LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟილეტები შიშველ სხეულზე და მოდური მოდელები სოფო იოსებიძისგან – რა ჩავიცვათ ზაფხულში

3720
sopo-iosebidze

დიზაინერი სოფო იოსებიძე გვესაუბრება თავისი ახალი კოლექციის ძირითადი მიმართულებების შესახებ, ასევე იმაზე, თუ რისი ჩაცმა მოსწონს ქართველ მომხმარებელს და როგორია მისი ხელწერა.

თქვენი კოლექციიდან ნამუშევრები ხშირად გვხვდება სოციალურ ქსელში, ბევრი ცნობილი ადამიანი ირგებს მათ. საინტერესო ნამუშევრები გაქვთ. როდის გაგიტაცათ ამ პროფესიამ?

მაქვს დამთავრებული მოდელირება, ასევე კინოსა და მხატვრობის ფაკულტეტი. როდესაც საქართველოში რენი ჰარლინმა „აგვისტოს 5 დღის“ გადაღება გადაწყვიტა, მაშინ მესამე კურსის სტუდენტი გახლდით, ამ ფილმზე მუშაობა დავიწყე და იქიდან მოყოლებული ჩემი ატელიეც მაქვს. დაახლოებით 15 წელია, რაც ამ სფეროში ვარ.

როგორ უნდა დაიმკვიდროს დიზაინერმა თავი საქართველოში და თქვენ რა გზა გამოიარეთ?

ახლა ეს პროფესია ძალიან ტენდენციურია, მე რომ დავამთავრე სწავლა, მაშინ არ გახლდათ ასეთივე აქტუალური. ძალიან დიდი შრომა, დიდი ცოდნაა საჭირო, ასევე მომხმარებელთან ურთიერთობის კულტურა – ამ პროფესიას ძალიან დიდი დრო მიაქვს და არის სტრესულიც. შორიდან, ალბათ, ადვილი ჩანს, მაგრამ ასე არ არის – ყველას ვურჩევდი, ვინც მოდელირების პროფესიას აირჩევს, რომ სერიოზულად მოეკიდონ ამ საქმეს – ფინანსური საშუალებაც უნდა გქონდეს, რადგან სახსრების გარეშე საინტერესოს ვერაფერს გააკეთებ. თავიდან სახელოსნოში დღე და ღამე ვმუშაობდი, პირველი ხუთი წელი, ძირითადად, ინდივიდუალურ შეკვეთებზე ვმუშაობდით, შემდეგ უფრო მასშტაბური სახე მიიღო. ბევრი მეგობარი მაღაზია გვყავს, სადაც შედის ჩვენი პროდუქცია, ასევე გვაქვს ჩვენი ბრენდის შოურუმიც.

თქვენი ხელწერის ჩამოყალიბებას რა დრო დასჭირდა?

გემოვნება თანდაყოლილია, თავისთავად – მაქვს ლიმიტირებული კოლექციის ხაზი, ოტ კუტიური, რომელიც ჩემი შინაგანი სურვილის გამოხატულებაა, ეს არ არის მასმარკეტი, ძალიან საინტერესოა და აკმაყოფილებს ჩემს შემოქმედებით მხარეს. გარდა ამისა, კომერციული გათვლით ვამზადებთ ხოლმე კოლექციას, ათამდე მოდელს, რომელიც ძალიან მოსწონს ჩვენს მომხმარებელს. ჩემი ხელწერა უკავშირდება ჩემს სურვილს, რომ არაფერი იყოს ერთფეროვანი, რაღაც განსხვავებული დეტალი, პრინტის, ნაქარგის თუ სხვა სახით უნდა შემოვიდეს ნამუშევარში, მასმარკეტისთვის განკუთვნილ კოლექციაშიც კი შეხვდებით განსხვავებულ ნიუანსს, ის, რაც სხვას არ აქვს.

საზღვარგარეთ რა კავშირები აქვთ და თუ ინტერესდებიან თქვენი ბრენდის კოლექციებით?

კოვიდამდე გვყავდა რამდენიმე ბაიერი და ჩვენი კოლექცია გადიოდა საზღვრებს გარეთ. პირადად მე ინდივიდუალურად დამკვეთები მიკავშირდებიან მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილიდან, დაწყებული შვეიცარიით, დამთავრებული აშშ-ით. საზღვარგარეთ ჩვენი მაღაზია არ გვაქვს, მაგრამ პროდუქცია გადის.

 საზაფხულო ტენდენციების შესახებ გკითხავთ – რა ჩავიცვათ?

მე, როგორც დიზაინერი, გირჩევთ, რომ ზაფხულში, პირველ რიგში, ფერადი და ნატურალური სამოსი ჩაიცვათ. სინთეტიკა ძალიან ვნებს ორგანიზმს.

ბოლო პერიოდში ყველაფერი მოდაშია – წინა წლებში უფრო დაკონკრეტებული იყო ტენდენციები, ვთქვათ, ვიცოდით, რომ მოდაში იყო ან წვეტიანი, ან ოთხკუთხედი ფეხსაცმელი… ახლა კი, მოდურია როგორც მაღალწელიანი, ვინტაჟური შარვლები, ასევე დაბალწელიანიც. ბოლო ორი წელია, მიქსმოდაა – მოდურია ფერადი ტანსაცმელი. ადრე პასტელურ ფერებს ვანიჭებდით უპირატესობას, ახლა მაქსიმალურად ფერადია მოდაში. 70-80-იანი თუ 90-იანი წლების სინთეზია.

თქვენ რამდენად მისდევთ მსოფლიო ტენდენციებს – უფრო მეტად კლასიკური მოდელები გაქვთ, ხომ?

კლასიკასაც ვაკეთებ და ანდერგრაუნდსაც – ძალიან მიყვარს დაბალწელიანი შარვლებიც. უბრალოდ, რაც იყიდება, ის უფრო მეტად ჩანს. ყველა დიზაინერი ექცევა გარკვეული ტენდენციების ქვეშ, მაგრამ კოლექციებს განწყობიდან გამომდინარე ვქმნი. ბოლო პერიოდი ძალიან მომწონს კაცის კლასიკური სამოსი, რომელსაც ვშლი და ვაწყობ ქალზე მორგებულ ვერსიებს. შიშველ ტანზე ჟილეტები, რომლებსაც შარვლებს ვუხამებთ – ეს ძალიან აქტუალური გახდა, აიტაცეს ჩვენმა მომხმარებლებმა. ეს არის ის, რაც კარგად მიიღო თბილისმა. ახლა ბრიჯისა და ჟილეტის კომბინაციას შემოგთავაზებთ. ეს ჩემი განწყობაა და არ ვარ კონკრეტული ტენდენციის გავლენის ქვეშ. ორეულები, ნატურალური ქსოვილებისგან შეკერილი სამოსი, კონსტრუირებული ასიმეტრიული ხაზებით – ეს იქნება ჩემი ახალი საზაფხულო კოლექციის მთავარი მიმართულება.

სოფო იოსებიძე

საფასო პოლიტიკაზე მინდა გკითხოთ – საკმაოდ დემოკრატიული ფასები გაქვთ და ხშირია აქციებიც. 

ეს ჩემი პირადი პოლიტიკაა, რითაც ჩემს კომპანიაში დიდად აღფრთოვანებულები არ არიან. ზოგადად, არ გამოვირჩეოდი კოსმოსური ფასებით – ხალხს რაც მოსწონს, მინდა, რომ ხელმისაწვდომი იყოს. კოვიდი დაწყების შემდეგ მეტად გავხდით ქართველ მომხმარებელზე დამოკიდებულები. მეტი აქცია შევთავაზეთ. მინდა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება, ჩაიცვან „სოფო იოსებიძე“. ამისთვის ძალიან ბევრს ვშრომობთ, გვინდა, მომხმარებელი კმაყოფილი იყოს…

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები