საჯარო რეესტრის ყოფილი უფროსის პაპუნა უგრეხელიძის საქმეზე მსჯელობა გრძელდება. შეგახსენებთ, მისმა ყოფილმა თანამშრომელმა ეკა მესხიძემ უგრეხელიძე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.
ივნისში პაპუნა უგრეხელიძემ ეკა მესხიძის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. როგორც აგვისტოს დასაწყისში უგრეხელიძემ საჯაროდ განაცხადა: “სასამართლომ მოპასუხე ეკატერინე მესხიძეს დაავალა მთელ რიგ კომპანიებში უარყოს 1 წლის წინ მის მიერ გავრცელებული ცრუ, მოგონილი ბრალდებები…“
ეკა მესხიძემ შესაგებელი სააპელაციო სასამართლოში შეიტანა.
ის ასაჩივრებს სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მან 5 ტელევიზიაში, საკუთარი განცხადებები უნდა უარყოს.
როგორც „ფორტუნას“ ეკა მესხიძემ განუცხადა, მას სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურად ამ დრომდე არ ჩაბარებია და ის მხოლოდ ზეპირსიტყვიერად გაჟღერდა, ამიტომ არ იცის რას ეყრდნობა მოსამართლის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილება.
“არ ვეთანხმებით იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მოსამართლემ 9 აგვისტოს ზეპირსიტყვიერად გამოაცხადა. თუმცა დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსამართლის ჯერ არ მიგვიღია, ამიტომ ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. სასამართლოდან არავინ პასუხს არ გვცემს. ორ კვირაში უნდა ჩაგვბარებოდა და თვეზე მეტი გავიდა,“ – განაცხადა ეკა მესხიძემ.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოში მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს უგრეხელიძე სასამართლომ ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებაში უდანაშაულოდ ცნო. გადაუმოწმებელი ინფორმაცია „ფორტუნას“ ვებ-გვერდზეც მოხვდა. განმარტებისთვის, მასალა მომზადდა თავად პაპუნა უგრეხელიძის მიერ სოცქსელებში ოფიციალურად გაკეთებული განცხადების მიხედვით, თუმცა სათაურში გამოტანილმა ფრაზამ მისი მოსაზრება დადასტურებულ ფაქტად წარმოაჩინა.
რეალურად კი, ეკა მესხიძე აცხადებს, რომ ამ თემაზე სასამართლოს არც უმსჯელია.
„დავა იყო სულ სხვა რამეზე. ჩემი ინტერვიუდან კონკრეტული წინადადებების უარყოფის მოთხოვნა იყო – ძირითადად შეფასებების,“ – აღნიშნავს ეკა მესხიძე „ფორტუნასთან“.
ის რომ სასამართლოს სექსუალურ შევიწროებაზე და ძალადობაზე არ უმსჯელია, ნათლად ჩანს, სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილშიც, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და სადაც წერია, რომ დავის საგანი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა იყო და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილი სრულად შეგიძლიათ იხილოთ: აქ
აღსანიშნავია, რომ საქმის შესწავლის მოთხოვნით ეკა მესხიძემ თავდაპირველად სახალხო დამცველს მიმართა, რომელმაც დისკრიმინაციის ფაქტი დაადასტურა, თუმცა დასკვნა გასაჯაროვებული არ არის.
ამასთან, სახალხო დამცველმა პაპუნა უგრეხელიძეს რეკომენდაციით მიმართა სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ.