ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტი კარგს არაფერს მოუტანს უკრაინას, რუსეთი კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შანსებს ვერ ხედავს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ამასთან, პესკოვი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინაში დასავლური იარაღის მიწოდების გაგრძელება კონფლიქტის გაღრმავებას გამოიწვევს.
„იარაღის მიწოდება გრძელდება, მიწოდებული იარაღის დიაპაზონი ფართოვდება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იწვევს კონფლიქტის გამწვავებას და, ფაქტობრივად, უკრაინისთვის სასიკეთო არაფერი მოაქვს“, – თქვა დიმიტრი პესკოვმა.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი დღესვე აშშ-ის კონგრესს მიმართავს. კონგრესში სიტყვით გამოსვლამდე უკრაინის ლიდერი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ მხარეები პრესკონფერენციას გამართავენ.