დღეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი, ანნა ჩერნიშოვა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა.

ორგანიზაციის ცნობით, ანნა ჩერნიშოვამ სახალხო დამცველის მიმართ UNDP-ის უპირობო მხარდაჭერა გამოხატა და ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ეფექტიანი და შეუფერხებელი მუშაობა, საქართველოს ეროვნული პრიორიტეტების მიღწევისთვის და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისათვის აუცილებელია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე გაიმართა მსჯელობა UNDP-სა და სახალხო დამცველის თანამშრომლობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სოციალურად  დაუცველი მოსახლეობისა და მარგინალური ჯგუფების უფლებების დაცვაზე.

UNDP-ის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების საფუძველზე, სახალხო დამცველი შეძლებს, სრულფასოვნად ჩაერთოს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო შექმნილი ვითარების გადაწყვეტაში.

“ხშირად რთულია იყო სახალხო დამცველი, რადგან სიმართლე, რომელსაც სახალხო დამცველი ამბობს, ყოველთვის არ არის მარტივი მისაღები და ასევე, მარტივი გამოსათქმელი.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის ფუნქციების შესრულება და მოვალეობის საფრთხის ქვეშ დაყენება ან კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ნებისმიერი მიმართულებით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთლიანად დემოკრატიას ქვეყანაში და ზღუდავს დემოკრატიას ქვეყანაში.

აქედან გამომდინარე მინდა მოვუწოდო როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის, მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დაუჭირონ მხარი სახალხო დამცველს მისი ფუნქციების განხორციელებაში და ასევე, დაუყოვნებლივ მოხდეს სახალხო დამცველის შეშვება ნინოწმინდის სკოლაში.

ჩვენ, როგორც გაერო მხარს ვუჭერთ და ვაგრძელებთ სახალხო დამცველის მხარდაჭერას ნებისმიერ სიტუაციაში“, – განაცხადა ანნა ჩერნიშოვამ ნინო ლომჯარიასთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნინოწმინდის პანსიონთან მიმართებაში, ყველა გადაწყვეტილება, ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა უნდა მიიღონ და განახორციელონ.

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები