LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი ტელეწამყვანის გამო მთელი საქართველო დაზარალდება – ევგენი პრიმაკოვი

1424
1197316

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეების კომიტეტის წევრი, ფრაქცია “ედინაია რასიას” წევრი და ტელეჟურნალისტი ევგენი პრიმაკოვი მიიჩნევს, რომ ქართველი წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობი უნდა გაიყინოს.

„საქართველოს ტელევიზია პერსონაჟ გაბუნიას სახით იმდენად „დაეშვა ფსკერზე“, რომ ძალიან ძნელი იქნება კიდევ რაიმე გაგვიკვირდეს. დიახ, საქართველოს პრეზიდენტმა დაგმო პერსონაჟი გაბუნია. მაგრამ ბოდიში არ გაგვიგია. როგორც ჩანს, პირდაპირი რეისების გაუქმებიდან დღემდე პაუზა გაიწელა. იქნება გაგრძელება“, – დაწერა პრიმაკოვმა თავის „ტელეგრამ-არხში“.

სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ერთი ტელეწამყვანის გამო მთელი საქართველო დაზარალდება.

„მაგრამ სწორედ ასე იქნება. თან შემდგომში კიდევ უფრო უემოციოდ, ავტომოპასუხის რეჟიმში. სიბინძურე – სანქცია, კიდევ სიბინძურე – კიდევ სანქცია. ჭურჭლის მტვრევისა და ყვირილის გარეშე, სანამ არ გამომუშავდება სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებისათვის სასარგებლო პირობითი რეფლექსები“, – დაწერა პარლამენტარმა.

„რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემაში ვლადიმერ პუტინს გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსულ ენაზე აგინა. გადაცემის დასრულების შემდგომ, სპეციალური გამოშვებით გავიდა ეთერში „კვირის აქცენტები“, სადაც წამყვანებმა ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო ბოდიში მოიხადეს. მოგვიანებით, „რუსთავი 2“-ის შენობასთან აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ დაწყებულიყო გამოძიება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე, ასევე, ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას დაეტოვებინა არხი.

მოგვიანებით, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ არხი მაუწყებლობას წყვეტს, რადგან იმ ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც აღნიშნულ აქციაზე მუშაობდნენ, არ იყო დაცული. „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა უკვე განაახლა.

 

ცნობისათვის, ევგენი პრიმაკოვი უმცროსი ცნობილი საბჭოთა და რუსი პოლიტიკოსის, რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და სხვადასხვა მაღალ თანამდობებაზე ნამუშევარი ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილია, რომელმაც სკოლა თბილისში დაამთავრა და საქართველოში ძალიან ხშირად ჩამოდიოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები