LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუეტი „ლეონიი“ ახალდაბადებული ვაჟის მონაწილეობით ოჯახურ შოუს შემოგვთავაზებს

7473
levanwverava

დუეტი „ლეონიი“ მომღერალ ლევან წვერავასა და მისი მეუღლისგან, ნინი კენჭიაშვილისგან შედგება. ნინი და ლევანი 11 წელია, წყვილია, თუმცა ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომ ისინი დუეტად შედგებოდნენ და შემოგვთავაზებდნენ ერთობლივ სიმღერებს, რომელთაც „იუთუბზე“ ათასობით ნახვა ექნებოდა.

წყვილს დიდი ხანი არ ჰყავდა შვილი და ახლახან ნანატრი ვაჟი, ნოე შეეძინათ.

ლევან წვერავა „სეიშენის“ წევრია, თუმცა პარალელურად, სხვა მუსიკალური პროექტების იდეები მუდმივად უტრიალებს. „ლეონიის“ შემდეგ, „იუთუბ არხზე“ ახალი გვერდი გამოჩნდა, სადაც ოჯახი ახალ შოუს შემოგვთავაზებს.

რა შეცვალა დიდი ხნის ნანატრმა შვილმა თქვენს ცხოვრებაში?

ლევანი:

პირდაპირ ვიტყვი, თავიდან ბოლომდე შეცვალა, თავიდან ბოლომდე აავსო ბედნიერებით ყველა წუთი და წამი. რადიკალური სხვაობაა. ყველა დღე განსხვავებულია.

ნინი:

ყველაფერი სხვანაირად დამანახვა. თითოეული გათენებული დღე მიხარია. ხანდახან ლევანს ვეუბნები ხოლმე, ამდენ ხანს მის გარეშე როგორ ვცოცხლობდით-მეთქი. სიტყვებით ამ შეგრძნებებს ვერ გადმოვცემ. ძალიან დიდი სიყვარულია.

ლევან, აღზრდის პროცესში როგორ ხარ ჩართული?

სხვანაირად წარმოუდგენელიცაა. ამდენი წელი შვილს ველოდებოდით და გაგების დღიდან ვგეგმავდი, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება შვილთან ერთად. მისი დაბადების დღიდან  ერთად როგორ უნდა ვყოფილიყავით. ახლა პანდემიის პერიოდში უფრო მეტად მიწევს სახლში ყოფნა და მაქსიმალურად ვარ ჩართული, ალბათ, იმაზე მეტად, ვიდრე საჭიროა.

წინასწარ თუ ემზადებოდით, რჩევები თუ მიიღეთ ვინმესგან, ან ლიტერატურას გაეცანით?

ნინი:

ჩემი დისშვილი ნახევრად ჩემი გაზრდილია, ამიტომაც პრაქტიკა მქონდა და არ დამჭირდა არაფრის წაკითხვა, თუმცა ზოგჯერ „გუგლს“ ვიყენებ და დამატებით ინფორმაციას ვიღებ. დედაჩემი მეხმარება და მასაც ხშირად ვეკითხები რჩევებს. ამ წუთშიც დედასთან ვარ.

როგორი ბიჭია ნოე?

ორივეს ჰგავს, თვალები მამის აქვს, დანარჩენი – ჩემი. ჯერ პატარაა, რომ გაიზრდება, მერე უფრო გამოჩნდება მსგავსება.

ლევანი:

როცა ნოეს ფოტოებს ვდებთ, უდიდეს სიყვარულს ვიღებთ. „ლეონიის“ პროექტის დაწყებიდან, როცა ჩვენი შემოქმედებითი ქარხანა ამუშავდა, ჩვენს პოსტსა და სურათებს უამრავი მოწონება და დადებითი კომენტარები აქვს. ნოეს ფოტოებს ხშირად ვდებთ, მაგრამ ეს ალბათ, ყველა მშობლისთვის არის დამახასიათებელი. გვწერენ ხოლმე, აი, ახლა მამას ჰგავს, ახლა – დედასო. მე მიმაჩნია, რომ ზოგადად, ნინის ჰგავს, მაგრამ თვალები უფრო ჩემი აქვს. თვალებს რომ ახელს, ჩემი იერი აქვს.

როცა გაიგეთ, რომ შვილი შეგეძინებოდათ, სქესს ჰქონდა მნიშვნელობა?

ლევანი:

სხვათა შორის, ორივეს გოგო გვეგონა.

ნინი:

რა თქმა უნდა, ჩვენთვის სულ ერთი იყო, გოგონა იქნებოდა, თუ ბიჭი. ჩვენთვის მთავარი იყო, რომ ჩვენი შვილი ჯანმრთელი ყოფილიყო. შვილი შვილია და სქესს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

აპირებთ კიდევ თქვენი ოჯახის გაზრდას?

რასაკვირველია. თუ უფალი ინებებს. გვინდა, ბევრი შვილი გვყავდეს. რაც დავაგვიანეთ ამდენი წელი, გვინდა, ავინაზღაუროთ.

როგორი გსურთ, თქვენი შვილი გაიზარდოს?

ლევანი:

რა თქმა უნდა, უკვე ვფიქრობთ ამაზე. ეს ფიქრი გაძლიერდა, როდესაც ჩვენი შვილი ხელში დავიკავეთ. ცხოვრება შეიცვალა იმით, რომ გაჩნდა ადამიანი, ვისთვისაც უნდა ვიცოცხლოთ ამ ქვეყანაზე. ამ დილით ვამბობდი ზუსტად, რომ ჩემი შვილისთვის ყველაფერს გადავდგამ, ყველაფერს გავაკეთებ. რამე თუ დამაკლდა ცხოვრებაში, ნებისმიერი თვალსაზრისით, ვეცდები, ნოესთვის ის გავაკეთო.

სახელი როგორ შეარჩიეთ?

ნინი:

ძალიან მომწონდა ნოე. ჩემი მოსაზრება იყო, რომ ეს სახელი უნდა შეგვერჩია.

ლევანი:

სხვადასხვა სახელი მომივიდა თავში, მაგრამ არა ნოე. მინდოდა, პატარა სახელი რქმეოდა. როცა ნინიმ გააჟღერა ეს სახელი, ვთქვი, აქ დავსვათ წერტილი, სხვა სახელი არ განვიხილოთ-მეთქი. ახლაც რომ ვუყურებ, ნოეა (იღიმის)…

თქვენი მრავალწლიანი მოლოდინის ასე დაგვირგვინება უამრავ ადამიანს გაუხარდა. რას ურჩევდით მათ, ვინც ასევე ელოდება, როდის ეწვევა ეს ბედნიერება?

ჩვენ შვილი მოლოდინის მე-11 წელს გაგვიჩნდა. 10 წელი მცირე დრო არ არის. ნინი 17 წლის იყო, როცა ჩვენ დავოჯახდით. მთავარია, როცა ორმხრივი სიყვარულითაა შექმნილი ოჯახი. ჩვენ ერთმანეთს ყოველდღიურად ვაიმედებდით. ჩვენი მთავარი საზრუნავი დაოჯახების შემდეგ იყო მომდევნო ეტაპი, ანუ შვილის ყოლა. არც ერთი წამით არ დამიშვია, რომ ჩვენ მშობლები არ გავხდებოდით. გულზე ხელიც არ დაგვიკრეფია. ყველაფერს ვცდილობდით, სამედიცინო ჩარევები იქნებოდა, თუ სხვა რამ.

ნინი, როცა ლევანს გაჰყევი ცოლად, პოპულარული იყო უკვე, ალბათ, ლევანის დამოკიდებულებამაც განაპირობა თქვენი ოჯახის სიმყარე…

ნინი:

არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ ვაიმე, შვილი არ მყავს და რა უნდა ვქნა-მეთქი. ლევანთან ერთად გადავლახე ყველა სირთულე. არც მიგრძნია ის, რომ ამდენი წელი შვილი არ გვყავდა…

ეჭვიანობის მომენტი არასდროს მქონია. ასეთი რამ არ გამომიცდია. არაფერი მახსენდება მსგავსი.

ლევანი:

როდესაც მე დავოჯახდი, 25 წლის ასაკში, ყველა მომენტი გავლილი მქონდა, როგორც ბიჭს. შეიძლება, ამაში ჩემი პროფესიაც დამეხმარა, რომ ძალიან ბევრი რამ ვნახე. როცა გადავწყვიტე, რომ ოჯახი უნდა შემექმნა, ყველაფერ სხვას წერტილი დავუსვი, ძველ ცხოვრებას დავემშვიდობე. ნინის მართლა არ უგრძნია არაფერი მსგავსი, რადგან სრულად ვიყავი ჩართული ოჯახურ ცხოვრებაში.

თქვენი ოჯახური დუეტი ძალიან პოპულარულია. ეს რამ განაპირობა?

„სეიშენიდან“ დავიწყებ, ჯგუფიდან, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ბევრ რამეს ნიშნავს. ბევრი რამ ამ ჯგუფშიც საკუთარ თავზე მქონდა აღებული. რამდენადაც კარგია ჯგუფი პოპულარობისთვის, იმდენად რთულია სამართავად. ჩავთვალე, რომ ჯგუფს გარეთაც მქონდა ძალა, რომ საკუთარი გამოცდილება ცალკე კარიერისთვისაც გამომეყენებინა. თანაც, ვნახე, რომ პოპულარული იყო ქართული მელოდიების ახლებური ვერსიები. ეს ხედვაც აღმომაჩნდა და გადავწყვიტე, რომ ნინიც ყოფილიყო ჩემთან ერთად. ნინი მღერის, ოჯახის დონეზე კარგად, აგყვება, კარგად შეასრულებს. დღეს სოციალურ ქსელებში წყვილები ძალიან პოპულარულია. მელოდიებმა, ჩვენმა ერთობამ, ნაფიქრმა პროექტმა ძალიან გაამართლა. მგონი, დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული პროექტია.

ბავშვის მონაწილეობით რა პროექტს აპირებთ? რეალური შოუ იქნება?

ჩვენმა პოპულარობამ განაპირობა ეს ახალი იდეაც. როცა ნოე დაიბადა, წერილების გახსნას ვერ ვასწრებდით. ასეთი დიდი სიყვარულისა და ყურადღების მიღებამ მოგვაფიქრებინა, რომ გავაკეთოთ პროექტი „ლეონიი ფემილი“. გაკეთდა ცალკე „იუთუბ არხი“, სადაც ნელ-ნელა განვათავსებთ ვიდეოებს ჩვენი ოჯახური ცხოვრების შესახებ, რაც ხალხს აინტერესებს. მეტ-ნაკლებად ვიცი, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. როგორც კი ნოეს „დროს მოვპარავთ“, დავიწყებთ. დღევანდელ ცხოვრებაში ძალიან მარტივია ბევრი რამ, როცა არსებობს სოციალური ქსელები. ის, რომ დღეს ნოესთან ერთად სახლში ვართ, შეიძლება, ბევრისთვის საინტერესო გახდეს.

სიმღერასთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ?

ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელი არის ერეკლე დიდია. ის არის ყველა არანჟირების ავტორი, ჩემთან ერთად. მის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. გვაქვს ფუფუნება, რომ რაც შეიძლება ბევრი სიმღერა ჩავწეროთ და გამოვუშვათ. ვაპირებ ყოველ ორ კვირაში ერთხელ ახალ-ახალი სიმღერა გამოვუშვა. ყველა მათგანი იქნება ნაფიქრი, მორგებული იმ ადამიანებზე, ვისაც უყვარს ჩვენი შესრულება. უკვე ისიც ვიცი, რომელი სიმღერის შემდეგ რა უნდა შევთავაზო მსმენელს. პანდემია კარგად გამოვიყენეთ…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g