გორში 4 წლის ბავშვის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ჩუტყვავილას ვირუსის გართულებას ასახელებენ. ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბავშვს ადგილობრივმა ექიმებმა სათანადო სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს:
„თბილისში უნდა წაგვეყვანა, უკვე ძალიან ცუდად რომ იყო „გორმედთან“ მივიყვანეთ.
ექიმი გამოვიდა, „უიმე ჩუტყვავილა აქვსო, აქ როგორ უნდა მივიღოო“. ვეუბნები, ექიმს, რომ ჩქარა, ცუდად არის, გადასხმა გაუკეთეთ, ან სხვა რამე-თქო, მაგრამ მოიცადე ჯერ ისტორია უნდა შევავსოთო. ბავშვს მოვკიდეთ ხელი, მაგრამ ერთი არ უთქვამს მოიცადე და აქ გავუკეთებ პირველად დახმარებასო-არა!
პირდაპირ გამოვიტაცეთ ბავშვი და წამოვედით. საავადმყოფოსთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ბავშვმა გონება დაკარგა, გული ჰქონდა გაჩერებული“,- აღნიშნა გარდაცვლილი ბავშვის ბებიამ ჟურნალისტებთან საუბარში.
„ჩუტყვავილა ჰქონდა და დამძიმდა, როგორც ყოველთვის, „გორმედში“ გულგრილად მიიღეს და თბილისში წავედით, მაგრამ ვერ ჩავუსწარით – დედას ჩააკვდა ხელებში“, – ამბობს გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის ახლობელი.
“გული გაუჩერდა, დედას ჩააკვდა ხელებში” | გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის ბებია
“ექიმს ვუთხარი, ჩქარა, ცუდადაა, მოიცა ჯერ ისტორია უნდა შევავსოთო… გონება დაკარგა ბავშვმა, გული გაუჩერდა, დედას ჩააკვდა ხელებში” | გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის ბებია
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Thursday, 18 May 2023
ცნობისათვის, მცირეწლოვნის ოჯახი და ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ პედიატრის არაკვალიფიციურობამ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, რაც, შემდგომ, ლეტალური შედეგით დასრულდა.
გარდაცვლილი ბავშვის ახლობლების თქმით, 4 წლის ბავშვს ექიმის მხრიდან არასწორი მართვის გამო, სეფსისი განუვითარდა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.
რაც შეეხება კლინიკას, „გორმედის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვი მშობლებმა ამბულატორიულად მიიყვანეს კონსულტაციაზე, თუმცა, შემდგომ სტაციონარულ მკურნალობაზე უარი განაცხადეს და თვითნებურად წაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებიდან.