LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს რიგით პროკურორს არ აქვს საკმარისი დამოუკიდებლობა და სისტემა არ არის გამჭვირვალე: ნათია მეზვრიშვილი

31
ნათია მეზვრიშვილი

დღეს რიგით პროკურორს არ აქვს საკმარისი დამოუკიდებლობა და სისტემა არ არის გამჭვირვალე. აღარაფერს ვამბობ იმ კოლეგიურ ორგანოებში გავლენის ჯგუფების არსებობაზე, რომელიც გენერალური პროკურორის კანდიდატურას არჩევს და პროკურატურის საქმიანობის მიმართულებებს განსაზღვრავს, ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი წერს.

ამ განცხადებით მეზვრიშვილი გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას ეხმაურება და წერს, რომ „ოცნება“ ცვლილების „ჩაგდებას“ აპირებს.

„ორი სიტყვით პროკურატურასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომლის ჩაგდებასაც „ოცნება“ აპირებს. პირველ რიგში, ყველა ინიციატივის ჩაგდების თუ მოჩვენებითი ცვლილების მიღმა მხოლოდ ერთი რამ დგას – მართლმსაჯულების მთელ სისტემაზე ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად!

მეორე, არსებული ფორმით რომც მიიღონ, მაინც არ შეესაბამება მიშელის შეთანხმებას, ვინაიდან ინიციატივა კვალიფიციური უმრავლესობით გენერალური პროკურორის არჩევას, მხოლოდ მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ ითვალისწინებს.

მესამე, პროკურატურის მთავარი და ერთადერთი გამოწვევა დღეს ეს არ არის. დღეს რიგით პროკურორს არ აქვს საკმარისი დამოუკიდებლობა და სისტემა არ არის გამჭვირვალე. აღარაფერს ვამბობ იმ კოლეგიურ ორგანოებში გავლენის ჯგუფების არსებობაზე, რომელიც გენერალური პროკურორის კანდიდატურას არჩევს და პროკურატურის საქმიანობის მიმართულებებს განსაზღვრავს,“- წერს მეზვრიშვილი „ფეისბუქზე“.

მისივე სიტყვებით, პარტია პროკურატურის თემას აუცილებლად მიუბრუნდება, ვინაიდან გუნდისთვის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური და ყოვლისმომცველი რეფორმა უმნიშვნელოვანესია.

„მანამდე კი, რამდენიმე თვის წინ დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომელიც სასამართლოში გავლენის ჯგუფების აღმოფხვრისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და რომელსაც იმედია, ექნება პარტნიორების მხარდაჭერა.

დღეს უკვე ვაინიცირებთ საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის შესახებ უმნიშვნელოვანეს კანონპროექტს,- ჩვენი მანდატის ფარგლებში ვაგრძელებთ საგამოძიებო სისტემის უდიდეს რეფორმას, რომელიც 2017 წელს დავიწყეთ და დღეს ხელისუფლებას გაჩერებული აქვს, მიუხედავად ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისა.

ამ ცვლილებებმა გამომძიებელი უნდა გახადოს მეტად დამოუკიდებელი, უნდა გაზარდოს მისი ავტორიტეტი, გააუმჯობესოს გამოძიების და საპროკურორო საქმიანობის ხარისხი. ამ ცვლილებებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაასრულოს სჯა-ბაასი იმაზე, ვინ რაზეა პასუხისმგებელი. სადაც არ უნდა ვიყოთ, ვაგრძელებთ მუშაობას უკეთესი მართლმსაჯულების სისტემისთვის და უკეთესი საქართველოსთვის“, – წერს ნათია მეზვრიშვილი.