LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი – წიაღისეული რესურსების წილი ექსპორტში 35%-ია

139

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წიაღის სექტორში მომუშავე ლიცენზიანტი კომპანიების წარმომადგენლებს დარგში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტულ რეფორმებს შორისაა სამთო-მოპოვებითი სექტორის რეგულირების მიმართულებაც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბოლო წლების ტენდენციები საქართველოში წიაღით სარგებლობის მოთხოვნასთან მიმართებაში, კერძოდ, 2014 წელთან შედარებით, პრაქტიკულად გაორმაგდა მოთხოვნა სარგებლობის ლიცენზიებზე, განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა სამშენებლო ნედლეულზე.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაიწყება წიაღის სექტორის ფართომასშტაბიანი რეფორმა. 2018 წელს შემუშავდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ახალი საკანონმდებლო პაკეტი მომზადდება.

მისივე ინფორმაციით, სექტორში 25 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. წიაღისეულით სარგებლობის სფეროში შექმნილი პროდუქციის დიდი ნაწილი გადის ექსპორტზე (წიაღისეული რესურსების წილი ექსპორტში 35 პროცენტს შეადგენს).

შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა სტუქტურული რეფორმების შედეგად შექმნილ ახალ უწყებაზე – წიაღის ეროვნულ სააგენტოზე, რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება მუდმივად განახლებადი და ხელმისაწვდომი გეოლოგიური ინფორმაციის უზრუნველოფა, სალიცენზიო ობიექტისთვის გეოლოგიური ინფორმაციის მომზადება, წიაღის სახელმწიფო ბალანსის მართვა, ობიექტების ლიცენზირება და სალიცენზიო პირობების მონიტორინგი.

ცნობისთვის, 20 თებერვლიდან შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე rs.ge-ზე სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზირების ელექტრონული პროგრამა ამოქმედდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია ზავრაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ახალი პროგრამა უზრუნველყოფს თითოეული ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების, ლიცენზიის ფარგლებში წარმოდგენილი წლიური ანგარიშების, ასევე რეგულირების საფასურის ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად წარმოების შესაძლებლობას.

მაია ზავრაშვილის განცხადებით, ლიცენზიის მფლობელს სახელმწიფოსთან ანგარიშგება ელექტრონული ფორმით შეეძლება. პროგრამა ასევე უზრუნველყოფს ლიცენზიის მფლობელის ინფორმირებას ელექტრონულად, ან მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, მის მიერ შესასრულებელი სავალდებულო ქმედებების ვადის დადგომის შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები