LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი გაღუნული მავთული გვაქვს, რომელზეც ჩვენი ენერგოსისტემაა ჩამოკიდებული – თუ ჰესები არ აშენდა, იძულებული გავხდებით, ავაშენოთ ატომური ელექტროსადგური: გია არაბიძე

502
გია33

ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით პროტესტი არ წყდება. მაშინ როდესაც ჰესების მშენებლობას მოსახლეობის დიდი ნაწილი აპროტესტებს, როგორია ჩვენი ქვეყნის ენერგოპოლიტიკა და ენერგოსტრატეგია. საით მივდივართ და რა ძირითადი გათვლებია. როგორ ვიქნებით ხვალ ჰესების გარეშე. რა არის ძირითადი დასაყრდენი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ენერგოუსაფრთხოებაზე, ენერგოდამოუკიდებლობაზე.

ენერგეტიკოსი გია არაბიძე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალზე საუბრობს.

„მოდით, ნუ ვიტყვით გადაჭრით, რომ ქვეყანაში არის ჰესების წინააღმდეგ მიმართული აქციები. ეს ნამახვაჰესის პროექტის წინააღმდეგ მიმართული აქციებია. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ჰესების მიმართაა ეს ყველაფერი მიმართული, მაშინ აღარც პროექტი გვინდა და საერთოდ არ ღირს საუბარი. მინდა და ასე მგონია, რომ ეს აქციები მიმართულია ერთი სადგურის პროექტის მიმართ და არა ჰესების მიმართ.

საქართველოს სტრატეგია – გახლავთ, მაქსიმალურად იქნეს ათვისებული საქართველოს ჰიდროენერგეტიკული რესურსები, რაც ღვთის წყალობით გაგვაჩნია. ძალიან ტრაფარეტულად გამომივა, რომ დავიწყო, რა ხდება ნორვეგიაში, იტალიაში და ა.შ. მათ დაახლოებით 95 % აქვთ თავიანთი რესურსების ათვისებული, ჩვენ კი 20 % -მდე ვერ მივაღწიეთ. ჩვენი სტრატეგიული გეგმა გახლავთ, ჩვენი ჰიდროენერგიების ათვისება“.- ამბობს გია არაბიძე „კვირის თემასთან“.

მისი თქმით, ჰიდრორესურსების ათვისების პარალელურად  განახლებადი ენერგიის წყაროების შემოყვანა ექსპლუატაციაში და მათი ათვისება აუცილებელია.

 

ნამახვანჰესის მიერ გამომუშავებულ ენერგიას ჯიბეში ვერავინ ჩაიდებს და ვერ გაიტანს სახელმწიფოდან: ენერგეტიკოსი

 

„იყო  საუბარი 2025 წლისთვის 1300 მეგავატის (ახლა ალბათ შეიცვლება რაღაცები) მზისა და ქარის ენერგიის მიღებაზე. მაგრამ ეს მოხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვექნებოდა  ხუდონი, ნესკრა, ნამახვანი და ა.შ. განახლებადი ენერგიები ქარი და მზე შეუძლებელია შემოიყვანო ექსპლუატაციაში, სარეზერვო სიმძლავრეების გარეშე.

სარეზერვო სიმძლავრე საქართველოს აქვს მხოლოდ ჰიდროენერგეტიკული რესურსების საშუალებით და თანაც წყალსაცავიანი რეზერვის საშუალებით. რაც სამწუხაროდ საქართველოში ძალიან მწირეა. რეალურად ენგური გამოგვიჩნდა მარეგულირებლად. ზამთრის პერიოდში, როდესაც გვჭირდება ენერგია, აფხაზეთმა წაიღო. ხრამები უკვე მუშაობენ ისე, რომ ძლივს აბალანსებენ სიტუაციას, ჟინვალი მთლიანად გადასულია თბილისის წყლის მომარაგებაზე.  წყალსაცავიანი ჰესი არ დაგვრჩა, რომ როდესაც ქარი აღარაა და მზე არაა, რაღაცამ გვიშველოს. თუ ის პარალელურად არ განვითარდა, შეუძლებელია, ვალდებულება შევასრულოთ. ამიტომ ქვეყნის სტრატეგიაა, რომ ჰესებთან ერთად განახლებადი ენერგიების შემოყვანა აუცილებელია, იმისთვის, რომ პრობლემა არ შეექმნას ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას.

პრობლემა კიდევ ერთია, ტექნიკური მხარე…  ჩვენ რომ ევროპის ქვეყანა ვიყოთ და საერთო უზარმაზარ ქსელში ვიყოთ ჩართული, პრობლემა არ იქნებოდა. საქართველოს სისტემას მხოლოდ ერთ ქვეყანასთან შეუძლია, პარალელურ რეჟიმში მუშაობა. როდესაც ჩვენ 20 მეგავატიანი სადგური შემოვიყვანეთ გორში, მთელი რიგი პრობლემების მოგვარება დაგვჭირდა, რომ მისი სიმძლავრეები დაგვებალანსებინა.  ჩვენ რომ ვიყოთ გლობალურ ქსელში ჩართული, პრობლემა არ იქნება.

ერთი გაღუნული მავთული გვაქვს, რომელზეც ჩვენი ენერგოსისტემაა ჩამოკიდებული.

ამიტომაა სხვა საშუალებები აუცილებელი, რომ უსაფრთოების თვალსაზრისით ნებისმირ წუთს, რამდენიმე წამში შემოვიყვანოთ ექსპლუატაციაში მზე იქნება, თუ ქარი“. – ამბობს ენერგეტიკოსი ნინი ხუგაშვილის გადაცემაში.

 

როგორი ენერგომომავალი შეიძლება გვონდეს

 

„თუ ნესკრადან დაწყებული, რა სადგურებიც ჩამოვთვალე, არ აშენდა და არ შევიდა ექსპლუატაციაში, ქვეყნის ენერგეტიკული განვითარების გზას ვერ ვხედავ. მაშინ იძულებული გავხდებით, ავაშენოთ ატომური ელექტროსადგური, რომელიც სხვათა შორის გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე ჰიდროელექტროსადგური, მაგრამ მისი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ის პრობლემებს ვერ მოგვიგვარებს. ამიტომ მომავალს ვხედავ მხოლოდ ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სადაც გვინდა, რაც გვინდა და როგორიც გვინდა, ისეთი სადგური ავაშენოთ.

უნდა აშენდეს მხოლოდ ისეთი სადგური, რომელიც ენერგეტიკულად საჭიროა, ეკონომიკურად გამართლებულია და ეკოლოგიურად მისაღებია. აუცილებელია ძალიან სერიოზული კონტროლი გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, როგორც პროექტირების დროს, ასევე მშენებლობისა და ექსპლუატაციის პერიოდში. ყველაფერი კომპლექტში მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველო გამოვიდეს იმ სიტუაციიდან, რომ  ბეწვის ხიდზე არ ეკიდოს მისი ელექტროუსაფრთხოება“. – ამბობს გია არაბიძე „ფორტუნასთან“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები