ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა შეჩერდა, – ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს, რომელიც „ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელს გიორგი ჩიქოვანს ესაუბრა.

ჩიქოვანის თქმით, ამ ეტაპზე რთულია პროგნოზის გაკეთება, როდის დაიწყება სამუშაოები, თუმცა პროექტი აუცილებლად განხორციელდება.

„ეკონომიკის სამინისტრომ პანდემიიდან გამომდინარე მიზანშეუწონლად მიიჩნია ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის წელს დაწყება. პანდემიის გამო, 2020 წელს ინფრასტრუქტურის ნაწილის აშენებაზე გამოცხადებული ტენდერით არავინ დაინტერესებულა, შესაბამისად, პროექტის განხორციელება გადავდეთ, სავარაუდოდ ვიდრე სიტუაცია არ გამოსწორდება და ტურიზმის სფეროს აღდგენა არ დაიწყება. პროექტის დაწყების ზუსტ თარიღზე პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება“, – აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ზონის ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, მუზეუმს, ზიპლაინს, ლიფტს კაშხალზე.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები