LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედამიწის ფილტვები იწვის: მასშტაბური ხანძარი ამაზონის ტყეში (ფოტოები)

4609
amazonas-1-1566396112.jpg-1734428432-1200x545-c

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძრების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად ბრაზილიის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის სტიქიის ზონისგან შორს მდებარე პუნქტებში დაკვამლიანება დაიწყო.

ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს განმარტებით, ბრაზილიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტიქიასთან გასამკლავებლად დამატებით 40 ადამიანის გაგზავნაც კი არ შეუძლია, რადგან ამის შესაბამისი რესურსი არ არსებობს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დიდი შვიდეულის წევრ სახელმწიფოებს სამიტზე ამაზონის ტყეში ხანძრის საკითხის განხილვისკენ მოუწოდებს. განცხადებას საფრანგეთის პრეზიდენტი საკუთარი „ტვიტერის“ გვერდზე გამოეხმაურა.

„ჩვენი სახლი იწვის. ამაზონის ტროპიკული ტყე, რომელიც დედამიწის ჟანგბადის 20 პროცენტს გამოიმუშავებს, ცეცხლშია გახვეული. ეს საერთაშორისო კრიზისია.
დიდი შვიდეულის სამიტის წევრებო, მოდით პირველ რიგში, ორ დღეში სწორედ ეს საგანგებო ვითარება განვიხილოთ,“ – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.

ემანუელ მაკრონის განცხადებას ბრაზილიის პრეზიდენტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს საკითხი მაკრონმა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.

ბრაზილიის ხელისუფლება და მესამე სექტორი ხანძრის გაჩენაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

 

მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნახშირბადის საცავია, რაც გლობალური დათბობის ტემპების შენელებას უწყობს ხელს. ამასთანავე, აქ სამ მილიონამდე სხვადასხვა სახეობის მცენარე და ცხოველი ბინადრობს. გარდა ამისა, იქ მილიონამდე მკვიდრი მოსახლეობა ცხოვრობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები