იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც ჩამოწოლილმა მეწყერმა სახლები მოიყოლა, ამ დრომდე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ბაღდათში მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა – ადგილზე ნაპოვნია 3 ცხედარი, ეძებენ 6 ადამიანს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაშველები ამ დრომდე 6 ადამიანს ეძებენ.
„ორი სახლი მიწასთან არის გასწორებული, ერთ სახლში არის 4 ადამიანი – მამა და სამი მცირეწლოვანი შვილი, მეორე სახლში კი არის სამი ადამიანი, ერთი, ჩემი მაზლი ამოიყვანეს და საავადმყოფოში წაიყვანეს, ჩემი მაზლის შვილი, რძალი და დედამთილი კი ამ სახლში არიან“, – ამბობს „მთავარ არხთან“ ადგილობრივი მაცხოვრებელი.
ცნობისათვის, სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილმა მეწყერმა 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.