საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) იგივე ნიშნულზე დატოვა. გადაწყვეტილება დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.50 პროცენტს შეადგენს.
„საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს და მიმდინარე წლის მაისში წლიური ინფლაცია 1.5 პროცენტამდე (აპრილში – 2.7), ხოლო საბაზო – 3.9 პროცენტამდე (აპრილში – 4.7) შემცირდა. ინფლაციის შემცირებას, მეტწილად, ეგზოგენური შოკების ეტაპობრივი მილევის შედეგად, იმპორტული პროდუქტების ფასების შემცირება განაპირობებს. აღნიშნულ ტენდენციას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც უწყობს ხელს და, შესაბამისად, იკლებს ადგილობრივი ინფლაციაც და ინფლაციური მოლოდინებიც. თუმცა ადგილობრივი ინფლაციის კლება შედარებით მცირე ბიჯებით ხდება და მისი დონე ჯერ კიდევ მაღალია – მაისში 9.1 პროცენტი. სხვა თანაბარ პირობებში, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია მომდევნო თვეებში მიზნობრივი დონის ქვემოთ შენარჩუნდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტიანი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება. მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მოკლე ვადით მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ფასების სტაბილურობის წინაპირობაა.
მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია. ამ ეტაპზე, ხელფასი-ფასის სპირალის განვითარების ცალსახა ნიშნები აღარ შეიმჩნევა. მიუხედავად პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯის წინა კვარტალთან შედარებით მცირე კლებისა, ის მაინც მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც საშუალო ხელფასების პროდუქტიულობაზე უფრო სწრაფად ზრდის ასახვაა და შრომის ბაზრის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას კვლავ საყურადღებო ფაქტორად ტოვებს. გარდა ამისა, მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა გაურკვევლობის მთავარ წყაროდ რჩება. ამავდროულად, ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალია და 2023 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.7 პროცენტია, რაც მოთხოვნის მხრიდან წარმოქმნილ პოტენციურ ინფლაციურ ზეწოლას საყურადღებოს ხდის.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომაზე, ინფლაციური ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო, რაც პოლიტიკის განაკვეთის მხოლოდ ზომიერი ბიჯებით შემცირებას გულისხმობს. წინა სხდომაზე პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით შემცირდა. შესაბამისად, ზემოთ აღწერილი რისკების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შენარჩუნდა.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს“, – აღნიშნულის სებ-ის განცხადებაში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2 აგვისტოს გაიმართება.