LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ლარის სჯერა – ლარს გამყარების ტენდენცია ექნება

131
gvenetadzere

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, სავაჭრო ბალანსის წინასწარი მონაცემები უმჯობესდება, რაც ნიშნავს, რომ ამან პოზიტიურად უნდა იმოქმედოს გაცვლითი კურსის მომავალ დინამიკაზე.

კობა გვენეტაძის განმარტებით, როდესაც მეორე კვარტლის საგადამხდელო ბალანსი დაიდება და სხვადასხვა ეკონომიკური ინდიკატორი გაუმჯობესებას აჩვენებს, ლარის კურსს გამყარების ტენდენცია ექნება. გვენეტაძის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციების ბერკეტს გამოიყენებს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ლარის კურსის გაუფასურების კვალდაკვალ, მცირდება იმპორტზე მოთხოვნა. ამის შედეგად სავაჭრო ბალანსი უფრო მეტად უმჯობესდება, ვიდრე ეს მანამდე იყო პროგნოზირებული. გარკვეულწილად ეს აბალანსებს ტურიზმის შემოსავლებში იმ დანაკლისს, რომელიც ქვეყანას ექნება. ზოგადად, გაცვლით კურსზე გავლენას ჯამურად სავაჭრო ბალანსი ახდენს და არა მისი ერთი რომელიმე კომპონენტი. რადგანაც ვიცით, რომ ჯამურად სავაჭრო ბალანსის წინასწარი მონაცემები უმჯობესდება, ეს ნიშნავს, რომ ამან პოზიტიურად უნდა იმოქმედოს გაცვლითი კურსის მომავალ დინამიკაზე. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით სავალუტო ბაზარს. როდესაც დავინახავთ, რომ ჩვენს ინტერვენციას ექნება პოზიტიური გავლენა კურსის მოკლე და საშუალოვადიან დინამიკაზე, ინტერვენციების ინსტრუმენტს შესაბამისად გამოვიყენებთ“, – განმარტავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები