LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკი არახამიას პასუხობს: კატეგორიულად გამოვრიცხავთ, რომ სანქცირებულმა პირმა ფინანსური ოპერაცია განახორციელოს

81
ipiccy_image

ქვეყნის ცენტრალური ბანკი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს – ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკი ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას იცავს, რაც ქართულ საბანკო სექტორში რაიმე ტიპის სანქცირებული ოპერაციის განხორციელებას გამორიცხავს.

„საქართველოს საფინანსო სექტორი გლობალური საფინანსო სისტემის ნაწილია და ბუნებრივია, საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს.

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის რეგულირებისას ყოველთვის საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული მოთხოვნებით ხელმძღვანელობს. შეგახსენებთ, რომ სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს ომის დაწყების მეორე დღესვე მისცა და ამასთან, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, იცავს ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას, რაც ქართულ საბანკო სექტორში რაიმე ტიპის სანქცირებული ოპერაციის განხორციელებას გამორიცხავს.

ეროვნული ბანკის სწრაფ, ადეკვატურ და ეფექტიან მოქმედებებს არაერთხელ გამოეხმაურა როგორც დიპლომატიური კორპუსი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ “საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფი და ადეკვატური ქმედებებით ეფექტიანად წარიმართა საფინანსო სექტორის მიერ სანქციების დაცვის პროცესი”.

ამავე დროს, ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რის შედეგადაც ბანკებს მუდმივად მიეწოდებათ განახლებული მონაცემები სანქცირებული პირების და ორგანიზაციების შესახებ. სანქციების თავიდან არიდებაში დახმარება არც ქართული ბანკების ინტერესში არ არის, ხოლო მათ საქმიანობას კი მუდმივად ზედამხედველობს ეროვნული ბანკი. ეს მიდგომები ცნობილია და სამაგალითოდაა შეფასებული ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მიერ“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

შეგახსენებთ, უკრაინის პარტია “ხალხის მსახურის” ლიდერის, დავით არახამიას განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები დასავლურ სანქციებს გვერდს უვლიან და ამისთვის ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ. ინფორმაციას “დოიჩე ველე” ავრცელებს. გამოცემის ცნობით ამის შესახებ არახამიამ ვაშინგტონში, “მარშალის ფონდის” ღონისძიებაზე განაცხადა. არახამიას მტკიცებით, რუსები „ქართულ ბანკებს, ფინანსურ სისტემას, ქართულ კომპანიებს და ა.შ.“ დასავლეთის სანქციების რეჟიმის თავიდან ასაცილებლად იყენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g