LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: ხატია შამუგია „ტვ პირველის“ დილის გადაცემას წაიყვანს: „პირველი ერთი თვის ტანსაცმელი წინასწარ მაქვს მომზადებული…“

751
ხატია-შამუგია

ცნობილი რადიო თუ ტელეწამყვანი, პიარის სპეციალისტი ხატია შამუგია „ტვ პირველის“ შაბათ-კვირის დილის ეთერს მსახიობ ბაჩო ქაჯაიასთან ერთად გაუძღვება. პირველი ეთერი 17 სექტემბერს შედგება.

წესით, საკუთარი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის გათვალისწინებით, ხატია ნაკლებად უნდა ღელავდეს, თუმცა fortuna.ge-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში გაუმხილა, რომ აფორიაქებულია.

ცნობილ სახესთან ინტერვიუ შვილის ამერიკული ცხოვრების შესახებ დავიწყეთ, შევეხეთ თურქეთში დასვენებასაც და ბოლოს, რასაკვირველია, სიახლით დავასრულეთ.

ხატია, ზაფხულში აშშ-ში შვილის მოსანახულებლად ჩახვედი. ნიკუშა იქ ცხოვრობს და სწავლობს… მოგვიყევი ამერიკული ამბები. 

აშშ-ში მესამედ ვიყავი, მაგრამ უფრო შინაურულად, რადგან იქ დამხვდნენ ჩემი შვილი და ჩემი შვილის ბებია. დიდხანს ვიყავი, თითქმის ერთი თვე. მეტი დრო მქონდა ბევრნაირი ამერიკა მენახა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამერიკისთვის ყველაზე სწორი ზედმეტსახელია „შესაძლებლობების ქვეყანა“. ძალიან მომეწონა კიდევ ერთხელ და მიხარია, რომ ნიკამ იქ გადაწყვიტა  განათლების მიღება. ნიკა ახლა სწავლობს პრე საუნივერსიტეტო კოლეჯში, რომელიც ტრიუმენის სახელობისაა. პროფესია არჩეული აქვს უკვე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პირველი კურსი უკვე დამთავრებული აქვს. ეს საუკეთესო ფაკულტეტია, მაშინვე ვუთხარი, რომ აქ სწავლა ფუფუნება იყო და დიდი გამოცდილება მიიღო. როცა აშშ-ში გადაწყვიტა სასწავლებლად წასვლა, აირჩია კრიმინალური ფსიქოლოგია სამართლის განხრით. ძალიან აინტერესებს. არასდროს ჩავრეულვარ ნიკას არც პროფესიის, არც სპორტის სახელობის არჩევაში. ყოველთვის მის არჩევანს ვეთანხმებოდი და იქ შემყავდა, სადაც მთხოვდა.

შოუბიზნესისგან ძალიან განყენებული პროფესია აურჩევია… 

ძალიან მოსწონს ეს სფერო, მაგრამ თავად შორსაა მისგან. შარშან ბათუმში ყოფნისას, 19 წლის ასაკში მოისმინა პირველად „ქუჩის ბიჭების“ სრული რეპერტუარი და მითხრა, რა კარგი სიმღერები ჰქონია მამას და „ქუჩის ბიჭებსო“.

როცა ჩახვედი, შეცვლილი დაგხვდა?

ექვსი თვე არ მყავდა ნანახი, ასე რომ დიდი დრო არ იყო გასული, თუმცა დამოუკიდებლობა სხვანაირად ზრდის ადამიანს. რადგან მე და გურამი გაცილებულები ვიყავით და ნიკუშა მაინც კაცის გარეშე იზრდებოდა, როგორც იტყვიან ხოლმე, ვცდილობდი, რომ მისთვის მეგრძნობინებინა, კაცია და თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები. არ გაუჭირდა აშშ-ში ცხოვრება. უფრო მარტივია მისთვის იმიტომაც, რომ მამა, ბებია, სხვა ნათესავები იქ არიან. ჩიკაგო ისეთი მაგარი ქალაქია, რომ შეუძლებელია, არ მოგწონოს.

არ გაგიჭირდა მის გარეშე ყოფნა?

ძალიან, მაგრამ პრაგმატულად ვუყურებ მის გადაწყვეტილებას. ახლა სწავლობს, განათლებას იღებს. ასე ვუდგები, რომ სასწავლებლად არის წასული. შორეულ მომავალზე ჯერ არ ვფიქრობ. პირიქით, მიხარია და ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ყველა მშობლის ოცნების ახდენის საშუალება მოგვეცა. ყველას სურს ალბათ, რომ მისმა შვილმა ამერიკული განათლება მიიღოს და იქაურ ცხოვრებას ეზიაროს. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამომავლოდ, იქ დარჩება, ჩამოვა თუ ევროპაში წავა. ნიკას თავიდანვე ვუთხარით, რომ ჩვენთვის მთავარია, მას უმაღლესი განათლების მიღების საშუალება მიგვეცა და შემდეგ ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ჩემთვის სწავლა ძალიან პრიორიტეტული იყო და ნიკაც აგვყვა, მგონი (იღიმის).

მეგობრებთან ერთად ტრადიცია გაქვს, რომ ყოველ წელს თურქეთში მიდიხართ დასასვენებლად… წელსაც ასე იყო…

კორონაპანდემიამ ეს ტრადიცია ცოტა ხნით დაგვავიწყა, დავდიოდით შავიზღვისპირეთში, მაგრამ თურქეთში, რომელიც ძალიან გვიყვარს განსატვირთად და კარგად დასასვენებლად, ორი წელი ვერ მოვახერხეთ გამგზავრება. წელს ისეთი შეგრძნება და ემოცია მქონდა, 22 წლის წინ პირველად რომ მივემგზავრებოდი, გაოცებული ვიყავი. მივხვდი, რომ ადამიანები ვეჩვევით ფუფუნებას, მერე კი გვიუბრალოვდება. ახლა დავაფასე ყველაფერი, რაც პანდემიამდე გვქონდა. პანდემია ნამდვილად ძალიან ცუდი იყო და დიდი ტკივილი მოუტანა მსოფლიოს დანაკარგის სახით, მაგრამ თუკი რაიმე დადებითად შეიძლება მოიხსენიო, არის ის, რომ ბევრი რამ გადავაფასე და ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე…

ახლახან სოციალურ ქსელში გამოჩნდა ანონსი, საიდანაც შევიტყვეთ, რომ „ტვ პირველის“ შაბათ-კვირის დილის ეთერს ბაჩო ქაჯაიასთან ერთად გაუძღვები. ეს შენი რიგით მერამდენე სამსახურია?

(იცინის) ეს შეთავაზება იყო ძალიან დიდი გამოწვევა, პასუხისმგებლობა და დაფასება. როცა ვიღაცას შენს თავს სთავაზობ, სხვაა და როცა თავად გიკავშირდება პროდიუსერი, პრესტიჟულია. ერთ მშვენიერ დღეს დამირეკა თეა ცეცხლაძემ და შემომთავაზა დილის წამყვანობა. როგორც კი გავიგე, რომ ეს იყო შაბათ-კვირის და არა ყოველდღიური დილის გადაცემა, გარდა ამისა, ფორმატიც ყვითელი და ძალიან გასართობი უნდა ყოფილიყო, რაც დილას ძალიან სჭირდება, მით უმეტეს, ასეთ დამძიმებულ ქვეყანაში, მაშინვე დავთანხმდი. ჩემი ერთი სამსახური „შეეწირა“ ამ ამბავს – რადიო „იმედში“ ამიერიდან აღარ ვარ. დღეს დავემშვიდობე და გამახსენდა რადიო „ფორტუნასთან“ ჩემი დამშვიდობება, ასეთივე ემოციური და ძალიან დიდ მეგობრებად რომ დავრჩით – „იმედშიც“ ზუსტად იგივეა, განსხვავებით ჩემი წინა სამსახურისგან, „იმედში“ ძალიან ღირსეული გაცილება მომიწყვეს, ისევე, როგორც წლების წინ „ფორტუნაში“.

ახლა მოგიყვებით ყველაფერს, რადგან პროდიუსერისგან დასტური მაქვს, გაგიმხილოთ – მე და ბაჩო ქაჯაია სტუდიის წამყვანები ვიქნებით. მაკო კვიტაიშვილი წაიყვანს რუბრიკას, სადაც ნახავთ და მოისმენთ საინტერესო რჩევებს დედებისა და შვილების შესახებ; მუსიკალურ ნაწილში შემოგვემატა მარიამ როინიშვილი, ეს ხომ ანონსში არ გინახავთ? ჩვენთან სიმღერების ტელეპრემიერები გაიმართება; ასტროლოგიის რუბრიკას გაუძღვება მიხეილ ცაგარელი; ბიუთი ბლოგერი თაკო საზინა სილამაზის მიმართულებით გაგვაცნობს ინფორმაციას; გვექნება ექიმის რჩევები შოთა ჯანჯღავასგან; ულამაზესი ნუკა ჭიჭინაძე ამინდის პროგნოზს გაგვაცნობს – შაბათ-კვირა ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ განტვირთვის დღეებია, პასუხისმგებლობაა, რომ ამ დღეებში საზოგადოებას კარგი განწყობა შეუქმნა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში გამოუცდელი არ ვარ, ნერვიულობა ეთერებში არ მახასიათებს და არ მეგულება ტელევიზია, რომლის ეთერშიც არ ვყოფილვარ, უნდა გაგიმხილოთ, რომ ძალიან ვღელავ. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი გვგულშემატკივრობს, აქამდე „ტვ პირველს“ არ ჰქონია უქმეების დილის ეთერი, ვარ სასიამოვნოდ აფორიაქებული. ამ შაბათსა და კვირას უკვე ეთერში გავდივართ. პირველი ერთი თვის ტანსაცმელი წინასწარ მაქვს მომზადებული (იღიმის).

რაც მთავარია, გონება და ენაც მომართულია… 

(იცინის) მე მგონი, ეს ყველაფერიც მაქვს. ამ სფეროში დიდი სამეგობრო მყავს. მანერვიულებს ის, რომ პროფესიონალებმა უნდა შემაფასონ, თუმცა ვფიქრობ, იმედებს გაგიმართლებთ…

ხატია შამუგია: “ჩემი ცხოვრების აზრი და ჩემი სიყვარული 20 წლის გახდა, რა ბედნიერებაა, რომ ერთად აღვნიშნავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, მიყვარხარ დე და მეამაყები”

ხატია შამუგია: „ერთ პატარა მესიჯს შეეწირა ჩვენი ოჯახი…“

ხატია შამუგია: „საკუთარ სახლზე ოცნება დედის გარდაცვალების შემდეგ ავისრულე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები