ნაძალადევის რაიონში მდებარე ყოფილ სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს მიიღებენ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური სანატორიუმში მცხოვრებ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.
“მინისტრის მოადგილე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის პრობლემებს პირადად გაეცნო და მათი მოგვარების გზებზე ესაუბრა.
ილია ღუდუშაურის განმარტებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხოება, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და მათი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს პრიორიტეტია.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ყოფილ სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს მიიღებენ, მანამდე კი სამინისტროს წარმომადგენლებმა დევნილ ოჯახებს დროებით ქირით გადასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს”, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებთან პერიოდულად შეხვედრები გაიმართება, სადაც დევნილი ოჯახები სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს პირადად გაეცნობიან.
შეგახსენებთ, ყოფილ სანატორიუმში შესახლებულმა დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსკენ საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.
მათი განცხადებით, დღეს ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, სადაც მათი პრობლემა უნდა გადაჭრილიყო, თუმცა, სამინისტრო მხოლოდ ქირით გადასვლას სთავაზობს. მათი მოთხოვნა ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებაა.
როგორც ყოფილ სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილები აცხადებენ, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას მიმართავენ.