საქართველოს პარლამენტი დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს.
განახლებულ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ რამდენიმე ცვლილებაა: პრემიერობის კანდიდატია ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია ჯუანშერ ბურჭულაძე. მაია ცქიტიშვილის ჩანაცვლებას კი მისი პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე აპირებს. ყველა სხვა მინისტრი თანამდებობაზე რჩება.
სესიამდე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრობის კანდიდატები ფრაქციის ფორმატში „ქართულ ოცნებას“ შეხვდებიან. ოპოზიციის წარმომადგენლებმა უარი თქვეს ფრაქციის ფორმატში მთავრობის ახალ შემადგენლობასთან შეხვედრაზე.
„წინა ორი დღე, შაბათი და კვირა გამოყენებული იქნა კომიტეტების მიერ მინისტრობის კანდიდატების და სამთავრობო პროგრამის განსახილველად. ბლოკების მიხედვით იყო დაჯგუფებული სამინისტროები და შესაბამისი კომიტეტები. დასრულდა ეს მოსმენები კომიტეტებში, კომიტეტებისგან მიღებული იქნა დადებითი თანხმობები, ხოლო დღეს დილიდან გაიმართება უკვე ფრაქციის შეხვედრა პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებთან. ამის შემდეგ ბიუროზე მოხდება ამ კომიტეტის გადაწყვეტილებების ინიცირება და უკვე სესიაზე, რომელიც დღესვე გაიმართება, დადგება პრემიერ-მინისტრისთვის და სამთავრობო გეგმისთვის მხარდაჭერის საკითხი. მოგეხსენებათ, რომ უმრავლესობა მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და მთავრობის პროგრამას. ფაქტობრივად ეს პროგრამა გარკვეულწილად იმ ძირითადი ხაზის გაგრძელებაა, რაც სულ რაღაც სამი თვის წინ იქნა მიღებული და დამტკიცებული. მთავარი მიმართულებაა ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობა და განაცხადის გაკეთება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით არის ამ პროგრამის მთავარი სულისკვეთება. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა ახალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს აქვს თავისი გარკვეული ხედვები, მაგრამ ძირითადი ხაზი არის უცვლელი.”-განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
ნდობის მისაღებად მთავრობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.