილის დაახლოებას საერთო სამეგობრო წრეში…

დათუნასა და ნინოს „აკადემია ლაუნჯში“ შევხვდით, სადაც ფოტოსესიის შემდეგ, მათი დიდი სიყვარულის ამბავი მოვისმინეთ…

ნინო, დათუნამ როგორ მოგაწონა თავი?

დათუნას იმდენად ბევრი კარგი თვისება აქვს, ძალიან მოვიხიბლე. განსაკუთრებით მომეწონა ის, რომ ძალიან ერთგული და უღალატო ადამიანია და დიდი სიყვარული შეუძლია. ვერ ვიტყვი იმას, რომ გაცნობამდე დათუნა მომწონდა და მასზე ვფიქრობდი… როცა გავიცანი, იმ დღესვე მომეწონა. ჩვენ საერთო სამეგობრო წრე გვყავს, მის შესახებ მესმოდა, მაგრამ არასდროს გამიმახვილებია ამაზე ყურადღება. პირველი დანახვისთანავე შევატყვე, როგორი ადამიანიც იქნებოდა. პირველად რაც ვიფიქრე, ზუსტად იგივე შთაბეჭდილებით ვარ ახლაც. ერთგულება დავასახელე საუკეთესო თვისებებს შორის და იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ერთად ვართ და მაშინაც, როცა ოთხი თვე დაშორებულები ვიყავით, არც კი გამიგია არაფერი. ვერც წარმოგვედგინა, რომ ერთ ჩვეულებრივ კამათს შეიძლებოდა რამდენიმეთვიანი დაშორება მოჰყოლოდა, მაგრამ ასე მოხდა. როცა შევრიგდით, მას მერე არც დავშორებივართ ერთმანეთს.

ჩვენ ერთმანეთი 2016 წლის 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს გავიცანით. ამ წლების განმავლობაში სულ ვურთიერთობდით და ვერც გავიგეთ, ისე შეგვიყვარდა ერთმანეთი.

დათუნა, შენ ოფიციალური შეყვარებული არასდროს გყოლია…

ბავშვობის მერე ნამდვილად არ მყოლია და სხვათა შორის, უსიყვარულობას ძალიან განვიცდიდი. შენთანაც მილაპარაკია ინტერვიუში ხშირად, მაგრამ მივხვდი, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს – ამ გრძნობისთვის ლოდინი ნამდვილად ღირდა…

როცა ნინო გავიცანი, პირველივე ნახვაზე მომეწონა. საერთო სამეგობრო წრე გვყავს ძალიან დიდი. იმდენი ადამიანი ამბობდა მასზე, ძალიან კარგი გოგოაო, რომ… არაჩვეულებრივი იუმორი აქვს. სხვათა შორის, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამაზე გავამახვილებდი ყურადღებას. თუნდაც დღევანდელი დღე ავიღოთ, დილიდან იმდენი მაცინა… ძალიან კარგი თვისებაა. ვგიჟდები ნინოზე, მიყვარს, ერთგულია, ის ადამიანია, რომელთან ერთადაც მთელ ცხოვრებას გავატარებ.

რატომ იყავით დაშორებულები ის ოთხი თვე, გაგვიმხილე.

დღეს ჩამირთო რაღაც კლიპი, მითხრა, რომ ვერ იტანს ვერც ამ კლიპს და ვერც სიმღერას, ვერც იმ დღეს… გამახსენა, რომ ამ კლიპის გადაღების დღეს ვიჩხუბეთ (იცინიან). მე არ მახსოვდა, ან რატომ უნდა დამემახსოვრებინა ეს ჩხუბის დღე?!. რეალურად ბევრი რამ მავიწყდება. ბავშვობიდან ასე ვარ. მთელი ცხოვრება ჩემი და მახსენებს მნიშვნელოვან თარიღებს.

სიურპრიზების გაკეთებაც არ იცი?

რაც ჩემში არ ზის, იმის გაკეთება არ შემიძლია. რამდენჯერ მიფიქრია, იცი? – კარგი, შენ არ შეგიძლია, მაგრამ ყველა გოგონას მოსწონს რომანტიკა… თუმცა ვერაფრით დავაძალე საკუთარ თავს.

ჩხუბების შემდეგ როგორ რიგდებით ხოლმე?

ნინო:

ერთხელ ნაჩხუბრები ვიყავით ძალიან უიმედოდ. მგონი, ჩემი მიზეზით, რადგან მე გახლდით შემრიგებლის პოზიციაში. ჩემს მეგობართან, მარი ბერიძესთან ვიყავი, ტელეფონს სქროლავდა და შეხვდა გადაცემა, სადაც დათუნა მკითხავთან იჯდა და ის ეუბნებოდა, – შეყვარებულს დაშორდი ახლახან, მაგრამ არ ინერვიულო, მალე სხვა გამოჩნდებაო… ფერი წამერთვა სახეზე. იქამდე ხომ ვითმენდი და არ ვურეკავდი. ეგრევე ავიღე ტელეფონი და დავურეკე.

როცა ვჩხუბობდით ხოლმე, რადიოს ჩავრთავდი, მისი სიმღერა იყო, ტელევიზორს ჩავრთავდი და იქაც დათუნა მხვდებოდა ხოლმე…

დათუნას შემოქმედება როგორ მოგწონს?

ძალიან მომწონს, რადგან ვფიქრობ, ყველასგან განსხვავებულია. და რაც მთავარია, გულით აკეთებს თავის საქმეს.

დათუნა, შენ როგორ მოგწონს ნინოს პროფესია? ის საინფორმაციო სამსახურში მუშაობს „რუსთავი 2“-ზე.

(იღიმის) მე არ ვარ ის ადამიანი, ვინმეს რამე ავუკრძალო. ნინოს პროფესიას ძალიან დიდი დრო მიაქვს და შრომატევადი საქმეა, რაც, რა თქმა უნდა, არც ერთ მეორე ნახევარს არ მოეწონება.

ნინო:

თუკი ჩემს ცხოვრებაში დადგება ეტაპი, როცა ვიგრძნობ, რომ ჩემს ყურადღებას ვერ გავანაწილებ სათანადოდ, ჩემი ოჯახის გამო არ გამიჭირდება კონკრეტულ სამსახურზე უარის თქმა, თუმცა ჯერ ვერ ვხედავ ამ პრობლემას.

რა გაერთიანებთ, თქვენი აზრით?

დათუნა:

როგორ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, ერთმანეთი მართლა ძალიან გვიყვარს. ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია, ამას მივხვდი ძალიან დიდი ხანია…

ქორწილს გეგმავთ?

ნინო:

ამ დღეებში ვაპირებთ ხელის მოწერას და ერთად ცხოვრებას, თუმცა ამ პერიოდში ასკაციან ქორწილს ვერ გადავიხდით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო.

დათუნა:

ახლა ხელს მოვაწერთ, წავალთ სადმე სამოგზაუროდ. ქორწილის გადახდა არასდროს არ არის გვიან. რატომ არ შეიძლება, რომ გაზაფხულზე გადავიხადოთ? გუშინ დათო ხუჯაძეს შევხვდი და მან მითხრა, როცა შანსი მოგვეცა და გამოჩნდა დრო, როცა ნაკლები ადამიანი იყო ინფიცირებული, მაშინ გავაკეთეტ ქორწილიო, რომელიც იდეალური გამოვიდა. ჩვენც გვაქვს დიდი ქორწილის სურვილი. უამრავი ადამიანი ელოდებოდა ჩვენს ქორწილს… ძალიან კარგი დროის გატარებას ვგეგმავთ.

ფოტო: მიშო ტორონჯაძე

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები